ეკონომიკა

რატომ გაძვირდა ბანანი

9 მარტი, 2015 •
რატომ გაძვირდა ბანანი

 საკოლმეურნეო ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ მარტის დასაწყისში 1 კილოგრამი ბანანის ფასი 3,2-3,5 ლარი იყო. ხილ-ბოსტნეულის დახლებზე მოვაჭრეებს ერთი ცალი ბანანი 1,0- 1,2 ლარად გამოაქვთ.


რატომ გაძვირდა ბანანი? 


“ნეტგაზეთის” მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბანანის საბითუმო ბაზარს ოთხი მსხვილი მოთამაშე ინაწილებს. იმპორტიორ კომპანიებს, „ვიტამინს“, „ფორას“, „ეკრანი ლილოს“ და “პატარა მზეს” ბანანი ეკვადორიდან შემოაქვთ. პროდუქცია ფოთის პორტში იტვირთება, საწყობდება, რის შემდეგაც საბითუმო ბაზარი მარაგდება, შემდეგ კი საცალოზე გადის. 


კომპანია „ვიტამინის“ გაყიდვების მენეჯერი იოსებ ოდიაშვილი “ნეტაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ბანანის საბითუმო, შემდეგ კი საცალო ბაზარზე გაძვირებას რამდენიმე მიზეზი აქვს: 


„პირველი მიზეზია ის, რომ ეკვადორიდან მომწოდებელმა გაგვიძვირა პროდუქცია. ფასზე გარკვეულწილად იმოქმედა ლარის კურსის რყევამაც. თუმცა მთავარი მიზეზია ის, რომ საბითუმო ბაზარზე დეფიციტი შეიქმნა, რადგან გემების საზღვაო მომოსვლის არევის გამო შემოვიდა იმაზე ცოტა პროდუქტი, ვიდრე ბაზარზე არსებული მოთხოვნა იყო რეალურად.“

 

კომპანია “ვიტამინის” გაყიდვების მენეჯერი ამბობს, რომ დღეს ბაზარზე ერთი ყუთი ბანანი (18-19 კგ) 90 ლარად გამოაქვს: “ეს არის რეალური ფასი, რაც დღეს ბაზარზეა. როცა დეფიციტი დასრულდება, ფასი დაიწევს.”


კომპანია „ეკრანი ლილოს“  დირექტორი ალი ალიევი მიიჩნევს, რომ საცალო ბაზარზე ბანანზე დაფიქსირებული ფასი სპეკულაციურია და სადისტრიბუციო და საცალო ბაზრის მოთამაშეებმა დეფიციტით ისარგებლეს:

 

ძალიან მაღალი ფასია 1 კილოგრამ ბანანზე – 4,80, 5 ლარი და 6 ლარი. მე პირადად პროდუქცია 10 დღე არ მქონდა. გემმა პორტში შემოსვლა დაიგვიანა. 23 თებერვალს უნდა მიმეღო პროდუქცია და ორი დღის წინ ჩამოვტვირთე.”


ალი ალიევი ამბობს, რომ  მიღებულ პროდუქციის ბაზარზე გამოტანის შემდეგ ბანანზე ფასი შემცირდება:”ერთი კვირის წინ უფრო მაღალი იყო ბანანის საბითუმო ფასი. მალე ერთი ყუთის ფასი (18-19 კგ) 57-58 ლარი იქნება.”


ალი ალიევი ამბობს, რომ ბანანის ფასი ეკვადორში ბიზნესპარტნიორმაც გაუძვირა: ” ერთ ყუთზე ფასი 2,5-3 აშშ დოლარით გაგვიძვირა. ფასზე იმოქმედა ლარის გაუფასურებამაც. რა მონაცემიც მაქვს, კვრის ბოლოს ფასი დაიწევს. ადგილობრივ ბაზარზე იყო დეფიციტი და სპეკულაციური ფასიც.“


კომპანია „პატარა მზეს“ კონსულტანტი კონსტანტინე სადრაძე ამბობს, რომ ბანანის გაძვირება ბაზარზე შექმნილმა დეფიციტმა განაპირობა: “ბაზარზე შეიქმნა პროდუქციის ნაკლებობა. თუ ჩვენ ფასს დავწევთ, პროდუქცია სწრაფად გაიყიდება და ფასი უფრო მეტად აიწევს. იძულებული  ვართ ბაზრის კონიუნქტურას მივყვეთ. თვეში ვყიდით 800-900 ყუთს. დღეს ბაზარზე ერთი ყუთი 65-70 ლარად გამოგვაქვს. 13 მარტიდან რეგულარულად შემოვა ბანანი ბაზარზე. ეკვადორიდან ტრანსპორტირებას 45 დღე უნდა, მალე ახალ პარტიას მივიღებთ.” 

 

კომპანია “ფორაში”, რომელიც ბანანის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია, პროდუქტის გაძვირების მიზეზებზე საუბარი არ სურთ.


ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის 9 თვეში ბანანის იმპორტმა საქართველოში 14.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ძირითადი იმპორტი განხორციელდა ეკვადორიდან (98%). საქსტატის მონაცემებით, 2013 წელს საქართველოში 18,3 მლნ ბანანის იმპორტი განხორციელდა.

 

საქსტატის მონაცემებით, ეკვადორის შემდეგ საქართველოსთვის ბანანის იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში მეორე ადგილზე თურქეთია, შემდეგ იმპორტის მხრივ კი კოსტარიკა და პანამა მოდიან.



 

 




 

მასალების გადაბეჭდვის წესი