ნეტგაზეთი | სურსათის გაძვირების ახალი ტალღა სურსათის გაძვირების ახალი ტალღა – Netgazeti
RU | GE  

სურსათის გაძვირების ახალი ტალღა

აშშ დოლართან ლარის გამყარების ტენდენციის  მიუხედავად მარკეტებში სურსათი მაინც გაძვირდა. ეროვნული ბანკის კურსით ლარი აშშ დოლართან 2.1078 ნიშნულზეა. სხვადასხვა პროდუქციის ფასი მარკეტებში 10% -დან 30 %-მდე გაიზარდა.

ფასების ზრდის ტენდენცია საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მონაცემბშიც ფიქსირდება. თებერვალში ინფლაციის დონემ 0.1% შეადგინა. ხოლო წინა წელთან შედარებით- 1.3%.

 

“ნეტგაზეთმა” რამდენიმე სურსათის მაღაზია გამოკითხა, რათა გაერკვია, როგორი იყო ფასები თებერვალში და რამდენი პროცენტით გაძვირდა პროდუქტები მარტის პირველ კვირაში.

 

აღმაშენებლის გამზირზე მოქმედ ერთ-ერთ მაღაზიაში ზეთი “ავედოვი“  4 მარტის მონაცემებით 3.8 ლარი ღირს. მარკეტის მფლობელი ამბობს, რომ თებერვალში ამ  ბრენდის ზეთი 2.5 ღირდა. ფასი ზეთზე თითქმის 8%-ით გაიზარდა. შედარებით იაფი ღირს იმავე დასახელების ზეთი კიდევ ერთ მცირე სასურსათო მაღაზიაში, სადაც “ავედოვის” ყიდვა 3.7 ლარად არის შესაძლებელი.

 

მარკეტებში ფასი ადგილობრივ პროდუქციაზეც გაიზარდა. კომპანია “აგარას” მიერ წარმოებული 1 კგ შაქარი თებერვალში 1.45 ლარი ღირდა, 1 მარტიდან პროდუქტის  ფასი 1.6 ლარია. აგარის შაქარი 10,4%-ით გაძვირდა.

 

თუ კომპანია “მარნეულის” კიტრის მწნილის ერთკილოგრამიანი ქილა თებერვალში 4 ლარი ღირდა, დღეს ამ პროდუქტის ფასი 5,3 ლარია. კირტრის მწნილი 1,3 ლარით – 32% -ით გაძვირდა.

 

ფასი გაზრდილია “კოკა-კოლაზეც”. 2-ლიტრიანი კოკა-კოლას ფასი 4 მარტის მონაცემებით 2,7 ლარია. თებერვალში კი 2,4 ლარი ღირდა. “კოკა-კოლას” ფასნამატი 12,5%-ია.  

მარკეტებში 1 მარტიდან  გაძვირდა ალკოჰოლური სასმელებიც. 500 მლ “ნემიროვის” ბრენდის არაყი გასულ თვეში 11 ლარი ღირდა,  დღეს კი ამ პროდუქტის  ფასი 14 ლარია. “ნემიროვი” 27,7%-ით გაძვირდა. რამდენიმე მარკეტში ამ პროდუქტის ყიდვა 13 ლარად არის შესაძლებელი.

ფასები  გაიზარდა იმპორტირებულ  სარეცხ  საშუალებებზეც. მაგალითად,  “ფეირი” 20 თეთრით გაძვირდა.  ჭურჭლის სარეცხის ფასი თებერვალში 2,6 ლარი იყო, ახლა კი 2,8 ლარია. ფასნამატმა 7,7% შეადგინა.

 

ლარის მკვეთრი დევალვაციის შემდეგ სურსათზე, ხილ-ბოსტნეულზე და მედიკამენტებზე  ფასების ზრდა იანვარშიც დაფიქსირდა.

საქსტატის მონაცემებით, იანვარში ყველაზე მეტად (7,5%-ით) ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა, 4,2%-ით გაიზარდა ხილის და ყურძნის ფასი.


ხილისა და ბოსტნეულის გარდა, იანვარში, წინა წლის დეკემბერთან შედარებით, ფასები  4,5 პროცენტით გაიზარდა ალკოლოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე. საქსტატის მონაცემებით, ეს განპირობებული იყო იმით, რომ აქციზის გაძვირების გამო თამბაქოს ფასი 1 იანვრიდან 7,6%-ით გაიზარდა.

 

ეროვნულმა ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი. 4 მარტის მონაცემებით 100 აშშ დოლარის ყიდვა 212 ლარად არის შესაძლებელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ნატროშვილი, ნინა კოპალეიშვილი