აბრები “ქირავდება” კომერცულ ფართებზე 2015 წლის იანვარ-თეერვალშიც გაჩნდა. მარჯანიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი კომერციული ფართის მფლობელი ამბობს, ცნობილი ბრენდის წარმომადგენელმა ქირის გადახდა ვერ შეძლო, რადგან 2015 წლის იანვარში გაყიდვები შეუმცირდა.
“კომერციულ ფართს უკვე ერთი თვეა ვაქირავებ. მსურველი არ ჩანს. რამდენიმე ადამინი დამიკავშირდა და ფასის დაკლებას მთხოვენ” -ამბობს მარიკა მაჭავარიანი, რომელიც პეკინის ქუჩაზე მცირე კომერციული ფართის მფლობელია.
“თბილისი მაკლერის” წარმომადგენელი ბაჩო ფაცურია “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ კომერციული ფართების გაქირავება შემცირდა და ფასებმაც დაიკლო: “მაგალითად, პეკინის და ჭავჭავაძის ქუჩებზე მაღაზიების 30% ქირავდება. კომერციული ფართები გამოთვისუფლდა ვაჟა-ფშაველას და წერეთლის ქუჩებზე. ამ ქუჩებზე დეფიციტური ფართები იყო და ახლა გასაქირავებელია.”
“წერეთელზე ფართს 1500 დოლარად ვაქირავებდი. ფასი 1200 დოლარამდე დავწიე, ჯერ ვერ ქირავდება” – ამბობს ნატო ონიანი, რომელიც წერეთელზე მცირე მაღაზიას ფლობს. კომერციულო ფართის მფლობელი მიიჩნევს, რომ გაქირავების ბაზრის “გაყინვა” ქვეყანაში უცხოელების ნაკადის წყვეტამ გამოიწვია:
“საკმაოდ დიდი უარყოფითი გავლნა მოახდინა უცხოელების გასვლამ უძრავი ქონების ბაზარზე. ეს ტენდენცია 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო”.
“კომერციული ფართები დღეს რთულად ქირავდება” ამბობს უძრავი ქონების სააგენტო “ახალი სახლის” წარმომადგენელი:
“კომერციული ფართები იცლება. ვეღარ მუშაობენ ბიზნესები. კომერციულ ფართებს ტოვებენ და შეიძლება გასაქირავებელიც დარჩეს. კრიზისული მდგომარეობაა, დოლარი ძვირდება. “
“მაკლერ გე”-ს მფლობელი ხათუნა შურღაია ამბობს, რომ კომერციული ფართების მფლობელები გაქირავებისთვის საკმაოდ მაღალ ფასს ასახელებენ:
“დღეს უძრავი ქონების ბაზარზე ყველა გარიგება ხდება აშშ დოლარში. ფასები კომერციულ ფართზე მაღალია და შენარჩუნებულია. პეკინზე 1 კვადრატულ მეტრის გაქირავების ფასი 20 აშშ დოლარიდან 60 დოლარს აღწევს. რაც შეეხება იმას, რომ ბევრი ფართი გამოთავისუფლდა, ასეთი რამ ხდება, რადგან დამქირავებლები ხშირად ხელშეკრულების პირობებს ვერ ასრულებენ იმის გამო, რომ იჯარა არის ძალიან მაღალი და ხდება ობიექტების დახურვა.”
ხათუნა შურღაია ამბობს, რომ თბილსიში, კონკრეტულ ქუჩებზე კომერციული ფართი დეფიციტურია: “რაც არ იწვევს ამ ობიეტებზე ფასის დავარდნას რადგან კონკრეტულ ქუჩებზე ცოტა ობიექტია. აქედან გამომდინარე მეპატრონებბი ცდილობენ მაღალ ფასში გააქირავონ. აღმაშენებელის გამზირზე 1 კვადრატული მეტრი კომერციული ფართის ფასი 20 დოლარიდან 70 დოლარამდეა.”
უძრავი ქონების სააგენტოები მიიჩნევენ, რომ ლარის კიდევ უფრო გაუფასურების შემთხვევაში, უძრავ ქონებაზე ფასები დაიწევს. მოთხოვნის კიდევ უფრო შემცირების შემთხვევაში შესაძლოა გაქირავების ფასი კომერციულ ფართებზეც შემცირდეს.