ეკონომიკა

იანვარში საქართველოდან ექსპორტი 30%-ით შემცირდა

13 თებერვალი, 2015 • • 1300
იანვარში საქართველოდან ექსპორტი 30%-ით შემცირდა

სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 694 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვრის მაჩვენებელზე 9 პროცენტით ნაკლებია.

 

აქედან, ექსპორტი 156 მლნ. აშშ დოლარი იყო (30 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 538 მლნ. აშშ დოლარი (1 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარში 382 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი
შეადგინა.


საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ექსპორტის შემცირების და უარყოფითი სავაჭრო სალდოს გაზრდის შესახებ განმარტება გააკეთა.


“ექსპორტის გარკვეულ სეგმენტში კლება უმთავრესად  გამოიწვია  მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ რუსეთსა და უკრაინაში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ. ეს გახდა იმის სერიოზული ფაქტორი, რომ ამ ორი ქვეყნის ბაზარზე იანვრის თვეში მკვეთრად შემცირდა  საქართველოდან ღვინის, სპირტიანი სასმელების, მინერალურის წყლებისა და ციტრუსის ექსპორტი” – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  

 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით ქსპორტის კლება ძირითადად გამოწვეულია ღვინის (65%), სპირტიანი სასმელების (87%), მინერალური წყლებისა და ციტრუსის ექსპორტის კლების ხარჯზე. აღნიშნული პროდუქციების კლების მიზეზს რუსეთის და უკრაინის ბაზრებზე მათი ექსპორტის მნიშვნელოვანი შემცირება წარმოადგენს, რისი მიზეზიც  ამ ორ ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარება.

 

2015 წლის იანვარში  სამრეწველო პროდუქციის ექსპორტმა (მანქანების  რეექსპორტის გამოკლებით) 65 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.  ექსპორტის კლება ძირითადად გამოწვეულია აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მნიშვნელოვანი შემცირებით.

 

“მიუხედავად კლებისა, სამრეწველო პროდუქციიდან ზრდა დაფიქსირდა საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან პროდუქციებზე, როგორებიცაა: ოქრო (32% ით მეტი), მამაკაცის ტრიკოტაჟის ნაწარმი (9%), წნელები ნახშირბადიანი ფოლადისგან (42% და 1.1 მლნ. აშშ დოლარით მეტი), და ნედლი ნავთობი (35% და 1.1 მლნ. აშშ დოლარით მეტი).


ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის იანვარში ექსპორტი  ევროკავშირში 21%-ით და 8.5 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა. 100%-ით გაიზარდა თხილის და კაკალის ექსპორტი და 9.4 მლნ.აშშ დოალრი შეადგინა. ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნებში: იტალიაში 6  მლნ. აშშ დოლარით, გერმანიაში 4.4 მლნ. აშშ დოლარით და ესპანეთში $1.1 მლნ. აშშ დოლარით. ევროკავშირის ქვეყნების ხარჯზე 54% -ით გაიზარდა ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი. ასევე ზრდა ფიქსირდება მწვანილის ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში და უკრაინაში რამაც 60% შეადგინა. 169%-იანი ზრდა დაფიქსირდა ასევე თევზის ექსპორტზე.   

მასალების გადაბეჭდვის წესი