ეკონომიკა

საქართველოს მთავრობა EFTA -სთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებებს იწყებს

4 თებერვალი, 2015 •
საქართველოს მთავრობა EFTA -სთან თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებებს იწყებს

“ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA)  ოთხი ქვეყანა – შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი ევროკავშირის წევრები არ არიან. შესაბამისად EFTA -სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შედეგად საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას დამატებით 4 ქვეყნის 12 მილიონიანი ბაზარი გაეხსნება” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძემ. 

 

შეხვედრას, რომელიც დღეს თბილისში, სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” გაიმართა, საქართვლოს ეკონომიკის სამინისტროს და შვეიცარიის, ნორვეგიის, ისლანდიის და ლიხტენშტეინის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

“დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო საქართველოსა და EFTA –ს ქვეყნებს შორის განხილულიყო პირობები თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკების, რომელიც 2015 წლის 1 სექტმბერს გაიმართება. ჩვენ შევთანხმდით, რომ 2015 წლის 1 ივნისს ჩვენ მივიღებთ პირველ შემოთავაზებას და პირველ რაუნდზე უკვე დავიწყებთ განხილვას შემოთავაზებული ტექსტის. მოლაპარაკებები შეიძლება დასრულდეს ერთი წლის განმავლობაში და გავმართოთ მოლაპარაკებების დაახლოებით 4 რაუნდი. პირველი რაუნდი გაიმართება თბილისში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი ქვეყნების წარმომადგენლები, ექსპერტები ” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძემ. 

 

მისი თქმით, საქართველოსა და EFTA -ს შორის იქნება ყოვლისმომცველი შეთანხმება, რომელიც დაფარავს საკითხებს საქონლით ვაჭრობის და სატარიფო ლიბერალიზაციას. ასევე არასატარიფო ბარიერების გადალახვის შესაძლებლობას, მომსახურებით ვაჭრობის და ისეთი ჰორიზონტალური საკითხები, როგორიცაა კონკურენციის პოლიტიკა, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, საბაჟო თანამრომლობა, მდგრადი განვითარება.

 

“დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ძირითადი პირობები, რომელიც უნდა გახდეს შემდეგ შეთანხმების გაფორმების საფუძველი. ასევე ჩვენ შევათანხმეთ ინსტიტუციური ნაწილი.  როცა საქართველოსა და EFTA -ს შორის გაფორმდება შეთანხნება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, აღნიშნული კომიტეტი, რომელიც დღეს ფუნქცონირებს, უკვე შეიცვლება თავისუფალი ვაჭრობის აღმასრულებელი კომიტეტით. ეს არის ახალი შესაძლებლობა საქართველოსთვის და  ბიზნესისთვის. რა თქმა უნდა, მიზანია, რომ გავაფართოოთ საექსპორტო ბაზრები და უფრო მეტი დაშვება ჰქონდეს ქართულ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე. და ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია ნორვეგია, შვეიცარია,  ლიხტენშტეინთან და ისლანდიასთან შეთანხმება, რომლებიც წარმოადგენენ  EFTA -ს წევრ ქვეყნებს” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

 

ნორვეგიის ვაჭრობის და ინდუსტრისს სამინისტროს წარმომადგენლის, ჟან ფაბერგის განცხადებით, საქართველო არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ ქვეყნებისთვის და რეგიონში, როგორც დამაკავშირებელი ჰაბი, ისე განიხილება: 

 

“თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება EFTA -სთან საქართველოს მნიშვნელოვან ბენეფიტებს მოუტანს. გაიზრდება ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტი. სავაჭრო ურთიერთობები განვითარდება. ეს იქნება ორმხრივ ინტერესებზე დაფუძნებული შეთანხმება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში სარგებელი, რაც უნდა მიიღოს საქართველომ. ეს არის ახალი ბაზარი.  იქნება უფრო მეტი დაშვება ქართული პროდუქციის 12-მილიონიან სტაბილურ ბაზარზე. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ დამატებითი ინტერესი გაჩნდეს ამ ქვეყნის ინვესტორების მხრიდან და საქართველოში გაზარდონ ინვესტიციის მოცულობა. ნორვეგია და შვეიცარია უკვე ახორციელებენ ინვესტიციებს საქართველოში ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სფეროში. გვინდა, რომ შემოვიდეს საქართვლოში უფრო მეტი კომპანია, რომელიც შექმნის ახალ საწარმოებს და შეძლებს რეგიონთან სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობები გააღრმავოს.” 

 

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 2014 წლის 27 ივნისს მოეწერა ხელი.

 

2005 წლის ივლისში საქართველო გახდა  დსთ-ს სივრცეში მე–2 (მოლდოვასთან ერთად), ხოლო მსოფლიო მასშტაბით მე–15,  GSP-ის ახალი სქემის (EU GSP +) ბენეფიციარი.

 

“GSP+”-ის ბენეფიციარის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველო სარგებლობს უფლებით ევროკავშირში უბაჟოდ შეიტანოს 7200 სახეობის პროდუქცია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი