ეკონომიკა

გაზის ტარიფის ზრდა პურპროდუქტებს გააძვირებს

3 თებერვალი, 2015 • • 3270
გაზის ტარიფის ზრდა პურპროდუქტებს გააძვირებს

გაზგამანიწილებელი კომპანიების ინფორმაციით, ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდა ლარის კურსის ვარდნამ განაპირობა. კომპანიები აცხადებენ, რომ შეღავათიანი ტარიფით ბუნებრივ აირს მხოლოდ პურის მსხვილ ქარხნებს მიაწვდიან. “სოკარ გაზის” ინფორმაციით, პურის ქარხნებისთვის ბუნებრივ აირზე ტარიფი 84 თეთრი იქნება. ტარიფის რაოდენობას ვერ ასახელებენ “ყაზტრანსგაზ თბილისში”, რადგან კომპანიამ პურის ქარხნებისთვის სატარიფო შეღავათის დაწესება დღეს გადაწყვიტა. 2 თებერვალს კომპანია აცხადებდა, რომ ამის რესურსი არ ჰქონდა: 

 

“ჯერ არ ვიცით, რამდენი იქნება ტარიფი მსხვილი ქარხნებისთვის. ველოდებით სიას სოფლის მეურნეობის სამინისტროდან,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” კომპანიის საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის უფროსმა ეკა სარიამ.

 

მისი თქმით, ტარიფის გაძვირებამდე კომპანია პურის ქარხნებს ინდივიდუალური ხელშეკრულების საფუძველზე ბუნებრივ აირს კომერციული ოპერატორებისათვის დადგენილ 75-თეთრიან ტარიფზე იაფად აწვდიდა.  

 

რატომ ადგენს პურის ქარხნების სიას სოფლის მეურნეობის სამინისტრო და რა პრინციპით შეირჩევიან კომპანიები? ამ კითხვაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში ვერ პასუხობენ. როოგრც “ნეტგაზეთს” სამინისტროში განუცხადეს, ამ საკითხზე პასუხისმგებელი პირები საქართველოში არ იმყოფებიან. 

 

რას გამოიწვევს პურპროდუქტების ბაზარზე გაზგამანაწილებელი კომპანიების მიერ კომერციული ოპერატორებისათვის შემოღებული გაძვირებული ტარიფი? 

 

კახა შარაშენიძე, რომელიც თბილისში პურის მწარმოებელ მსხვილ ქარხანას ფლობს, “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ გაზის ტარიფის გაძვირების შესახებ შეტყობინება “ყაზტრანსგაზ თბილისისგან” 2 თებერვალს მიიღო: 

 

“შეტყობინება მივიღეთ, რომ ტარიფი 90 თეთრამდე გაძვირდა. შეღავათზე ჯერ არაფერი ვიცით. 4 თებერვალს დაგვიბარეს კომპანიის თბილისის ოფისში და ინდივიდუალურად მოველაპარაკებით.” 

 

პურის ქარხნის მფლობელი ამბობს, რომ გაძვირებამდე კომპანია გაზს 69 თეთრად აწვდიდა, კომპანიის ხარჯი თვეში 16 ათას ლარს შედგენდა: “გაძვირებული ტარიფი ერთ პურზე ფასს 1-1,5 თეთრით გააძვირებს. პროდუქტის წარმოებისას მნიშვნელოვანია ფქვილის ფასი, რომელიც კურსის სხვაობის გამო მომატებულია. თუ ნოემბერში, ლარის გაუფასურებამდე, 50-კილოგრამიანი 1 ტომარა ფქვილი 35 ლარი ღირდა, დღეს 40 ლარამდეა გაძვირებული.”  

 

“გაზის მოხმარების ფასს ვიხდით თვეში 16 ათას ლარს. თუ ტარიფს გაგვიძვირებს კომპანია, ეს გახდება დაახლოებით  4 ათასი ლარით მეტი. დაემატება გაძვირებული ფქვილის ფასი 11 ათასი ლარი. ხარჯი თვეში დაახლოებით 15 ათასი ლარით გაიზრდება და ეს პურის ფასზე აისახება.”  

 

პროდუქციის გაძვირებას გეგმავენ მცირე საცხობის მფლობელები. მეწარმეები ამბობენ, რომ გაზის ტარიფის აწევამ, ლარის კურსის ვარდნის შედეგად ფქვილის და სხვა პროდუტების გაძვირებამ მათ ბიზნესს დარტყმა მიაყენა: 

 

თამარი აღნიაშვილი, მცირე საცხობის მცხობელი: 200 ლარს ვიხდით ახლა გაზში. 200 ლარს რომ კიდევ 15 თეთრი მოემატება, ეს იქნება 250 ლარი. ეს 50 ლარი ჩვენს ხარჯებს ემატება. იჯარით მაქვს ეს ფართი აღებული, თვითონ ვმუშაობ. კიდევ ერთი მცხობელი რომ მყავდეს დაქირავებული, საერთოდ არაფერი არ დამრჩებოდა. ყველაფერი გაძვირდა, კვერცხიდან მოყოლებული ფქვილით, ზეთით და ყველით დამთავრებული.”

 

პურის საცხობის მფლობელი ეკატერინე მინდიაშვილი “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ გაზის გაძვირება მისი ბიზნესის ხარჯებს გაზრდის: “აქამდე 75 თეთრს ვიხდიდი. მე შპს მაქვს და 1 მარტიდან ტარიფი 90 თეთრი ხდება, მაგრამ პურის ფასი ჩემს საცხობში არ გაძვირდება, თუ სხვა პროდუქტიც არ გაძვირდა.”


მეწარმე მიიჩნევს, რომ ტარიფის დიფერენცირება და მსხვილი ოპერატორებისთვის შეღავათები არ არის სამართლიანი: “სახელმწიფო არანაირად არ უწყობს ხელს კერძო ბიზნესის განვითარებას. დასუფთავებაზეც 130 ლარი მომივიდა, აბსოლუტურად გასაქანი არ არის, რომ 2 კაპიკი ვიშოვო. საკუთარ ბიზნესს ისევ ჯობია, რომ წახვიდე და სახელმწიფო სამსახურში 400 ლარად იმუშავო. გამორიცხულია, რომ აქედან რაღაც იშოვო, იმიტომ, რომ ყოველდღე იზრდება ფასები.”


მცირე საცხობის მცხობელი ირინა ტახბერიძე “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ გაზის ტარიფის გაზრდის გამო ფასების კალკულაციას ხელახლა მოახდენს:

 

“გაზის კომპანიიდან ახალი ხელშეკრულება დღეს მივიღეთ. ჩვენთვის ტარიფი 90 თეთრია. ჯერ არ ვიცით ბაზარში რა ფასებია, ჩვენ ამაზე ვართ დამოკიდებულები. პროდუქტის ფასების ცვლილება ბაზარში იწვევს ჩვენი პროდუქტის ფასის ცვლილებასაც. ზეთიც გაძვირდა და ფქვილიც 7 ლარით. ახლა კიდევ გაზი დაემატა. დავსხდებით და კალკულაციას გავაკეთებთ.”

 

ირინა ტახბერიძე ამბობს, რომ გადასახადებს ემატება ქირა – 600 ლარი: “ამასთან, კონკურენცია ძალიან დიდია. ამ ყველაფერს რომ გავწვდეთ, საშუალო ფასი უნდა გამოვიყვანოთ. დენის ხარჯი მოგვდის თვეში 180-200 ლარამდე, თუ მაცივრები ჩართულია. ახლა ზამთარია და გამორთულია და მოგვივიდა 135 ლარი. წყალი 65- ლარი. წინა თვეში, შეკვეთები რომ იყო, 400 ლარამდე მოვიდა გაზი. 400 ლარამდე რომ გაზი მოგივა 75 თეთრ ტარიფზე, შეკვეთების რაოდენობა რამხელაზე უნდა ავიდეს, რომ ამ 20%-ს გაუძლო. ხაჭაპური ღირს 1.80, ალბათ 1.90 გახდება. ის 20% მოემატება ყველაფერს, რაც ტარიფში დევს”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი