ეკონომიკა

ლარის გამყარება ეკონომიკის შემცირების და სესხების გაძვირების ხარჯზე

30 იანვარი, 2015 •
ლარის გამყარება ეკონომიკის შემცირების და სესხების გაძვირების ხარჯზე

“ჩვენი აზრით, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ მიაღწია იმ ზღვარს, როდესაც არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხე, ინფლაციური მოლოდინები გადაიზარდოს ფასების ზრდაში. მოგეხსენებათ, რომ ამ პროცესით ძალიან ზარალობენ ჩვენი ის მოქალაქეები, რომლებსაც ვალდებულებები აქვს დოლარში და შემოსავლები ლარში, ამიტომ ლარის კურსის გაუფასურება კიდევ გააუარესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც საბოლოოდ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე”,-  ეს განაცხადა გიორგი ქადაგიძემ 30 იანვარს ეროვნულ ბანკში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

 

ქადაგიძემ განაცხადა, რომ ლარის გასამყარებლად ეროვნული ბანკი პირველ ეტაპზე სავალუტო ინტერვენციებს განახორციელებს და რეფინანსირების განაკვეთს გადახედავს. ამ ინსტრუმენტების გამოყენების შემდეგ კი ქვეყანაში 2015 წელს დაგეგმილი ეკონომიკური ზრდა 5% ვეღარ იქნება. მთავრობას ამ პროგნოზის გადახედვა და ბიუჯეტის კორექტირება მოუწევს. 

 

ქადაგიძის განცხადებას უკრაინიდან ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა: “მონეტარული პოლიტიკა და ინფლაციის კონტროლი  არის  ეროვნული ბანკის ექსკლუზიური სფერო. რაც შეეხება საბიუჯეტო მხარეს, იანვარში გეგმა შესრულებულია მცირეოდენი გადაჭარბებითაც კი. მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთობლივად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საგარეო მოვლენების ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და ვალუტის კურსზე იყოს რაც შეიძლება მინიმალური.”


ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმაც შეაფასა. მისი განცხადებით, სამინისტრო ეროვნულ ბანკს ლარის გამყარებაში დაეხმარება:” ეკონომიკურ პოლიტიკაზე და ფისკალურ და მონეტარულ კოორდინაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, თავისთავად ცხადია, რომ ეროვნულ ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს შორის არის კოორდინაცია. ჩვენ ხელს ვუწყობთ, რომ ლარი გამყარდეს, ანუ ვეხმარებით ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის მიზნების განხორციელებაში”. 


გაამყარებს თუ არა ეროვნული ბანკის მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ლარს, რა ეკონომიკური პროცესები განვითარდება ქვეყანაში და როგორ აისახება მოქალაქეების ფინანსურ მდგომარეობაზე? 

 

“ეროვნული ბანკის მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ეკონომიკას შეამცირებს და საბანკო კრედიტს გააძვირებს”, ამბობს “ნეტგაზეთთან” ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ლია ელიავა: 

 

“სავალუტო ინტერვენცია ნიშნავს სავალუტო რეზერვების ხარჯვას და გაყიდვას კომერციულ ბანკებზე. მეორე ინსტრუმენტი არის რეფინანსირების განაკვეთი, რომელიც არის 4% და ამ განაკვეთს ეროვნული ბანკი გაზრდის.  ვისაც სესხი აღებული აქვს ლარში, ეს მიბმულია მცურავ სავალუტო კურსზე და მათ გაეზრდებათ სესხის ხარჯი.  მოსახლეობის ფინანასური მდგომარეობა დამძიმდება.


CFS საინვესტიციო ბანკის მმართველი ლევან სურგულაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დროულია:  


“ეს განცხადება დროულია, რადგან ლარის გაცვლითმა კურსმა საკმაოდ დიდი ვარდნა განიცადა ამ პერიოდის განმავლობაში. ამას შეიძლება მოჰყვეს აჟიოტაჟური მოთხოვნა ვალუტაზე, ამიტომ საჭიროა ეროვნული ბანკის ინტერვენცია რეზერვებიდან. რაც შეეხება რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას, ეს ნიშნავს, რომ თუ მასზე ავწევთ ფასს, ის ლარის გამყარებას შეუწყობს ხელს, თუმცა ეკონომიკისთვის ფული გაძვირდება. თუმცა ამ ეტაპზე უნდა მოხდეს ლარის გამყარება, რადგან უფრო მნიშვნელოვანია”.


სდასუ–ს პროფესორი ფინანსების მიმართულებით გოჩა თუთბერიძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მკაცრი მონეტარული პოლიტიკა დაამძიმებს ეკონომიკურ ვითარებას:


“ლარს შეიძლება გარკვეულწილად ეშველოს. ეს არ არის გამოსავალი, რადგან საშუალო და გრძელვადიანი პერიოდისთვის ეს არ იქნება საკმარისი. კომერციული ბანკები ასწევენ საპროცენტო განაკვეთს ლარში გაცემულ სესხებზე და ისევ მოსახლეობა დაზარალდება.  ლარის სესხები მიბმულია ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთზე და ეროვნულ ვალუტაში აღებული კრედიტი ყველას გაუძვირდება. მოსახლეობის ხარჯზე მოხდება ლარის გამყარება.”  

 


ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით, დადგენილი სავალუტო კურსით 1 აშშ დოლარის მიმართ ეროვნული ლარი 2.0576  ნიშნულზე, ხოლო ევროს მიმართ 2.3247 ნიშნულზეა. საქართველოს კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარი 2.13 ლარი ღირს, კომერციულ ბანკში 100 დოლარის ყიდვისთვის 213 ლარი დაგჭირდებათ. ეროვნულმა ლარმა აშშ დოლარის მიმართ გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი.

  

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი