ეკონომიკა

“გალფში” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა

28 იანვარი, 2015 •
“გალფში” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა

როგორც “ნეტგაზეთს” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, “გალფში” საგამოძიებო სამსახური რამდენიმე დღის წინ შევიდა და გამოძიება სისხლის სამართლის 218-ე მუხლით დაიწყო, რაც გადასახადებისაგან თავის არიდებას ითვალისწინებს.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს კომპანიის ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლა:

 

“ვინაიდან ახალი დაწყებულია საქმინობა, რთულია იმაზე საუბარი, თუ რა სურათი გამოიკვეთა. როდის დასრულდება გამოძიების პროცესი, ჯერ ვერ ვიტყვით.”

 

კომპანია “გალფის” მთავარი აქციონერი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია.  

 

2012 წლის ნოემბერში “გალფ ჯორჯიას” მენეჯმენტმა სპეცილური განცხადება გაავრცელა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი არ ირიცხება აღნიშნული კომპანიის აქციონერთა რიგებში. მათივე ცნობით, “გალფში” თავისი წილი გაზარდა ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა, რომელიც აშშ-რუსეთის ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი და რუსეთის მრეწველთა და ბიზნესმენთა კავშირის მმართველი ორგანოს ვიცეპრეზიდენტია.

 

2014 წლის 18 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დავით იაკობაშვილის კუთვნილ კიდევ ერთ კომპანიაში, “აჭარაბეთში” შევიდა. ამ შემთხვევაშიც გამოძიება სისხლის სამართლის 218 მუხლით დაიწყო. როდის და რა შედეგით დასრულდა გამოძიება, დამატებითი ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს არ გაუსაჯაროებია. 

 

დავით იაკობაშვილი საქართველოში არსებულ არახელსაყრელ ბიზნესგარემოზე და კომპანიის საქმინობაში ჩარევაზე 2014 წლის ივნისში გამოცემა “ფორბს.რუ” -სთან საუბრობს: 

 

“ჩემი ქართული კომპანიები არც ისე ცოტას გამოიმუშავებენ. მაგრამ საქართველოში საქმეების წარმოება რთულდება”. 

 

2012 წელს საპარლამენტო არჩევნებამდე დავით იაკობაშვილმა ექსთავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილისგან ყველა აქტივი იყიდა და ამ ბიზნესებში 470 მლნ აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა. 

 

დავით იაკობაშვილი “ფორბსთან” საუბრისას ამბობს, რომ განხორციელებული ინვესტიციების ფონზე მისი მოგება 20%-ია:

 

“ახლა ვშოულობ ჩადებული ფულის 20%-ს. “პეტროკას ჯგუფის” შენატანები საქართველოს ბიუჯეტში 60 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. მიმაჩნია, რომ ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე, უფრო მეტის შეტანა იყო შესაძლებელი. რა გვიშლის ხელს? სამწუხაროდ, ხდება ბიზნესპროცესებში ჩარევა.” 

 

2014 წლის დეკემბერში “როსნეფტმა” ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის კუთვნილ “Petrocas Energy Limited”-ში 49% -იანი წილის შესყიდვის შესახებ განაცხადა. თავის მხრივ დავით იაკობაშვილი  კომპანია “ჩელენჯ ენერჯის” აქციონერია, რომელიც ფოთის პორტის ნავთობტერმინალის ოპერირებას ახორციელებს.   

 

“ინტერფაქსის” ცნობით, დავით იაკობაშვილი “Petrocas Energy Limited”-ში საკონტროლო პაკეტს ინარჩუნებს, თუმცა ფინანსური გარიგების მოცულობა არ ხმაურდება. 

 

აღნიშნული ფინანსური გარიგების შესახებ ინფორმაცია “როსნეფტის” ვებგვერდზეც ვრცელდება, სადაც ნათქვამია, რომ ეს ორი კომპანია ერთობლივ საწარმოს ქმნის, რომელიც ლოჯისტიკის და საცალო გაყიდვების სფეროში იმუშავებს.

 

“როსნეფტის” ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, Petrocas Energy-ი რეგიონში ლოჯისტიკის სეგმენტში მსხვილი მოთამაშეა. კომპანია არის მსხვილი ტრეიდერი, რომელიც ნევთობპროდუქტებით ვაჭრობას ახორციელებს. კომპანია ფლობს და მართავს მაღალტექნოლოგიურ ნავთობტერმინალებს ფოთში. ასევე ახორციელბს ლოჯისტიკურ ოპერაციებს კასპიის და შავ ზღვის რეგიონში. კომპანია ასევე ფლობს საქართველოში კომპნია “გალფ ჯორჯიას”, რომელიც ახორციელებს ნავთობპროდიქტების დისტრიბუციას 140 ბენზინგასამართი სადგურის მეშვეობით.  

 

Petrocas Energy-ის შტაბ-ბინა კვიპროსზე მდებარეობს, ხოლო ოპერირებას ლიმასოლის, თბილისის და მოსკოვის ოფისებიდან ახორციელებს. 

 

“როსნეფტსა” და კომპანია “ჩენელ ენერჯი ლიმიტედს” შორის, რომელიც ფოთის ნავტობტერმინალების ოპერატორია (კომპანიაში აქციებს დავით იაკობაშვილი ფლობს), არსებული ნავთობტერმინალების რუსეთის სახელმწიფო კომპანიისათვის მიყიდვის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე 2014 წლის მარტში გახდა ცნობილი.

 

მაშინ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ მოლაპარაკებებში ჩართული არ იყო. მოგვიანებით, “როსნეფტის” ხელმძღვანელის მოადგილემ, მიხეილ ლეონტიევმა სააგენტო ინტერპრესნიუსს ზემოხსენებული ნავთობტერმინალით დაინტერესების ფაქტი დაუდასტურა, თუმცა “ჩენელ ენერჯი ლიმიტედთან” მოლაპარაკება უარყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი