ირმა ქავთარაძემ პორტის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა და განმარტა, რომ მთავრობის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე 12 კომპანიიდან ე.წ. “მოკლე სიაში” შვიდი კომპანია შეირჩა, რომელთა შორის გამარჯვებულიც მიმდინარე წლის სექტემბრამდე უნდა გამოვლინდეს:
“სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, “მოკლე სიაში” შესულ კომპანიებს გაეგზავნათ მოწვევა, რომ მათ მიმდინარე წლის 16 აპრილს წარმოადგინონ დამატებითი წინადადებები. ამის შემდეგ მოხდება ორი ან სამი უპირატესი, საუკეთესო წინადადებების მქონე კანდიდატის შერჩევა და მათთან გაიმართება მოლაპარაკებები რამდენიმე რაუნდად. შემდგომ კომპანიებს მიეცემათ საშუალება წარმოადგინონ უკვე საბოლოო და საუკეთესო წინადადება, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებული კომპანია და მასთან გაფორმდება ხელშეკრულება არაუგვიანეს 2015 წლის წლის სექტემბრისა” – განაცხადა ირმა ქავთარაძემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს ის კომპანიები დაუსახელა, რომლებიც “მოკლე სიაში” შევიდნენ:
1. BOUYGUES TRAVAUX PUBLICS S.A (FRANCE);
2. MITSUI & CO., LTD (JAPAN); PORTEK INTERNATIONAL PRIVATE LIMITED (JAPAN) (CONSORTIUM);
3. JSC ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM (GEORGIA);
4. TERMINAL INVESTMENT LIMITED (LUXEMBOURG);
5. ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK (GEORGIA); POWER CHINA – HUBEI HONGYUAN
POWER ENGINEERING CO., LTD (CHINA); BRITISH ECO POWER LTD (GREAT BRITAIN); SPARTAK
ERAGIA – (Physical Person); (CONSORTIUM);
6. AECOM TECHNICAL SERVICES INC (USA); DIA HOLDING FZCO (UNITED ARAB EMIRATES);
(CONSORTIUM);
7. CHINA HARBOUR ENGINEERING COMPANY LTD (CHINA)
ირმა ქავთარაძის ინფორმაციით, პორტის მშენებლობა 2016 წლის ივნისის თვეში დაიწყება და შვიდ ეტაპად განხორციელდება.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტვირთბრუნვის შესაძლებლობა უნდა იყოს 100 მილიონი ტონა წელიწადში. მშენებლობა წარიმართება რამდენიმე ფაზად პორტის სიმძლავრის ზრდის ეტაპების მიხედვით – როცა პორტის არსებული ტვირთბრუნდა მიაღწევს პორტის გამტარუნარიანობის 90%-ს, კომპანია ვალდებული იქნება დაიწყოს პორტის მშენებლობის შემდეგი ეტაპი. აქედან გამომდინარე, ინვესტორთა მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, მშენებლობის კონრეტული ვადები განსაზღვრული არ არის:
„ამ პორტის მშენებლობას, მისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს იქნება დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის. ანაკლიის პორტი დაახლოებით ორი კვირით შეამცირებს ტვირთების გადაზიდვის ხანგრძლივობას ჩინეთიდან და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან ევროპამდე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პორტს უნდა ჰქონდეს საშუალება მიიღოს 6500 და უფრო მეტი კონტეინერით დატვირთული დიდი მოცულობის გემები, რაც საქართველოში ჯერჯერობით პრობლემას წარმოადგენს. პორტში შეიქმნება რამდენიმე ათასი სამუშაო ადგილი და მოზიდული იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი რაოდენობის ინვესტიციები. ეს პროექტი ძალიან წაადგება არა მარტო ანაკლიის და ზოგადად სამეგრელოს რეგიონს, არამედ მთელ საქართველოს და საკმაოდ დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ეკონომიკას“ – განაცხადა ირმა ქავთარაძემ.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ტენდერი 2014 წლის ივლისში გამოცხადდა.