ამ გარიგების შედეგად “როსნეფტი” ფოთში ნავთობტერმინალის თანამესაკუთრეც გახდა, რომლის ოპერირებასაც კომპანია “ჩელენჯ ენერჯი” ახორციელებს, რომელის აქციებსაც დავით იაკობაშვილი ფლობს.
დავით იაკობაშვილმა ფოთის პორტის ნავთობტერმინალის აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებით კომენტარი ტელეკომპანია “იმედთან” გააკეთა:
“რატომ “როსნეფტი”, ეს იმიტომ, რომ “როსნეფტში” მნიშვნელოვანი წილი აქვს BP-ს. ძალიან განვითარებული კომპანიაა ძალიან დიდი შესაძლებლობებით. მე პოლიტიკაში არ ვერევი და ასე მგონია, რომ მთავრობაც არ უნდა ჩაერიოს ბიზნესის საკითხებში. მთავრობას ის როლი აქვს, რომ ბიზნესის გაკეთება ყველას გაუიოლოს. უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება. ჩემს კომპანიებში 2000 ადამიანი მუშაობს და კიდევ დამატებით 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება. კიდევ იქნება ინვესტიციები 200 მილიონამდე”.
“როსნეფტმა” ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის კუთვნილ “Petrocas Energy Limited”-ში 49% -იანი წლილის შესყიდვის შესახებ 2014 წლის დეკემბერში განაცხადა. თავის მხრივ დავით იაკობაშვილი კომპანია “ჩელენჯ ენერჯის” აქციონერია, რომელიც ფოთის პორტის ნავთობტერმინალის ოპერირებას ახორციელებს.
“ინტერფაქსის” ცნობით, დავით იაკობაშვილი “Petrocas Energy Limited”-ში საკონტროლო პაკეტს ინარჩუნებს, თუმცა ფინანსური გარიგების მოცულობა არ ხმაურდება.
“როსნეფტსა” და კომპანია “ჩენელ ენერჯი ლიმიტედს” შორის, რომელიც ფოთის ნავტობტერმინალების ოპერატორია (კომპანიაში აქციებს დავით იაკობაშვილი ფლობს), არსებული ნავთობტერმინალების რუსეთის სახელმწიფო კომპანიისათვის მიყიდვის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე 2014 წლის მარტში გახდა ცნობილი.
მაშინ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ მოლაპარაკებებში ჩართული არ იყო. მოგვიანებით, “როსნეფტის” ხელმძღვანელის მოადგილემ, მიხეილ ლეონტიევმა სააგენტო ინტერპრესნიუსს ზემოხსენებული ნავთობტერმინალით დაინტერესების ფაქტი დაუდასტურა, თუმცა “ჩენელ ენერჯი ლიმიტედთან” მოლაპარაკება უარყო.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, “ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედის” 75%-ს “ჩენელ ენერჯი (ერა) ლიმიტედი” ფლობს, ხოლო 25%-ს – სააქციო საზოგადოება კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური.საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, იაკობაშვილი კომპანიის მსხვილი აქციონერია. “ჩენელ ენერჯი ლიმითედი” ფოთის ნავსადგურის ნავთობტერმინალის ოპერატორია. “ჩენელ ენერჯი ფოთი” კი შპს “ფოთი ტერმინალ ჰოლდინგში” 32,67% -იან წილს ფლობს.
იაკობაშვილის საკუთრებაშია ასევე Future Products Company, “ჩენელ ენერჯისთან” დაკავშირებული კომპანია, რომელსაც სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული Future Products Company ფლობს.
რუსეთის სახელმწიფო ნავთობმომპოვებელი კომპანია როსნეფტი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა. 2013 წელს, ბაქოში ვლადიმირ პუტინს ვიზიტისას კომპანიამ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გააფრომა აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია სოკართან, რომელიც საქართველოშიც ოპერირებს. გარდა ამისა, ამერიკის ხმის ინფორმაციით, როსნეფტი აფხაზური მხარისაგან 2009 წელს მიღებული ნებართვის საფუძველზე შავი ზღვის შელფის აფხაზეთის მონაკვეთზეც საქმიანობს.