ეკონომიკა

კემულარია: კარტელი ნავთობპროდუქტების ბაზარზე 2012 წელს ჩამოყალიბდა

26 დეკემბერი, 2014 •
კემულარია: კარტელი ნავთობპროდუქტების ბაზარზე 2012 წელს ჩამოყალიბდა

ორგანიზაციის განცახდებით, საქართველოს საწვავის და ავტოგაზის ბაზარზე კონკურენცია შეზღუდულია:

 

“2004 წელს 167-მა კომპანიამ განახორციელა ბენზინისა და დიზელის იმპორტი. 2006 წელს აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საწვავის ექსპორტის ექსკლუზიური უფლება “სოკარს” მისცა. 2007 წლიდან “სოკარმა” აქტიურად დაიწყო საქართველოს საწვავის ბაზარზე დამკვიდრება. 2008 წელს მხოლოდ 34-მა კომპანიამ განახორციელა საწვავის იმპორტი საქართველოში. “სოკარის” საქართველოს ბაზარზე შემოსვლის შემდეგ ამ სფეროს 133 იმპორტიორი ჩამოშორდა,” – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში “მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების” ხელმძღვანელი ბექა კემულარია.   

 

კემულარიას ინფორმაციით, 34 იმპორტიორის პირობებში ბაზარზე კონკურენცია შენარჩუნებული იყო:

 

“სწორედ 2008 წელს მიაღწია ნავთობის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს, 147 აშშ დოლარს ბარელზე. ივნის-ივლისში საშუალოდ 132 აშშ დოლარი ღირდა 1 ბარელი ნავთობი. ჩვენთან რეგულარის ტიპის 1 ლიტრი ბენზინი 2 ლარი ღირდა, ხოლო პრემიუმი- 2,16 ლარი. 2012 წლის მაისში საწვავის მაქსიმალურმა ფასმა 2,5 ლარს მიაღწია. მაშინ ერთი ბარელი ნავთობის ფასი 125 აშშ დოლარი იყო.”

 

ბექა კემულარიას განცხადებით, ნავთობიმპორტიორთა ბაზარზე კარტელმა სრულყოფილი სახე 2012 წელს მიიღო: 

 

“2012 წელს მხოლოდ 5 ოლიგოპოლისტი კომპანია ფლობდა საწვავის ბაზრის 90%-ზე მეტს და იმპორტსაც მხოლოდ ისინი ახორციელებდნენ.”

 

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების პროტესტი საწვწვის ფასებს 26.12.2014 სახელმწიფო კანცელარია
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების პროტესტი საწვწვის ფასებს 26.12.2014 სახელმწიფო კანცელარია

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 18 დეკემბერს კონკურენციის სააგენტოს დაავალა 10 დღის ვადაში წარმოადგინოს დეტალური ანგარიში, თუ რატომ არ იწევს საქართველოში საწვავის ფასი იმის შესაბამისად, როგორც ეს მსოფლიოში ხდება.

 

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ბარაბაძე აცხადებს, რომ სააგენტომ სხვადასხვა უწყებებიდან ინფორმაცია უკვე გამოითხოვა.

 

“ამ ეტაპზე გამოთხოვილია ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან, საქსტატიდან, მეზობელი სახელმწიფოებისგან და ასზე მეტ ეკონომიკურ აგენტს გაეგზვნა შესაბამისი ინფორმაცია გამოთხოვის მოთხოვნით და მიმდინარეობს ამ ინფორმაციის დამუშავება.”

მისი თქმით, ინფორმაცია, რომელსაც კონკურენციის სააგენტო ამუშავებს,  2008- 2014 წლის პერიოდს ეხება. პრემიერის მიერ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის წარმოდგენისთვის განსაზღვრული 10-დღიანი ვადა 29 დეკემბერს იწურება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი