რესტორანი “ბაბილო” 31 დეკემბრის საღამოს მომხმარებელს ქართულ ტრადიციულ სუფრაზე ეპატიჟება. რესტორნის მენეჯერი ამბობს, რომ სუფრაზე ქართული ტრადიციული ცივი და ცხელი კერძები იქნება, დესერტი – ტორტი, ხოლო აკოჰოლური სასმელი- ღვინო და არაყი. რესტორანში მუსიკალური პროგრამა იქნება წარმოდგენილი. იმღერებენ სოფო და ბორის ბედიები, მაკა გამყრელიძე, ლათინო-ამერიკულ ცეკვებს მაესტრო მორისი შეასრულებს.
“ბაბილოში” საახალწლო საღამოს გატარების ფასი 100 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარშია: “ადგილების ნაწილი უკვე დაჯავშნილია. პროგრამა იწყება 12-ის ნახევარზე. ბევრი სტუმარია სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. საკონცერტო პროგრამა იწყება 00:30 საათზე, რომელიც გათვლილია თბილისელ სტუმრებზე, რადგან ისინი ახალ წელს ტრადიციულად ოჯახში ხვდებიან და შემდეგ სტუმრობენ რესტორანს,” – ამბობს რესტორნის მენეჯერი.
რესტორან “პლაზა- ჰოლში” 31 დეკემბერს საახალწლო შოუ-პროგრამაა დაგეგმილი. ბილეთის ფასი 140 ლარია. სერვისში შედის ტრადიციული ქართული სუფრა. გასართობ პროგრამას წარმოადგენს რომა რცხილაძე და მისი ბენდი.
“თბილისი მერიოტში” ახალი წლის საღამოს გატარების ფასი 300 ლარია: “ეს არის ერთ სტუმარზე ფასი დღგ-ს ჩათვლით. დაგეგმილია კონცერტი ცოცხალი შესრულებით. საღამოს წამყვანია ზაზა ალექსიძე. იმღერებენ სოფო და ბორის ბედია. საახალწლო საღამო 31 დეკემბერს, 23:00 საათიდან დაიწყება და დილის 3 საათამდე გაგრძელდება. სტუმრებს შევთავაზებთ ქართულ სუფრას ცხელი და ცივი კერძებით. სტუმრებს შეუძლიათ შეუზღუდავად მიირთვან ღვინო.”
გუდაურში, სასტუმრო “მარკო პოლოში” სახალწლო საღამო 31 დეკემბერს, 23 საათზე დაიწყება. როგორც სასტუმროში აცხადებენ, საღამოს მუსიკალურად ბენდი “გუფი ლენდი” გააფორმებს. შოუ პროგრამა 4 საათამდე გაგრძელდება.”
ახალი წლის ღამის გალა ვახშმის ფასი “მარკო პოლოში” 200 ლარი ღირს. სასტუმროს მენეჯერი ამბობს, რომ 29 დეკემბრიდან 10 იანვრამდე სასტუმროში ყველა ნომერი დაჯავშნილია: “31 დეკემბრიდან 10 იანვრამდე გუდაურის “მარკო პოლოში” ტურისტები რუსეთიდან, უკრაინიდან და აზერბაიჯანიდან ჩამოდიან. სტანდარტული ნომრის ფასი 419 ლარი, საპრეზიდენტო ნომერი 1770 ლარი ღირს. სასტუმროში ყველა ნომერი დაჯავშნილია.”
სასტუმრო-კომპლექსი “ლოპოტა” საახალწლოდ მომხმარებელს სპეციალურ პაკეტებს სთავაზობს: “ვისაც ახალი წლის ღამის და 1 იანვრის ღამის გატარება “ლოპოტაზე” სურს, 680 აშშ დოლარი უნდა გადაიხადოს. შეთავაზებაში შედის 2 ადამიანზე სამჯერადი კვება და საახალწლო პროგრამა.”
“ლოპოტას” მენეჯერი აცხადებს, რომ 31 დეკემბრის საღამოს იმღერებს ნატალია ქუთათელაძე ბენდთან ერთად. საღამოს გააგრძელებს დიჯეი. იგეგმება გალა ვახშამი. ბავშვების გასართობად მოწვეულია დიჯეი ანიმატორებთან ერთად. 1 იანვარს სტუმრებისთვის დაგეგმილია განსაკუთრებული საუზმე და გალა ვახშამი. 2 იანვარს მოეწყობა გლინტვეინის საღამო და ღვინის დეგუსტაცია.
ყველაზე დაბალი ფასი ახალი წლის შეთავაზებებში ბათუმის “შერატონს” გამოაქვს და ერთ პერსონაზე 80 ლარია. შეთავაზებაში შედის ქართული სუფრა და საკონცერტო პროგრამა.