“რუსეთში ვმუშაობთ სამ სხვადასხვა იმპორტიორ კომპანიასთან. მათ შორის ერთ-ერთმა გვთხოვა, რომ შეგვეჩერებინა შეკვეთების გადატვირთვა, რომელიც გვქონდა წლის ბოლომდე განრიგში. მეორე კომპანიამ გადაავადა შეკვეთების გადატვირთვა იანვრის თვეში. რეალურად ამის პრეცედენტი არის. შეკვეთები არ უქმდება, თუმცა ხდება შეჩერება ან გადავადება” -აცხადებს მარგველაშვილი.
“თბილღვინოს” დირექტორი ამბობს, რომ კომპანია დეკემბერში რეალიზაციის გეგმას ვერ შეასრულებს, რადგან რუსეთში სუპერმარკეტებში უკვე დაფიქსირდა ქართული ღვინის გაყიდვასთან დაკავშირებული პრობლემები:
“სავაჭრო ქსელები აიღებენ გაძვირებული ფასით ჩვენს პროდუქციას და მთელ მაღაზიებში სავარაუდოდ შეწყდება პროდუქციის მიწოდება, თუკი არ მოხდება ახალ ფასებზე მათი დათანხმება. ეს საკმაოდ რთულია, რადგან ნაციონალურ დიდ ქსელებს აქვთ თავიანთი პოლიტიკა პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით. მაქსიმუმ წელიწადში 7-10%-მდე თუ იღებენ ფასის ზრდას. რუბლის გაუფასურება დიდი პროცენტით მოხდა და, შესაბამისად, ფასი მეტად უნდა გაიზარდოს.”
გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ კომპანიის პროდუქციის ექსპორტში რუსეთის ბაზარს 25%-იანი ნიშა ეკავა. “თბილღვინო” 2015 წელს საექსპორტო ბაზრებს გადახედავს და რუსეთის ბაზარზე პროდუქციის გატანის მაჩვენებელს შეამცირებს:
“2015 წლის გეგმები იქნება მოზომილი. რუსეთში ალბათ ექსპორტი შემცირდება 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ეს არის გამაჯანსაღებელი ეფექტის მატარებელი, რადგან არ მივიღებთ ზღვარგადასულ ფასებს ყურძენზე, რასაც ადგილი ჰქონდა რთველზე, და ყველა დარწმუნდება და მთელი ძალისხმევა, კონცენტრაცია არ უნდა მოხდეს ერთ ბაზარზე”
რუსეთის ბაზარზე არსებულ პრობლემებზე “ნეტგაზეთთან” საუბრობს კომპანია “შუხმანის” გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი:
“რუსეთის ბაზრის გახსნა ეს იყო პოლიტიკური რისკი ქართული ღვინის კომპანიებისთვის. ამას დაემატა ეკონომიკური მოვლენები. რუბლის გაუფასურების გამო მოხდა გაყიდვების შემცირება. ხდება კონტრაქტების გადავადება. კიდევ ერთხელ, ეს არის იმის მინიშნება, რომ ქართველმა მეღვინეებმა მოახდინონ ბაზრების დივერსიფიკაცია.”
შანშიაშვილის ინფორმაციით, კომპანიის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილი 40% -ია: “ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შეჩერებულია გადატვირთვები. რუსეთის ბაზრიდან ბოლო შეკვეთები შემცირებულია. უკვე დამტკიცებული შეკვეთები და გამზადებული ტვირთები დარჩა კომპანიის საწყობში.”
მიადგა თუ არა კომპანიას ფინანსური ზარალი, ვერც “შუხმანში” და ვერც “თბილღვინოში” ვერ აკონკრეტებენ, რადგან 2014 წელი არ დასრულებულა და ფინანსური შედეგები არ შეუჯამებიათ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წლის 11 თვეში (იანვარ-ნოემბერი) მსოფლიოს 46 ქვეყანაში საქართველოდან ღვინის ექსპორტმა 55 237 503 (0,75 ლ) ბოთლი შეადგინა, რაც 33%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეულში პირველ ადგილზეა რუსეთი, შემდეგ მოსდევს უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი და პოლონეთი. რუსეთი ლიდერობს 63%-ით ექსპორტის მთლიან მოცულობაში.
ღვინის ექსპორტმა რუსეთში 2014 წლის 11 თვის მონაცემებით 35 236 981 ბოთლი შეადგინა. საექსპორტო ქვეყნების ათეულშია ჩინეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და გერმანია. ღვინის ექსპორტმა თანხაში 174 300 717 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 36%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის მონაცემებით, იმპორტში ქართულმა ღვინომ 14 პროცენტი შეადგინა, ხოლო ღვინის ბაზარზე 6,4-პროცენტიანი ნიშა დაიკავა.
რუსულ ემბარგომდე, 2005 წელს, იმპორტში ქართულ ღვინოს 9 პროცენტი ეკავა, ხოლო ბაზარზე – ხუთპროცენტიანი ნიშა.
რუსეთმა ქართულ პროდუქციაზე ემბარგო ოფიციალურად 2012 წლის დეკემბერში მოხსნა. ქართული ღვინის, ჩაის, ციტრუსის და სხვა პროდუქციის ამ ქვეყანაში ექსპორტი 2006 წლის შემოდგომაზე აიკრძალა.








