რა რაოდენობის ოქროს მარაგია აჭარაში, ამის შესახებ დაზუსტებული ცნობები არ არსებობს. აჭარის წიაღისეული რესურსებისა და სამთო საქმის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც აღნიშნულ საკითხს შეისწავლიდა, ჯერ კიდევ 2004 წელს დაიხურა. მას შემდეგ დაზვერვით სამუშაოებს სახელმწიფოს ნაცვლად კერძო კომპანიები ატარებდნენ. 2007 წელს ლიცენზია სწორედ ძებნა-დამუშავებისთვის გაიცა.
სოფელი გარეტყე. აქედან 8 კილომეტრში მდებარეობს ადგილი, სადაც ჩინური კომპანია ოქროზე საძიებო სამუშაოებს ატარებს
კომპანია, რომელიც ოქროს მოპოვებაზე ლიცენზიას ფლობს
აჭარაში ოქროს ძიება-დამუშავებაზე ლიცენზიას კომპანია „Kinland Georgia Mining“-ი ფლობს. აღსანიშნავია, რომ ლიცენზია მთლიანად მერისის მადნიან კვანძზეა გაცემული. ეს იმას ნიშნავს, რომ ოქროს გარდა კომპანიას სხვა ძვირფასი ლითონების მოპოვებაც შეუძლია. 2011 წელს შექმნილი შპს „Kinland Georgia Mining“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჩინური საინვესტიციო კორპორაცია „Chongqing Kinland“-ია. აქციონერთა კრების 2011 წლის ოქმის მიხედვით, „Chongqing Kinland“-ის აქციონერებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ახალ კომპანიას სამთო მრეწველობის ლიცენზია შპს „მეტალონ ჯორჯიასაგან“ მოეპოვებინა.
შპს „მეტალონ ჯორჯია“ თბილისში 2006 წლის მაისში დარეგისტრირდა და მისი დამფუძნებლები/პარტნიორები იყვნენ სერგო ლაბარტყავა (წილი-30%), თამაზ ჯამაგიძე (30%) და ბელგიის მოქალაქე ალი ქარუმი (წილი-40%).
2007 წლის ივნისში სამივე პარტნიორმა წილები მთლიანად დაუთმო ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულ კომპანია „გოლდენქრესთ ენთერფრაისის ლიმითიდს~, რომლის წარმომადგენელიც ალი ქარუმი გახდა. ამ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიის („გოლდენქრესთ ენთერფრაისის ლიმითიდ“) საქმიანობის ძირითად სფეროდ კი ძვირფასი ქვებისა და წიაღისეულის, ასევე სხვა ბუნებრივი რესურსების მოძიება-მოპოვება განისაზღვრა.
2010 წლის მარტში, რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, „მეტალონ ჯორჯია“-ს წილებს კვლავ ფლობენ სერგო ლაბარტყავა (წილი-33%), თამაზ ჯამაგიძე(33%) და ალი ქარუმი (34%). იმავე წლის ივლისში კომპანიის 70%-ს უთმობენ თურქ ბიზნესმენ მირზე ჩელიკის, ხოლო ლაბარტყავა და ჯამაგიძე 15-15 პროცენტს იტოვებენ. ერთი წლის თავზე კი მირზე ჩელიკზე წილების გასხვისების ხელშეკრულება ანულირდება და მხარეები გასხვისებამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდნენ. მიზეზად თურქი ბიზნესმენის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა დასახელდა.
2011 წლის სექტემბერში ალი ქარუმის წილს სრულად ყიდულობს სერგო ლაბარტყავა და „მეტალონ ჯორჯია“-ს პარტნიორებად დღემდე რჩებიან ის, ანუ სერგო ლაბარტყავა (67%) და თამაზ ჯამაგიძე (33%).
რაც შეეხება უშუალოდ კომპანია „Kinland Georgia Mining“-ს, კომპანიაში წილი დღეს ორ ნაწილადაა გაყოფილი. წილის 90 %-ს ჩინური კომპანია „Chongqing Kinland“-ი ფლობს, ხოლო 10 %-ს შპს „ქედა“ (ამ 10%-ს ადრე სერგო ლაბარტყავა ფლობდა). თავის მხრივ, შპს „ქედას“ მფლობელები არიან სერგო ლაბარტყავა და თამაზ ჯამაგიძე 50-50 %-იანი წილით.
შპს „ქედას“ დაფუძნების პროცესში სერგო ლაბარტყავა და თამაზ ჯამაგიძე კუდ-ის მიერ იყვნენ დაკავებულები. „კუდ-ის თანამშრომლებმა ისინი 2010 წლის 30 მარტს დააკავეს, როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებმაც, შსს-ს ინფორმაციით, მეწარმეს თაღლითურად გამოსძალეს 370 000 ლარი, რის სანაცვლოდაც ჰპირდებოდნენ ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული თანხების შემცირებას. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. თუმცა, როგორც კონტროლის პალატის მასალებშია მითითებული, ამ ადამიანებმა წელს სოლიდური თანხები შესწირეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, – სერგო ლაბარტყავასა და თამაზ ჯამაგიძესთან დაკავშირებული ეს ინფორმაცია „ნეტგაზეთმა“ 2012 წლის ივნისში გაავრცელა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, მაშინდელ მმართველ პოლიტიკურ ძალას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, სერგო ლაბარტყავამ 40 ათასი ლარი როგორც შპს „Kinland Georgia Mining“-ის წარმომადგენელმა შესწირა. ამავე პერიოდში მმართველ პარტიას 40 ათასი ლარი შესწირა თამაზ ჯამაგიძემაც. რის საფუძველზე გაათავისუფლეს პატიმრობიდან ბიზნესმენები, ცნობილი არ არის.
მანამდე კი, 2011 წლის 21 ივლისს, თბილისში, #12 დაწესებულების დირექტორს, გედევან გაბელიას ლაბარტყავამ და ჯამაგიძემ, როგორც მსჯავრდებულებმა მიმართეს და ხელი მოაწერეს მინდობილობებს, რომლითაც მარიკა ნიაზაშვილს გადასცეს უფლება მათი სახელით შეექმნა შპს და შეესრულებინა ყველა საჭირო ოპერაცია. შპს „ქედას“ დასარეგისტრირებლად კი მარიკა ნიაზაშვილმა განცხადება საჯარო რეესტრში იმავე წლის ნოემბერში შეიტანა.
კომპანია Kinland Georgia Mining წილი 10% შპს „ქედა“-ს სწორედ სერგო ლაბარტყავამ მიყიდა.
ამ დროისთვის ქედის მუნიციპალიტეტში ოქროს ძიების სამუშაოები შეჩერებულია. ამ წლების განმავლობაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საძიებო სამუშაოები შეჩერდა.
მერისის მადნიანი კვანძის მფლობელი კომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირება „ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სინჯები ჩინეთშია გაგზავნილი და ლაბორატორიულად მუშავდება.
რა სიმდიდრის მფლობელია ქედის მუნიციპალიტეტი
„გეოლოგიური ძიების დროს მერისის მადნიანი კვანძის მადნებში აღინიშნა ოქროს შემცველობა 1,7-7,8 გ/ტონის ფარგლებში. რის საფუძველზეც ორი საბადოს (ვარაზა, ობოლო-კალნიკაია) ფარგლებში განისაზღვრა ოქროს პროგნოზული რესურსები 5,4 ტონის რაოდენობით“, – ნათქვამია გეოლოგების, გურამ ხომერიკისა და ტარიელ ტუსკიას ავტორობით გამოქვეყნებულ წიგნში. გეოლოგები წლების მანძილზე სწავლობდნენ მერისის მადნიან კვანძს.
გეოლოგების ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემი მხოლოდ მადნიანი ძარღვების გამოკვლევის შედეგია. რაც შეეხება ქანებს, ქანები ოქროს შემცველობაზე არ დასინჯულა.
ოქრო ქედაში ვარაზას, ობოლო-კანლიკაიას, წყალბოკელას, ვერხნალას, ველიბურისა და ვაიოს საბადოებზე მოიპოვება. გარდა ამისა, არის მადან-გამოვლინებებიც, ანუ ნიადაგი, სადაც ძვირფასი მინერალური ნივთიერებებია, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რომ მისი სამრეწველო მოპოვება დაიწყონ.
მერისის მადნიან კვანძზე მადნის კუსტარული მოპოვების მცდელობა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში ჰქონდათ. სპეციალისტების თქმით, ოქრო, რომელიც აჭარის რეგიონში მოიპოვება, თვალით უხილავია და მისი დამუშავება ქიმიური გზით ხდება. ერთ ტონა ქანში 5-10 გრამი ოქროს მოპოვებაა შესაძლებელი. გარდა ოქროსი მერისის მადნიანი კვანძი შეიცავს სხვა ძვირფას ლითონებსაც, რომლებიც ოქროზე გაცილებით ძვირი ღირს. მაგალითად სელენს, ტელერს, კადმიუს და სტრონციუმს. აღსანიშნავია იშვიათი ელემენტების შემცველობაც: კალიუმი – 700 გ/ტონაში, ვერცხლი – 100 გ/ტ, მოლიბენდი – 0.1% და გალიუმი – 30 გ/ტ.
ამ მონაცემების მიხედვით, მერისის კვანძის საბადოები კომპლექსურადაა წარმოდგენილი და მათი სამრეწველო პერსპექტიულობა მაღალია.
იმ შემთხვევაში, თუ ქედაში ოქროს მოპოვება აქტიურად დაიწყება, სპეციალისტები ამბობენ, რომ ეკონომიკურ სარგებელთან ერთად ეს რეგიონს ეკოლოგიურ პრობლემასაც მოუტანს. სპეციალისტებს ამის თქმის საბაბს ოქროს მოპოვების მეთოდი აძლევთ. ცნობილია, რომ ოქროს მოპოვების რამდენიმე მეთოდი არსებობს. მათ შორის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მეთოდია ციანიდით მოპოვება. მერისის მადნიან კვანძში მოიპოვება იმ ტიპის ოქრო, რომელიც თვალით უხილავია. მისი ამოღება კი მხოლოდ ქიმიური დამუშავების გზითაა შესაძლებელი.
მერისის მადნიანი კვანძი მერისის თემის სოფლებიდან საშუალოდ 10 კილომეტრით არის დაშორებული. სოფელში ამბობენ, რომ კომპანიის ორი-სამი წარმომადგენელი პერიოდულად ჩნდებოდა სოფელში სინჯებზე სამუშაოდ; ბოლოს კი 2012 წელს იყვნენ. ისინი ღამეს სოფელში ითევდნენ და სასინჯი მასის მოპოვებისთვის ადგილობრივ მოსახლეობის დახმარებითაც სარგებლობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მადნიანი კვანძის მიმართ სოფელში მაღალი ინტერესია, შეიძლება ითქვას, რომ სოფელში მის შესახებ ფაქტობრივად არაფერი იციან.
გეოლოგების – გურამ ხომერიკისა და ტარიელ ტუსკიას მიერ მოკვლეული ინფორმაციით, მერისის მადნიანი კვანძის გარდა ოქრო აჭარაში სხვაგანაც მოიპოვება. გეოლოგიურ-ძებნითი სამუშაოები რამდენიმე ადგილასაა ჩატარებული. კერძოდ: კირნათში, მარადიდში, ჭარნალში, ხალასთავში და ჩაქვისთავში.
„ჭარნალის მადანგამოვლინებაზე ოქროს შემცველობა შეადგესნ 5,5 გ/ტონას, ხოლო პროგნოზული რესურსები შეადგენს 6,0 გ/ტონას. კირნათის მადანგამოვლინებაზე ოქროს შემცველობა მერყეობს 0,2-8,4 გ/ტონის ფარგლებში. ხალასთავის მადანგამოვლინებაზე ოქროს საშუალო შემცველობა შეადგენს 4,0 გ/ტონას, ხოლო პროგნოზული რესურსები – 7,7 გ/ტონას. ჩაქვისთავის მადანგამოვლინებიდან აღებულ ზოგიერთ სინჯში ოქროს შემცველობა აღწევს 80,0 გ/ტონას. ძიებითი სამუშაოები არც ერთ მათგანზე დღეისათვის ჩატარებული არ არის.