ეკონომიკის სამინისტროში არ აკონკრეტებენ თანხის ოდენობას, რაც საჭირო იქნება ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისთვის. მათი განცხადებით, დაინტერესებულმა ინვესტორმა თავად უნდა წარმოადგინოს პროექტის საინვესტიციო ღირებულება, ხოლო გამარჯვებულ კომპანიას უნდა ჰქონდეს 20 მილიონი აშშ დოლარის საბანკო გარანტია წარმოდგენილი.
სატენდერო პირობების თანახმად, ქარხანამ უნდა აწარმოოს “ევრო 5” სტანდარტის ან მისი ეკვივალენტური, ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების მსუბუქი და საშუალო დისტილატები [მაგალითად, ნავთი, ბენზინი] და სხვა ნავთობპროდუქტები, რომლის 20% უნდა შესთავაზოს ადგილობრივ ბაზარს. ასევე, დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ სატენდერო პირობები საკმაოდ მიმზიდველია:
“საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა, რომელიც ეხება ქალაქ ფოთში, ნაბადას კუნძულზე მდებარე 325 ჰექტარზე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარებას. აღნიშული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უნდა აშენდეს, ექსპლოატაციაში შევიდეს და წარმოება დაიწყოს 2018 წლის ბოლომდე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ინტერესეთა გამოხატვაში გვაქვს ჩადებული მინიმალური პარამეტრები. ეს მოიცავს 2 მლნ ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავებას წლიურად. აღნიშნული ნედლი ნავთობის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ევრო 5–ის სტანდარტს. გამარჯვებულებს გამოავლენს სამთავრობო კომისია.”
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 325 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ინვესტორს 30-წლიანი სარგებლობის უფლებით გადაეცემა და, შესაბამისად, ამ დროის გასვლის შემდეგ დაუბრუნდება სახელმწიფოს.
რას შეცვლის ადგილობრივ ბაზარზე ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, საქართველო წელიწადში ტრანზიტით 13 მლნ ტონა ნედლ ნავთობს ატარებს. ნავთობპროდუქტების ადგილობრივი მოხმარება კი 1 მლნ ტონაა. ქუმსიშვილის პროგნოზით, თუ ფოთში ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდა, ეს ადგილობრივ ბაზარზე ნავთობპორდუქტებზე ფასის ცვლილებას გამოიწვევს:
“მხოლოდ იმ ნედლი ნავთობის 20% რომ გადაამუშავოს ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, რაც საქართველოდან ტრანზიტით გადის, მისი სიმძლავრე იქნება სრულად დატვირთული. ჩვენ ინვესტორებთან გვაქვს დამატებითი პირობა, რომ ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ 10%–იანი ფასდაკლებით იტალიურ პლაცთან შედარებით მიაწოდოს თავისი გამომუშავების 20% ადგილობრივ ბაზარს. ეს, ბუნებრივია, ფასზე შემცირების კუთხით იმოქმედებს.”
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ ახალი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის სურვილი არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც მთავრობამ ენერგოდამოუკიდებლობისაკენ გადადგა:
“ეს მნიშვნელოვანია, როცა ქვეყანას გააჩნია ნავთობპროდუქტების წარმოება. ამას დაემატება ის, რომ საწვავი შეიძლება გაიაფდეს. ეს წარმოება იქნება თანამედროვე, რომელიც გამოუშვებს ევროსტანდარტის მიხედვით წარმოებულ პროდუქციას.”
ენერგეტიკული ჯგუფის Petrogas-ის ვიცე–პრეზიდენტის ნიკო მჭედლიშვილის ინფორმაციით, უკვე არსებობენ პოტენციური ინვესტორები, ვისაც ფოთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენების სურვილი აქვთ:
“წინა მთავრობებსაც ჰქონდათ მცდელობა, რომ მოეზიდათ ინვესტორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისთვის. თუმცა, საბოლოო ჯამში, სერიოზულად არავინ დაინტერესებულა. რა ინფორმაციაც მაქვს, რამდენიმე პოტენციურმა ინვესტორმა გამოხატა თავისი სურვილი, რომ მთავრობას დაკონტაქტებოდა და მოლაპარაკებები დაეწყო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე. როგორც ჩანს, ინტერესი არის ინვესტორების მხრიდან და ეკონომიკის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ მოეწვია პოტენციური ინვესტორები და ინტერესის გამოხატვა გამოეცხადებინა.”
ეკონომიკის სამინისტროში პოტენციური ინვესტორის ვინაობას არ ასახელებენ და აცხადებენ, რომ ინტერესთა გამოხატვის ვადა პროექტზე 2015 წლის 10 თებერვალს იწურება.
რა რესურსს გადაამუშავებს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და როგორია კონკურენცია ბაზარზე
ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორამციით, საქართველოში მოპოვებულია საშუალოდ 27.7 მლნ ტონა ნავთობი. ბოლო ათი წლის განმავლობაში საშუალო წლიური მოპოვება 70,6 ათასი ტონაა.
“რა თქმა უნდა, ადგილზე მოპოვებული ნედლი ნავთობის ეს მოცულობა ვერ დატვირთავს ამ ქარხანას, რადგან საუბარია 2 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავებაზე. აქ პოტენციურად შეიძლება გადამუშავდეს აზერბაიჯანული და ასევე ცენტალური აზიის ქვეყნებიდან შემოტანილი ნავთობი. ქარხნის ადგილმდებარეობა არის ძალიან კარგი. აქედან ნავთობპროდუქტების გატანა დასავლეთის ბაზრებისკენ, რეგიონში არის ძალიან მნიშვნელოვანი,” – ამბობს ნიკო მჭედლიშვილი.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილის შეფასებით, ნავთობპროდუქტების გაყიდვის თვალსაზრისით კონკურენცია ძალიან დიდია შავი ზღვის აუზის ქვეყნებში:
“ჩვენს მეზობელ ქვეყნებს გააჩნიათ საკუთარი წარმოება – რუმინეთს, ბულგარეთს, თურქეთს. მიუხედავად ამისა, საქართველოს აქვს გასასვლელი ზღვაზე. მსოფლიოში მზარდი მოთხოვნაა ნავთობპროდუქტების წარმოებაზე, შესაბამისად, არის მოცემულობა, რომ ნავთობპროდუქტების გასაღების პრობლემა არ იქნება. თუმცა საჭირო იქნება ნედლი ნავთობის შოვნა, რომელიც უნდა იყოს ასევე იაფი, რომ პროდუქტი იყოს კონკურენტუნარიანი.”
2014 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 726,8 ათასი ტონა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (668,6 ათასი ტონა) 58,2 ათასი ტონით მეტია. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 306,9 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 419,9 ათასი ტონა.
ადგილობრივ ბაზარზე 5 ნავთობიმპორტიორი კომპანია – სოკარი, ვისოლი, ლუკოილი, რომპეტროლია და გალფი – ოპერირებს.
