„სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მაგალითიც ადასტურებს, რომ „ოცნების“ დამფუძნებლისთვის არანაირი ერთგულება არ არსებობს და როცა მას დასჭირდება, ყველას გაწირავს.

მისივე თქმით, მიმდინარე პროცესში კარგად ჩანს პარტიის რიგითი წევრებისა და მხარდამჭერების „ფსევდოერთგულებაც“.

„ირაკლი ღარიბაშვილიც კი ადასტურებს, რომ დღეს სახელმწიფო, და მისი ყველა შტო მიტაცებულია; ყველა გადაწყვეტილებას იღებს ერთი კაცი და ეს გადაწყვეტილებები პოლიტიკურად მოტივირებულია.
ჩვენთვის, ცხადია, ეს სიახლე არ არის, ამაზე წლებია ვსაუბრობთ და საზოგადოების დიდმა ნაწილმაც იცის. მაგრამ ღარიბაშვილისგან ნათქვამს ის ხალხიც მოისმინეს, ვინც შესაძლოა ჩვენ არ გვისმენდა ან/და გვიჯერებდა. შესაძლოა საჯაროდ არაფერი თქვან, მაგრამ არ მგონია, არ დაფიქრდნენ.

ღარიბაშვილის მაგალითი ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის არ არსებობს არანაირი ერთგულება. მას როდესაც დასჭირდება, ყველას გაწირავს, ყველაზე ერთგულსაც კი. ეს უკვე იცის „ქართული ოცნების“ ყველა წევრმა. თუმცა, როგორც მაღლა აღვნიშნე, საჯაროდ ვერავინ ვერაფერს იტყვის. ფიქრით კი ალბათ ფიქრობენ.

ამ პროცესში კარგად ჩანს პარტიის რიგ წევრთა/მხარდამჭერთა ფსევდოერთგულებაც – ადამიანები, რომლებიც გუშინ ღარიბაშვილს ადიდებდნენ, დღეს მას ლაფს ასხამენ. იგივე ადამიანები დღეს ვისაც აქებენ (სახელებსა და გვარებს არ დავასახელებ), ხვალ აუცილებლად მათაც მყისიერად გაიმეტებენ. ასე იქნება მანამ, სანამ მათი დრო არ მოვა.
პ. ს. ღარიბაშვილის წვლილი უდიდესია ჩვენი ქვეყნის ამ მდგომარეობამდე მიყვანაში“ – წერს ნინო დოლიძე.


„ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერსა და ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს 24 აგვისტოს ახალი ბრალდება წარუდგინეს – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღება. ის ბრალს არ აღიარებს და არ დასწრებია 25 აგვისტოს გამართულ პროცესს. ამავე დღეს გამოქვეყნებულ წერილში ღარიბაშვილმა თქვა, რომ სასამართლოში არ ივლის – „აღარ ვმონაწილეობ თქვენს სპექტაკლში!“.

პროკურატურის თანახმად, ღარიბაშვილმა ქრთამის სახით აიღო 750 ათასი ლარი. მას ეს ფული უშუალოდ ჯუანშერ ბურჭულაძემ გადასცა.

პატიმრობაში მყოფი „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი 17 აგვისტოს შემდეგ სოციალურ ქსელში წერილებს ავრცელებს. მისი მტკიცებით, „იძულებულს ხდიან“, რომ ბრძოლა დაიწყოს.

პირველად გამოქვეყნებულ პოსტში ყოფილმა პრემიერმა დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ციხეში მიიღო წერილი, სადაც კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ. ამავე განცხადებაში ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას ეკისრება.

მანვე თქვა, რომ წერილი ივლისში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა. ღარიბაშვილი ჰყვება, რომ იმავე დღეს მდინარაძეს გააგებინა თავისი პოზიცია და „კიდევ ერთხელ დაუფიქსირა“, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას.  წერილის მიხედვით, საპასუხოდ „მათ“ შეუთვალეს, რომ „მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა.

ღარიბაშვილის მტკიცებით, კორუფციულ დანაშაულზე ბრალი სწორედ ამ რისკის დასაზღვევად წარუდგინეს. ღარიბაშვილს მდინარაძემაც უპასუხა.