2015 წლის ბიუჯეტის პროექტში აქციზის გადასახადიდან მისაღები შემოსავლების რაოდენობა გაიზარდა.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აქციზის გადასახადიდან მიღებული საპროგნოზო შემოსავლების მაჩვენებელი 2015 წელს 808 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც 2014 წლის გეგმიურ მაჩვენებელს 9.3%–ით (69 მილიონი ლარით) აღემატება.
აქციზის გადასახადიდან 2013 წლის მიღებულ ფაქტობრივ მაჩვენებელს 2015 წელს დაგეგმილი 11.9%–ით (85.8 მილიონი ლარით) აღემატება.
საგადასახადო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი, რომელზეც ფინანსთა სამინისტრო 2014 წლის ზაფხულში მუშაობდა, პარლამენტში ორი კვირის წინ შევიდა. საკითხის საკომიტეტო მოსმენა არ მომხდარა, თუმცა თამბაქოსა და ლუდზე აქციზის ზრდას პარლამენტის ფრაქცია “მრეწველების” წევრები არ ეთანხმებიან:
პარლამენტარი გოგი თოფაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ალკოჰოლურ სასმელზე აქციზის გადასახადის ასეთმა მკვეთრმა მატებამ, შესაძლოა, ადგილობრივი წარმოება დააზარალოს:
“საქართველოში მსყიდველუნარიანობა ძალიან დაბალია. ეს იქნება დარტყმა ადგილობრივ წარმოებაზე. ასეთი ფასით ბიუჯეტი კი არ მოიგებს, პირიქით, წააგებს, რადგან სასმელს მყიდველი აღარ ეყოლება. ამიტომ ჩვენ ვიმსჯელებთ, ვიდავებთ, იქნება პაექრობა პარლამენტში. მოვითხოვთ აქციზის ფასის დაწევას იმისათვის, რომ ადგილობრივი მწარმოებელი არ დაგვეჩაგროს”.
რაც შეეხება თამბაქოს ნაწარმს, 2015 წლის 1-ელი იანვრიდან ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის განაკვეთი იზრდება 0.15 ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე(20 ღერზე) – 0.005 ლარის ოდენობით.
2015 წლის პირველი ივლისიდან აქციზის გადასახადის “შერეული სისტემა” შემოდის. წარმოდგენილი მექანიზმის მიხედვით, ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისათვის აქციზის განაკვეთი იქნება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული აქციზის განაკვეთის და ამ საქონლის საცალო-სარეალიზაციო ფასის 5%-ის ჯამი.
2012 წელს აქციზის გადასახადის წილი მშპ–ში 2.5%–ს შეადგენდა, 2013 წელს კი ეს მაჩვენებელი 2.7%–ის ნიშნულზე ავიდა. 2014 წელს აქციზის გადასახადისგან მთავრობა 739 მილიონი ლარის შემოსავალს ელოდება.
მთავრობამ თამბაქოზე აქციზის გადასახადი პირველად 2013 წლის 1 სექტემბერს გააძვირა. ერთ ყუთი ადგილობრივი წარმოების და იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე აქციზი გაიზარდა 60 თეთრიდან 75 თეთრამდე, ხოლო უფილტრო სიგარეტზე აქციზის არსებული განაკვეთი -15 თეთრიდან 20 თეთრამდე.
რაც შეეხება ლუდს, აქციზის გადასახადი 1 ლიტრზე 40 თეთრია, ხოლო 1 ლიტრ ეთილის სპირტზე –2,5 ლარი.








