ორდღიან ფორუმზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო “რედისონში” აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით იმართება, ჩინეთიდან, კორეიდან, ევროპიდან და აშშ–იდან 100–მდე ბიზენესკომპანიის წარმომადგენელი ჩამოვიდა. 

 

ფორუმის მიმდინარეობის პირველ დღეს ბიზნესჯგუფებმა კაპიტალდაბანდებების ინტერესი საქართველოს სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, საგზაო ინფრასტრუქტურის სეგმენტების მიმართ გამოხატეს. 

 

თურქული კომპანია “BALSU”-ს გენერალური მენეჯერი მუზაფერ ტავილოღლუ “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ თუ საქართველოში შესაბამისი ბიზნესპარტნიორი ნახა, სოფლის მეურნეობის სექტორში 6 მლნ აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს:

მუზაფერ ტავილოღლუ

“გვაქვს დიდი წარმოება იტალიაში და გერმანიაში. ჩვენ ვაწარმოებთ პროდუქტს, ვახდენთ თხილის გადამუშავებას, ასევე, გვაქვს პლანტაციები. ვეძებთ საქართველოში პლანტაციებს და ფერმებს, რომელთანაც ვითანამშრომლებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 3–5 წელიწადში საქართველო იქნება ნომერ მეორე თხილის მწარმოებელი ქვეყანა. საქართველოში თხილის ბიზნესი იტალიაზე სწრაფად ვითარდება.”

 

“BALSU”-ს გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ თხილის ბიზნესში პირველ ეტაპზე ინვესტიცია 6 მილიონი აშშ დოლარი იქნება: “ინვესტიციის რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ პარტნიორს ვნახავთ. ჩვენი წარმოება არის 60 ათასი ტონა თხილი წელიწადში და მიღებული მოგება 400 მლნ აშშ დოლარს უტოლდება.” 

 

ინვესტორი კორეიდან თაეკ ვონ სეო, რომელიც კომპანია “კორეა ვოთერ რისორ კორპორეიშენ”–ს წარმოადგენს, “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ საქართველოში ჰესების ოპერირება აინტერესებს: 

თაეკ ვონ სეო

“დაინტერესებული ვართ “ნენსკრა ჰესის” ოპერირებით. როდესაც ამ ჰესის მშენებლობა დასრულდება, შევეცდებით, ჰესის ოპერირების უფლება მივიღოთ. დაინტერესებული ვართ მესტიის რეგიონით. თუ ჰესების ოპერირების უფლებას მივიღებთ, 800 მლნ–ის ჩადებას ვგეგმავთ საქართველოს ენერგოსექტორში. ჯერ ხელი კონტრაქტზე არ მოგვიწერია, თუმცა ძალიან აქტიურად ვართ ჩართული პროცესებში.” 

ჯემალ ინაიშვილი

აზიის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კონფედერაციის პრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი იმედოვნებს, რომ ბიზნესფორუმის მეორე დღეს ინვესტორების მხრიდან საქართველოში კაპიტალდაბანდების კუთხით უფრო მეტი ინტერესი გაჩნდება:  

 

“ფორუმის ერთ–ერთი ამოცანაა დავაინტერესეოთ ჩვენი აზიელი პარტნიორები. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ჩვენ აზიისთვის მიმზიდველი ვართ. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ძირითადი ნომენკლატურა საინტერესო უნდა იყოს მათთვის, რომ მოხდეს მათი ინვესტირების შედეგად მიღებული პროდუქციის ევროპაში გატანა. აზიის ქვეყნების ინვესტორების ერთ–ერთი პრიორიტეტია ენერგეტიკა. აზიური კომპანიების და ფონდების მონაწილეობით ამ სეგმენტის ინვესტირება გაძლიერდება. აზიის ქვეყნების ინვესტორებს საქართველოში აინტერესებთ ტრანსპორტი, ლოჯისტიკა. ასეთი ფორუმები ეხმარება ინვესტორებს, რომ კონკრეტული კაპიტალდაბანდება განახორციელონ”.

 

აზიის ქვეყნებიდან ჩამოსულ ინვესტორებს “საკონსულტაციო კომპანიის “PMCG”-ი სფერობის შერჩევას და კაპიტალის დაბანდებაში ეხმარება. კომპანიის ხელმძღვანელი ლექსო ალექსიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა ინვესტორებისთვის სტაბილური ბიზნესგარემოა: 

 

“ნებისმიერ შემთხვევაში ინვესტორისთვის აუცილებელი პირობაა სტაბილურობა, რომელიც არ არის დაკავშირებული მხოლოდ პოლიტიკურ სტაბილურობასთან. სამართლებრივი, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური სტაბილურობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა კაპიტალდაბანდების განსახორციელებლად. შესაბამისად, ჩვენ არ ვართ მშვიდ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. ვითარება ახლო აღმოსავლეთში და უკრაინაში საკმაოდ მძიმეა. ინვესტორები შორეული ქვეყნებიდან უყურებენ ზოგად გარემოს. მთავარი ამოცანა არის ის, რომ მთავრობამ აჩვენოს ინვესტორებს, რომ საქართველო სტაბილური ქვეყანაა.” 

  ლექსო ალექსიშვილი

 აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოში 2007 წლიდან საქმიანობს. ბანკის ვიცე–პრეზიდენტის ვენჩაი ჟანგის განცხადებით, ბანკმა საქართველოში 4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა: “ჩვენ ვართ სპონსორები ამ ღონისძიების. ჩვენთვის საინტერსოა საქართველო. ეს ქვეყანა არის დამაკავშირებელი რგოლი ევროპასთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მრავალმხრივი ფინანსური ორგანიზაციები დაინტერესდნენ ამ რეგიონით, გამოიყენონ პოტენციალი და ხელი შეუწუყონ ბიზნესის განვითარებას.”

 

საერთაშორისო საინვესტიციო ბიზნესფორუმი თბილისში, სასტუმრო “რედისონში” დღეს დაიწყო და ხვალ დასრულდება. ფორუმი 29 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. ბიზნესფორუმს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *