ეკონომიკა

სად ჩადებენ კაპიტალს საქართველოში ინვესტორები ისრაელიდან

21 ოქტომბერი, 2014 •
სად ჩადებენ კაპიტალს საქართველოში ინვესტორები ისრაელიდან

საქართველო–ისრაელის ბიზნეს–პალატის ხელმძღვანელი საქართველოში იციკ მოშე ამბობს, რომ ისრაელის ინვესტიციით თბილისში ორი სასტუმრო აშენდება, ორი გადამამუშავებელი საწარმო აგროსექტორში და ერთი მაღალტექნოლოგიური საწარმო შეიქმნება. 

 

“თბილისში ორ დღეში 50 ბიზნესშეხვედრა გაიმართა და დამტკიცებულია 5 პროექტი, რაც კარგი შედეგია,” – ამბობს იციკ მოშე. მისი თქმით, საქართველოს აგრობიზნესში ინვესტირებით ისრაელი უფრო დაინტერესდა, რადგან ევროკავშრთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ეს ბაზარი საქართველოში მიღებული აგროპროდუქტისთვის გაიხსნა.  

 

საქართველო–ისრაელის ბიზნეს–პალატის ხელმძღვანელი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ინვესტიციები ისრაელიდან საქართველოში 2015 წელს კიდევ უფრო გაიზრდება.

 

თბილისში, საქართველო–ისრაელის ბიზნესფორუმზე 100–მდე მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანიის წარმადგენელი ჩამოვიდა. კომპანიის მენეჯერები ამბობენ, რომ საქართველოში უძრავი ქონების ბიზნესი, ტურიზმი და  სოფლის მეურნეობა აინტერსებთ.

 

ბიზნესმენი ისრაელოდან იციკ შავიდი, რომელიც საქართველოში “აიბი გრუპის” წარმომადგენელია, მცხეთაში “მცხეთა–იერუსალიმის” პროექტის განხორციელებას გეგმავს. იციკ შავიდი ამბობს, რომ ამ პროექტში 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებს:  

იციკ შავიდი

“ვიწყებთ “მცხეთა–იერუსალიმის”  პროექტს, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია. გაკეთდება რეზიდენცია ნაკვეთებზე და გაიყიდება ბინებად ადგილობრივ მცხოვრებლებზე. ამ ტერიტორიაზე გაშენდება ბიზნეს–ცენტრი. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში 2015 წელს გავზარდოთ ინვესტიცია. ჯამური ინვესტიცია, რომელიც საქართველოში 10 წელიწადში ჩავდე, შეადგენს 5 მილიონ დოლარს. “მცხეთა –იერუსალიმის” პროექტზე ვაპირებთ 3 მლნ დოლარის დახარჯვას.”


იციკ შავიდი მიჩნევს, რომ საქართველოში ტურიზმის განვითარებას დიდი პოტენცილი აქვს: “გვინდა, რომ საქართველოში ამუშავდეს უძრავი ქონების სექტორი. მცხეთაში კომპლექსს ქართველები აშენებენ. საქრთველოში ტურიზმში არის პოტენციალი და ინვესტირება უძრავ ქონებაში ამართლებს. ჩვენი პროგნოზით საქართველოში 5 წლის შემდეგ ტურიზმის სექტორიდან მიღებული მოგება გაიზრდება.”

 

საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმში მონაწილე ბიზნესსექტორის წარმომადგენლების შეფასებით, უძრავი ქონების გარდა საქართველოში კაპიტალდაბანდება საფინანსო სფეროში და სოფლის მეურნეობის სექტორში მომგებიანი იქნება. 

 

ბიზნესმენმა ისრაელიდან იაშა იგულამ 8 წლის განმავლობაში უძრავი სექტორის სფეროში რამდენიმე ათეული მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა. წელს კი სოფლის მეურნეობის სექტორით დაინტერესდა- გურიაში კივის პლანტაციების გაშენებას გეგმავს: 

იაშა იგულა

“2006 წლიდან ვაკეთებ ინვესტიციებს საქართველოში. ჩემთვის საინტერესოა უძრავი ქონება და სოფლის მეურნეობა. აგრარულ სფეროში უკვე ჩავდე ინვესტიცია და უკვე გავაშენეთ კივის პლანტაცია სოფელ სუფსაში. იმედი გვაქვს, რომ 2015 წელს იქნება პირველი პროდუქტი, რომელიც ბაზარზე გამოვა. შევისყიდეთ 63 ჰექტარი მიწა. იმედი გვაქვს, რომ მოსავალი 1 800 ტონა იქნება.” 


იაშა იგულა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების ფაქტს დადებითად აფასებს და იმედოვნებს, რომ გურიაში, სოფელ სუფსაში მიღებულ კივის მოსავალს ევროპის ბაზარზე გაიტანს:

 

“იმედი გვაქვს, რომ გურიაში მიღებული კივი საქართველოშიც გაიყიდება და ექსპორტზეც გავიტან ევროპაში. ხილის ექსპორტირება ფოთიდან ადვილი იქნება. ასევე ექსპორტს განვახორციელებთ რუსეთშიც, თუ ბაზარი ღია იქნება.” 

 

საქართველოს ტურიზმის, სასტუმროების ბიზნესში და საფინანსო სექტორში ინვესტირებას გეგმავს ბიზნესმენი ისრაელიდან დორი ბელფასი. მისი თქმით, უკვე შეარჩია ორი სასტუმრო თბილისში, მარჯანიშვილზე და რუსთაველზე, სადაც კაპიტალდაბანდებას განახორციელებს: 


“ჩემი კაპიტალდაბანდება დაახლოებით 3 მლნ აშშ დოლარი იქნება. მაინტერესებს ტურიზმის სექტორი საქართველოში. არსებობს დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ ისრაელიდან. ჩვენი ქვეყნის მოალაქეები მიხვდნენ, რომ საქართველოში იტალიის მსგავსად რამდენჯერმე უნდა ჩამოვიდნენ. მე მათ კარგ სასტუმრო სერვისს და ავტო და ჯიპ-ტურებს შევთავაზებ.”


საქართველოში ბიზნეს–პარტნიორს ეძებს ეთერ ელისშუსტე. მან “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ საქართველოში კოსმეტიკის გაყიდვას გეგმავს:

ეთერ ელისშუსტე

“უკვე ერთი თვეა ჩამოვედი საქართველოში. მინდა “ქაშმი ჰეას” პროდუქცია შემოვიტანო საქართველოს ბაზარზე.  უკვე ორი წელია  გვინდა ამ პროდუქციის შეტანა მაღაზიებში და სალონებში. ძალიან დაინტერესებული ვართ და თუ სახელმწიფო მოგვცემს უფლებას,  აქ შეიძლება კოსმეტიკის საწყობი ან ფაბრიკა გაჩნდეს.” 


საქართველო–ისრაელის ბიზნესფორუმის ფარგლებში შეხვედრები 22 ოქტომბერს “ისრაელის სახლში” გაგრძელდება. ბიზნესფორუმში ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი  და თბილისის მერი დავით ნარმანია მონაწილეობდნენ. 21 ოქტომბერს ფორუმზე სიტყვით საქართველოს პრემიერ–მინისტრი უნდა გამოსულიყო, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილი დღეს “ქორთიარდ მერიოტში” არ მივიდა. 

 საქართველო–ისრაელის ბინეს–ფორუმი “ქორთარდ მერიოტში”

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი