პროექტი 2014 წლის 1 ნოემბრიდან იწყება, ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია, შესრულების ვადა -22 თვე. მიკრო და მცირე მეწარმეები პროექტის ფარგებში ინდივუდუალურად 5 ათას ლარს, ხოლო ჯგუფურად 15 ათას ლარს მიიღებენ. თანამონაწილეობა ბიზნესის მხრიდან მიღებული დაფინანსების 20%–ია. პროექტის დაფინანსებამდე შერჩეულ მეწარმეებს ტრენინგი ჩაუტარდებათ და დაფინანსებას მხოლოდ ბიზნესგეგმის წარდგენის შემდეგ მიიღებენ.
პროგრამის ერთ–ერთი მოთხოვნაა, რომ მცირე და მიკრომეწარმეები რეესტრში უნდა იყვნენ დარეგისტრირებული და გადასახადებს იხდიდნენ.
საგადასახადო კოდექსით მიკრობიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ჯამური ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 ათას ლარს.
მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს; ამ სტატუსის მქონე პირები თავისუფლდებიან საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან.
მცირე ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მეწარმე ფიზიკურ პირს, რომლის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 100 000 ლარს.
მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 5%-ით; მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 3%-ით, თუ პირს აქვს ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ერთობლივი შემოსავლის 60 პროცენტის ოდენობის ხარჯების (გარდა დაქირავებულზე დარიცხული ხელფასის ხარჯისა) დამადასტურებელი დოკუმენტები.
რა მოლოდინი აქვთ მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს რეგიონებში და ვინ მიიღებს “აწარმოე საქართველოს” ახალი კომპონენტიდან დაფინანსებას?
თედო ღვინიაშვილი მიკრომეწარმეა და დედოფლის წყაროში პატარა საცხობს და თონეს ფლობს. მეწარმე აბობს, რომ ბიზნესის გაფართოებას გეგმავს, თუმცა საბანკო კრედიტი ძვირია:
“ჯერ ამ პროგრამის შესახებ არ ვიცი არაფერი. დაპირებები ბევრი გვსმენია, თუ ვინმე მცირე მეწარმებისკენ გამოიხედავს, კარგი იქნება. მაგრამ 20 % –იანი თანამონაწილეობა ჩემი ბიზნესისთვის დიდი თანხაა. შეიძლება რამდენიმე გავერთანდეთ ჯგუფში და ფული ისე მოვიზიდოთ.”
დავით ქურასბედიანი ლენტეხში მცირე მეურნეობას ფლობს: “არ ვიცი ჩემი წარმოება ამ პროგრამას თუ დააკმაყოფილებს. სამეწარმეო რეესტრში არ ვარ აღრიცხული. მყავს სამი ძროხა და რძეს და ყველს ვყიდი. თუ ამ პროექტიდან დაფინანსება მივიღე წარმოებას გავაფართოებ. “
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, “აწარმოე საქართველოს” მესამე კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებული დაფინანსება 4 ლოტზე განაწილდება:
პირველი ლოტი – აჭარა, გურია, სამეგრელო, ზემო სვანეთი –ბიუჯეტი: 6მლნ 100 ათასი ლარი.
მეორე ლოტი – კახეთი, მცხეთა–მთიანეთი, შიდა ქართლი – ბიუჯეტი: 5 მლნ ლარი.
მესამე ლოტი – იმერეთი, რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანთი – ბიუჯეტი 4 მლნ 520 ათასი ლარი
მეოთხე ლოტი: სამცხე–ჯავახეთი, ქვემო ქართლი – 4 მლნ 380 ლარი.
ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, თითოეულ ლოტიდან თვითმმართველ ქალაქებში რეგისტრირებულ ბიზნესუბექტებზე შეიძლება გაიცეს ლოტში გათვალისწინებული თანხის 20%.
“ეს არის სქემა. ჩვენი მიზანია მიკრო და მცირე ბიზნესის დეცენტრალიზაცია. პროგრამის განახორციელებს ის ორგნიზაცია, რომლის შერჩევაც მოხდება სპეციალური შერჩევის წესით, რომელსაც მეწარმეობის განვითარების სააგენტო შეარჩევს. პროექტის პოტენციურ განმახორციელებლად მოიაზრებიან არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაციები. პროექტის თითო ლოტს სავარაუოდოდ ერთი ორგანიზაცია ჩაიბარებს” –აცხადებს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
მეწარმეების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი ციკოლიას ინფორმაციით, სააგენტო მოახდენს ხარჯების ანაზღაურებას:”შერჩეული ორგანიზაციები წარადგენენ იმ მეწარმეებს, ვიზეც უნდა გაიცეს თანხა. თანხას გასცემს სააგენტო. პროგრამის მონიტორინგს ახორციელებს მეწარმეებზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია და სახელმწიფო.”
ეკონომიკის სამინისტრომ “აწარმოე საქათველოს” პროექტში მესამე კომპონენტის დამატება კომპანია “ბი პი საქართველოსთან” კონსულტაციების შედეგად გადაწყვიტა. კომპანიის წარმომადგებელი გია ღვალაძე “ნეტგაზეთთან” განმარტავს, რომ კომპანიამ მიკრო და მცირე მეწარმეების დაფინანსება იმ რეგიონებში, სადაც “ბაქო თბილისი ჯეიჰანის” მილსადენი გადის, 2012 წელს დაიწყო.
“კომპანიის ბიუჯეტი 2,5 მლნ ლარია. პროექტი 2012 წლის მაისში დავიწყეთ და 2015 წლის მაისში დასრულდება. ჩვენი სამიზნეა ის 208 სოფელი, სადაც ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენი გადის. პროექტის ფარგლებში ხდება არა მხოლოდ რეაბილიტაცია, არამედ სასოფლო-სამეურნეო სისტემის განვითარება, კოოპერატივების ხელშეწყობა. ჩვენ ბენეფიციარებს 1700 ლარამდე გრანტს ვაძლევთ მიკრობიზნესის გასავითარებლად. ეს უკვე მეხუთე პროექტია და მონიტორინგმა აჩვენა, რომ ჩვენს მიერ დაფინანსებული მიკრობიზნესების და მცირე საწარმოების 98% მუშაობს”.
გია ღვალაძე მიიჩნევს, რომ “აწარმოე საქართველოს” მიკრო და მცირე ბიზნესის კომპონენტი წარმატებული იქნება.
“აწრმოე საქართველოს” პროექტი ეკონომიკის სამინიტრომ 2014 წლის 19 მაისს დაიწყო. პროგრამის ბიუჯეტი 46 მლნ ლარი იყო. აქედან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებაზე უნდა დახრჯულიყო 30 მლნ ლარი, ინდუსტრიული პროდუქციის წარმოებაზე კი, 16 მლნ ლარი.
სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ბიზნესის 75% თბილისშია თავმოყრილი, ხოლო 25% -რეგიონებში.








