ეკონომიკა

დიასპორის ინვესტიციების სამიზნე საქართველოს ეკონომიკაში

14 ოქტომბერი, 2014 •
დიასპორის ინვესტიციების სამიზნე საქართველოს ეკონომიკაში

გერმანიაში ქართული დიასპორის წარმომადგენელმა ემზარ აფრიამაშვილმა, რომელიც ემიგრაციაში 17 წლის წინ წავიდა, აბასთუმანში საკალმახე მეურნეობის ასაშენებლად 100 ათასი ლარი უკვე დააბანდა: 

 

“მინდა ისეთივე წარმატებული გახდეს, როგორც ევროპის ქვეყნები. პირველ ეტაპზე 2014 წელს მოვახდინე საქართველოში 100 ათასი ლარის საკუთარი კაპიტალის ინვესტირება. მსურს საქართველოში შემოვიატნო გერმანული ინვესტიცია. აქ ინვესტორის ნდობის მოპოვება რთულია. ინვესტორი მე უფრო მენდობა.”

ემზარ აფრიამაშვილი აბასთუმანში საკალმახე მეურნეობის შემდეგ მცირე სასტუმროს აშენებას გეგმავს. მისი თქმით, აბასთუმანში ინვესტორები არ შედიან: “მე ამ მხარიდან ვარ და გული შემტკივა, რომ დღეს აბასთუმანი ინვესტორების ინტერესის სფეროში ვერ მოექცა. ვფიქრობ, ბიზნესი იმ მიმართულებით განვავითარო. ავაშენო სასტუმრო და ამ მხარეში ტურიზმიც განვავითარო.”

 

ისრაელის დიასპორის წარმომადგენელ ოთარ დანელიას ინვესტირებისთვის საქართველოში სოფლის მეურნეობის სფერო აინტერესებს. დანელია “ნეტგაზეთთან” ამბობს, რომ ცდილობს საქართველოში ისრაელიდან ადგილობრივი ინვესტორები შემოიყვანოს და სოფლის მეურნეობის სექტორში კაპიტალდაბანდება განახორციელოს: 

“ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან საართველოში სტაბილურად ხორციელდებოდა ინვესტიციები. ჩვენ გვინდა მეტი კაპიტალი და მეტი პროექტი შემოვიდეს. ჩემი კაპიტალით ინვესტიცია განვახორციელე წალკის რაიონში სოფელ წინწყაროში. შევისყიდეთ სახნავ–სათესი მიწები. მესამე წელია მოგვყავს კარტოფილის კულტურა. გვაქვს გეგმები მეცხოველეობის განვითარების დარგში. ის მხარე საკმაოდ საინტერესოა მეცხოველეობის კუთხით. შესაძლებელია სხვა ტექნოლოგიით ყველის წარმოება. ინვესტიციამ, ჯამში, 100 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.” 

 

დანელია ამბობს, რომ საქართველოში ბიზნესის განვითარებას გეგმავს: “ვაპირებ დავაინტერესო ჩემი მეგობრები ისრაელიდან, რომლებიც აგროცენტრებში არიან დასაქმებულნი. ისრაელს აქვს მიღწევები აგროსექტორში. თუ აქ, წალკაში კარტოფილის კულტურა ჰექტარზე 30 ტონა კარგ მოსავლად ითვლება, ისრაელში იმ ტექნოლოგიით, რომელიც მათ აქვთ დანერგილი, 70 ტონა კარტოფილის მოსავალი მოჰყავთ. ისრაელიდან ტექნოლოგიები უნდა შემოვიდეს. მალე ჩამოვიყვან ჯგუფს, რომელიც არა მხოლოდ აგროსექტორში ჩადებს ფულს, არამედ არ არის გამორიცხული, რომ საქართველოში აშენდეს ქარხანა, რომელიც “ლობის” ბრენდის კარებს აწარმოებს.”

 

საბერძნეთის დიასპორის წარმომადგენელი გიორგი ოკრიბელაშვილი, რომელიც საბერძნეთში და საქართველოში საერთაშორისო გადაზიდვების კომპანიას ფლობს, ადგილობრივ ბიზნესს ევროპის ბაზარზე პროდუქციის გატანას და დივერსიფიცირებას სთავაზობს: 

“ჩვენ ვართ გადაზიდვების ბიზნესში და უკვე განვახორციელეთ ინვესტიციები საქართველოში. “DCL კარგო” არის გადამზიდავი კომპანია, რომელსაც ჩვენ ვფლობთ. პირველი ექსპრესოპერატორი ვართ საფოსტო გადაზიდვებში. მეექვსე თვეა შევედით კონსოლიდირებული გადაზიდვების ბაზარზე. საქართველოში და საბერძნეთში გვაქვს სასაწყობე მეურნეობები. ჩვენ შეგვიძლია ბიზნესს შევთვაზოთ ტვირთების გადატანა და შემდეგ ევროპაში გაშლა. გვაქვს საკუთარი ავტოპარკი ევროპაში.”

 

დიასპორის წარმომადგენელი ჰოლანდიიდან მარეხ ტოგონიძე საქართველოში ბიზნესკონსალტინგით არის დაინტერესებული:

 

“საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირება აინტერესებთ ფონდებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ჰოლანდიიდან. დაინტერესებული ვართ საქართველოში არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ინტელექტუალური ინვესტირება განვახორციელოთ. გვაქვს ჩამოყალიბებული რამოდენიმე პროექტი. შევქმენით ბიზნესცენტრი ქუთაისში. ფოთში გვაქვს სასწავლო ცენტრი, რომელიც ფაქტობრივად ემსახურება პროფესიულ გადამზადებას გარკვეულ სპეციალობებში.” 

 

მარეხ ტოგონიძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ქმნის საფინანსო ორგანიზაციას, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას:

 

“ხარისხიანი საერთაშორისო კონსულტაციებით და ბაზრის კვლევით ბიზნესებს მიეცემათ საშუალება გავიდნენ უცხოეთში და მათი პროდუქციის პოპულარიზაცია მოხდეს. ევროპის სხვადასხვა ქვეყნების დიასპორა მზად ვართ, რომ აქტიურად ჩავებათ აქტუალურ საკითხებში, მოვახდინოთ ამა თუ იმ პროდუქტების პოპულარიაზაცია.” 

 

13 ოქტომბერს თბილისში, “შერატონ მეტეხი პალასში” “გლობალური დიასპორის კვირეულის ფარგლებში” კონომიკური ფორუმი გაიმართა, რომელშიც დიასპორის, ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ეკონომიკური ფორუმის მსვლელობისას საქართველოს ეკონომიკისთვის დიასპორის კაპიტალის და ინვესტიციების მნიშვნელობა აშშ–ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლამდმა შეაფასა: 

 

“მიმაჩნია, რომ ხალხი უფრო აცნობიერებს იმას, რომ მრავალი ქართველი, რომელიც გაემგზავრა საქართველოდან აშშ–ში თუ სხვა ქვეყნებში, ახლა ცდილობს, რომ თავის სამშობლოს დაუბრუნდეს და წვლილი შეიტანოს თავისი ქვეყნის განვითარებაში. ეს არ არიან მხოლოდ ცნობილი ადამინები. ისინი არიან პროფესიონალები სხვადასხვა დარგში. ექიმებია ამის კარგი მაგალითი, რომლებიც საქართველოში აწყობენ კონფერენციებს. თავის პრაქტიკას უზიარებენ ქართველ ექიმებს. ასევე, ქართველი ემიგრანტები აშშ–იდან ცდილობენ, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდას და მდგრადობას შეუწყონ ხელი. ეს კონფერენცია მიმართულია დიასპორის მეტი ჩართულობისკენ. აშშ არის ემიგრანტების ქვეყანა. როცა ემიგრანტი მიაღწევს წარმატებას თავის სამშობლოში, ის ცდილობს წვლილი შეიტანოს თავისი ქვეყნის განვითარებაში.” 

 

მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლის, ანჟელა პოგოჟინას შეფასებით, დიდია დიასპორის ინვესტიციების მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკისათვის: 

 

“ეს არის ხალხი, რომელსაც მოაქვს ცოდნა, ინვესტიციები. ფულადი გზავნილების 20 პროცენტი საქართველოში არის მშპ–ს 20%. ეს არის მნიშვნელოვანი კაპიტალის წყარო იმისთვის, რომ შემცირდეს სიღარიბე ქვეყანაში. შეუძლებელია, რომ არ გვახსოვდეს დიასპორის როლი და შეუძლებელია, რომ არ ჩავრთოთ დიასპორა საქართველოს ეკონომიკაში და მდგრადი განვითარების საქმინობაში. მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს  საქართველოს გარეთ, მათ დატოვეს ქვეყანა. შესაბამისად, იყო ბევრი გამომწვევი ფაქტორი, რის გამოც ისინი აქიდან წავიდნენ. უნდა გავხადოთ მიმზიდველი რეფორმები და ბიზნესგარემო, რომ მათ ქვეყანაში ინვესტირება მოუნდეთ.” 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.1% 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის. ამ ქვეყნებიდან გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1.5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიაკშვილის ინფორმაციით, საქართველოდან ერთ მილიონზე მეტი ეკონომიკურად აქტიური ადამიანია გასული:

“ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ემოციური, ისე ეკონომიკური თავლსაზრისით. ჩვენ უნდა გვქონდეს მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ ამ ადამიანების პოტენციალი გამოიყენოს ქვეყანამ. ქვეყნის ეკონომიკაში მათი ჩართულობის ხარისხი იყოს მაღალი. ამას ეძღვნება ეს კონფერენცია და ამისთვს ხდება ინფორმაციიის გაცვლა, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ.” 

 

“გლობალური დიასპორის კვირეული” თბილისში 18 ოქტომბერს დასრულდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი