ეკონომიკა

ნავთობიმპორტიორებმა საცალო ქსელში საწვავზე ფასი 3–6 თეთრით დაწიეს

25 სექტემბერი, 2014 • • 1463
ნავთობიმპორტიორებმა საცალო ქსელში საწვავზე ფასი 3–6 თეთრით დაწიეს

“ნეტგაზეთთან” კომპანია “გალფის” ვიცე–პრეზიდენტი ნინო ჯიბლაძე ამბობს, რომ საწვავზე ფასის კლების მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასის შემციება გახდა:

 

“საწვავი “გალფის” საცალო ქსელში 5–6 თეთრით გავაიაფეთ. ეს იმით არის გამოწვეული, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე ფასის კლების ტენდენცია ორი კვირის განმავლობაში შენარჩუნდა. კომპანია აპირებს ახალი მარაგების შემოტანას. თუ გაყიდვები გაიზრდება, მარაგებს უფრო სწრაფად შევავასებთ. კომპანიას მარაგი დაახლოებით 2 თვეს ყოფნის.”


კომპანია “ვისოლში” აცხადებენ, რომ თუ მსოფლიო ბაზარზე ფასის კლების ტენდენცია შენარჩუნდა, საქართველოში საწვავი კიდევ გაიაფდება:


“საერთაშორისო ბაზარზე არის ტენდენცია ნავთობზე ფასის კლების. ჯამურად 3–დან 5 თეთრამდე შეიცვალა ყველა პროდუქტის ფასი დღეს ჩვენს საცალო ქსელში. თუ საერთაშორისო ბაზარზე შენარჩუნდა კლების ტენდენცია, ეს აუცილებლად აისახება საწვავის ფასზე საქართველოში.”

 

2014 წლის  24  სექტემბრის მდგომარეობით, «PLATT”S»-ის მიხედვით, საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე შეადგენს: ბენზინი – 886,25 აშშ დოლარი/ტონაზე; დიზელი (L-62) – 799.25 აშშ დოლარი/ტონაზე; დიზელი (10ppm) – 820,25 დოლარი/ტონაზე; Jet – 858,50  დოლარი/ტონაზე; მაზუთი – 558.25  დოლარი/ტონაზე;

 

2014 წლის 24 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან, ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე (IСE Futures Europe) – Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 96.82 (- 0.03) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 92.80 (+ 1.24)  დოლარი/ბარელზე.


2014 წლის 25 სექტემბერს “ვისოლის” ავტოგასამართ სადგურებზე “ეკო სუპერის” შეძენა 2.29 ლარად არის შესაძლებელი, რაც 24 სექტემბრის ფასზე 3 თეთრით ნაკლებია. 3 თეთრით შემცირდა “ეკო პრემიუმის” და “ეკო რეგულარის” ფასი. 25 სექტემბრის მონაცემებით: 2.24 და 2.14 ლარს შეადგენს.

 

“გალფის” ავტოგასამართ სადგურებზე “პრემიუმის” ფასი 4 თეთრით შემცირდა და 2.22 ლარი შეადგინა. 6 თეთრით შემცირდა “ევროდიზელის” ფასი და 2.16 თეთრს გაუტოლდა.

 

“სოკარში” 3 თეთრით დაიკლო “სუპერის” და “პრემიუმის” ფასმა. 25 სექტემბერს “სუპერი” 2.30 – “პრემიუმი” 2.21 ლარი ღირს. “ევრო რეგულარის” და “რეგულარის” ფასი 5 თეთრით შემცირდა. “ევრო რეგულარი” 2.11 ლარი, ხოლო “რეგულარი” 2.07 ლარი ღირს.

 

“ლუკოილის” ავტოგასამართ ქსელში საწვავზე ფასი 3 თეთრით შემცირდა. “სუპერი”2.17, “პრემიუმი” და “ევროდიზელ” 2.9 ლარი ღირს.  

 

2014 წელს საწვავზე ფასი პირველად შემცირდა. წლის დასაწყისიდან საწვავის გაძვირება 5 კომპანიის ქსელში სამჯერ მოხდა. ბოლოს საწვავი 2014 წლის ივლისში გაძვირდა. 

 

საწვავის ფასი 2014 წლის 2 ივლისის მონაცემებით ბაზარზე მოქმედი 5 კომპანიის ბენზინგასამართ სადგურებზე შემდეგნაირად ფიქსირდებოდა:

 

ალფის ქსელში ევრო რეგულარის ფასი 2,22 თეთრი იყო, რეგულარის ფასი- 2,14, დიზელის -2,14. “ლუკოილის” ქსელში ევრო სუპერი –2,30; ევრო რეგულარი -2,10; ევრო დიზელი –2,25; დიზელი 2,14 ლარი ღირდა. ვისოლის ქსელში, აპი სუპერის ფასი – 2,35; ევრო რეგულარის -2,20; ხოლო აპი დიზელის 2,30 ლარი იყო; რომპეტროლს “ეფიქს სუპერი” 2,35 ლარად, “ევრო რეგულარი” 2,11 ლარად “ხოლო ევროდიზელი” 2,15 ლარად გამოჰქონდა. “სოკარის” ქსელში სუპერი 2,32, პრემიუმი 2,22, ევრო რეგულარი 2,14, რეგულარი 2,10; ხოლო ევროდიზელი 2,27 ლარი ღირდა.

 

2014 წლის ივლისში “რეგულარის” საწვავის ფასი 2,10 ლარი იყო. მაისის მონაცემებით, ამ საწვავის 1 ლიტრის ფასი საცალო ქსელში 2.03 ლარს უტოლდებოდა. 2013 წელს 1 ლიტრი რეგულარი 1,99 ლარი ღირდა, ხოლო 2012 წელს ამ ტიპის საწვავის ფასი 2,12 ლარი იყო. 2014 წლის 25 სექტემბერს რეგულარი 2.07 ლარია

 

კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 5 ოქტომბერს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს ბაზარზე მონოპოლიებს და კარტელურ გარიგებებს აღარ დაუშვებს:

 

„მთავრობა დააფუძნებს ანტიმონოპოლიურ კომიტეტს და არ დაუშვებს დღევანდელ მდგომარეობას, როდესაც ეკონომიკა მონოპოლიებით და კარტელური შეთანხმებებით იმართება. მონოპოლიებს ვერ ავიტან და ფასები უნდა იყოს საბაზრო. ვისაც აქვს კავშირი ფასებთან და მონოპოლიებთან და ვინც მონაწილეობს კარტელურ შეთანხმებებში, ამაზე უარი თქვან“ .

 

ბიძინა ივანიშვილთან ამ შეხვედრიდან მეორე დღესვე, 6 ოქტომბერს, კომპანია „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ“ ყველა ტიპის საწვავზე ფასი 8 თეთრით შეამცირა. ფასი შეამცირეს საწვავზე „გალფიმ,“ „რომპეტროლმა,“ „ლუკოილმა“ და „სოკარმა“.

 

რაც შეეხება კონკურენციის სააგენტოს, 2014 წლის 15 აპრილიდან ორგანიზაციას გიორგი ბარაბაძე ხელძღვანელობს. სააგენტოს ხელმძღვნელმა მედიასთნ განაცახდა, რომ უწყება 2015 წლის 1 იანვრიდან გააქტიურდება.

 

ამ დროისათვის ნავთობპროდუქტების ბაზარზე 5 კომპანია- ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია, „გალფი,“ „რომპეტროლი,“ „ლუკოილი“ და „სოკარი“ ოპერირებს.  

 

საწვავი
საწვავი

მასალების გადაბეჭდვის წესი