ეკონომიკა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ “თაღლაურა” და რამდენიმე ობიექტი დახურა

17 სექტემბერი, 2014 •
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ “თაღლაურა”  და რამდენიმე ობიექტი დახურა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, შპს “თაღლაურა მენეჯმენტ კომპანის'” კუთვნილი სახინკლე “თაღლაურა” დახურა. 

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სხვა დარღვევებთან ერთად, სახინკლეში ვერ წარმოადგინეს ხორცის კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ფორმა N2, რის გამოც “თაღლაურა” დაიხურა და შპს “თაღლაურა მენეჯმენტ კომპანი'” დაჯარიმდა 1000 ლარით.

კრიტიკული შეუსაბამობების გამო დაიხურა ასევე რძის პროდუქტების სექცია ახალციხის აგრარულ ბაზარში (შპს “სავაჭრო ცენტრი ახალციხე”), სადაც დარღვეული იყო რძის პროდუქტების (არაჟანი, რძე, კარაქი) შენახვა-რეალიზაციის პირობები, კოროზირებული იყო ხორცის დასაკიდი კაუჭები. ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა ვეტერინარული მოწმობა ფორმა N2, რის გამოც დაჯარიმდა 1000 ლარით. 

ფორმა N2-ის გარეშე ხორცის რეალიზაციისა და სხვა დარღვევებისათვის კახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა საწარმოო პროცესი შეუჩერეს და 1000 ლარით დააჯარიმეს სიღნაღის რაიონის ქალაქ წნორში მდებარე ხორცის სარეალიზაციო ობიექტი შპს “მარი 97”.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა ნინოწმინდის რაიონის სოფელ ხანჩალში დახურეს ი.მ “ვაგრამ ადუმიანის” რძის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო, რომლის შენობაში წარმოების პარალელურად მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაობი;

 

“არ ჰქონდათ სამაცივრე დანადგარები, რის გამოც დარღვეული იყო სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი; კოროზირებული ინვენტარი და მწერები – ასეთია იმ დარღვევების ჩამონათვალი, რის გამოც რძის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო დაიხურა, ბიზნესოპერატორი კი 1000 ლარით დაჯარიმდა” –აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში. 

ანტისანიტარიისა და ტექნოლოგიური პროცესის ნაკადურობის დარღვევისთვის დაიხურა ბათუმში, გამსახურდიას და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე შპს”ჰოფას” კუთვნილი საშაურმე, სადაც ინსპექტირება სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა განახორციელეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი