როგორც “ნეტგაზეთს” კომპანიის ადმინისტრაცის წარმომადგენელმა ირინა ქოსაშვილმა განუცხადა, მხარეებს შორის ჯერ გარიგება ბოლომდე დასრულებული არ არის, თუმცა პირველი ტრანზაქცია უკვე განხორციელდა.
გარიგების დასრულების შემდეგ ქსელის ამჟამინდელი მფლობელის, გიორგი შევარდნაძის წილი „გუდვილში” 40%-მდე შემცირდება.
„გარიგება 30 ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს, პირველადი ინვესტიციის მოცულობა 4,8 მლნ ლარია, რომელიც კომპანიაში შევიდა და მის განვითარებას, ასევე, უზრუნველყოფილი კრედიტორის, „თიბისი ბანკის” მოთხოვნის დაფარვას მოხმარდება” – განუცხადა ირინა ქოსაშვილმა “ნეტგაზეთს”.
“გუდვილის ადმინისტრაციის ინფორამციით, “მილან ინვესტი” ერთ-ერთი მსხვილი იტალიური საინვესტიციო ფონდის მიერ დაფუძნებული კომპანიაა. კომპანიის დამფუძნებელ ფონდს კი საცალო ვაჭრობისა და დისტრიბუციის სფეროში გამოცდილება გააჩნია.
კომპანია „გუდვილს“ ფინანსური სირთულეები 2013 წლის გაზაფხულზე შეექმნა. 1 ივნისიდან გუდვილი–ქარვასლა (სუპერმარკეტი სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში) დაიხურა. 2013 წლის 15 ივლისს დაიხურა „თბილისი ცენტრალში“ მდებარე “გუდვილის” ობიექტიც. მაშინ “გუდვილის” მარკეტინგის სამსახურში განაცხადეს, რომ ეს ობიექტები ფინანსურად არამომგებიანი იყო და ამიტომ დაიხურა.
კომპანია “გუდვილი” საქართველოს მასშტაბით 2 ჰიპერმარკეტს, 6 სუპერმარკეტს, კაფეტერიებს და ბულანჟერიებს ფლობს.

