ეკონომიკასამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთი რუსი ტურისტებისთვის ბრძოლაში

1 სექტემბერი, 2014 • • 2917
აფხაზეთი რუსი ტურისტებისთვის ბრძოლაში

ჩეხეთის გაზეთები აჭრელებულია სათაურებით, რომ რუსეთიდან ტურისტების რაოდენობა წელს თითქმის ორჯერ შემცირდა. ვერ ვიტყოდი, რომ ეს პრაღის ცენტრში შეიმჩნევა – აქ რუსულენოვანი საუბრები, როგორც წესი, ყველა მხრიდან ისმის – თუმცა სასტუმროებისა და რესტორნების მეპატრონეებისთვის, რომლებიც ზარალს ითვლიან, ეს უფრო თვალსაჩინოა. დაახლოებით ასეთსავე სიტუაციაში არიან დღეს მათი იტალიელი კოლეგებიც, თუმცა მათ იტალიის მთავრობა ეხმარება, რომელიც დღეს რუსეთის მოქალაქეებს მულტივიზებს აძლევს ერთი ან სამი წლის ვადითაც კი. ერთგვარ გამონაკლისად რჩება ესპანეთის მთავრობა, რომელმაც ჯარიმები დააწესა პლაჟის ზონის მიღმა შეუფერებელ ფორმაში სეირნობისა და ტროტუარებზე ველოსიპედით სიარულის გამო, რისთვისაც კრიტიკა დაიმსახურა ექსპერტებისგან – ესპანეთში ტურისტული ინდუსტრიისა და მთლიანად ეკონომიკის მდგომარეობა არ იძლევა ჯერ ისეთი შეზღუდვების შემოღების შესაძლებლობას, რამაც შეიძლება ტურისტები დააფრთხოს.

 

აფხაზეთი ესპანურ ტრენდში აღმოჩნდა. სოხუმის საკრებულო უეცრად შეშფოთდა დამსვენებლების ვიზუალითა და გარეგნული ფორმით. 11 აგვისტოს, ცხელი ტურისტული სეზონის დროს, საკრებულოს დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აუკრძალონ მოქალაქეებს საცურაო კოსტუმებით სიარული საპლაჟო ზონების მიღმა. ესთეტიკური თვალსაზრისით ეს შეიძლება შემაშფოთებელი არ არის, მაგრამ ნუთუ ასე კარგადაა საქმე ნაწილობრივ აღიარებულ რესპუბლიკაში ტურისტული თვალსაზრისით, რომ ასეთი შეზღუდვები დააწესო ტურისტებისთვის?

 

ადგილობრივ სახელმწიფო მოხელეები დაუღალავად იმეორებენ, რომ ყველაფერი კარგადაა. ყველასთვის საერთო ფორმულად იქცა გამოთქმა, რომ “ტურისტები წელს არ არიან იმაზე ნაკლები რაოდენობით, ვიდრე – შარშან იყვნენ”. თანაც ამაში ხალხის დარწმუნება დაიწყეს ტურისული სეზონის დასაწყისიდანვე, როცა მსგავსი ოპტიმისტური დასკვნებისთვისთვის არავითარი საფუძველი არ იყო. სამაგიეროდ იყო ყველანაირი მიზეზი რეალობის შესაფერადებლად მარკეტინგული თვალსაზრისით: აფხაზეთის პოლიტიკურმა კრიზისმა მაისში ბევრი რუსი ტურისტი შეაშინა (საგზურების დაახლოებით 20% უკან დააბრუნეს მიმდინარე წლის მაის-ივნისში).

ზღვის სანაპირო სოხუმში, ფოტო: abhazy.com
ზღვის სანაპირო სოხუმში, ფოტო: abhazy.com

 

წლევანდელი ტურისტული სეზონის შეჯამება ჯერ  კიდევ ადრეა თუნდაც იმის გამო, რომ სეზონი აფხაზეთში მთელი სექტემბრის განმავლობაშიც გრძელდება. როგორც წესი, დამსვენებლების შესახებ სტატისტიკური მონაცემები წლის ბოლოს ქვეყნდება. რა თქმა უნდა, არსებობს შსს-ს მონაცემები, მაგრამ ეს სტატისტიკა მხოლოდ იმას ასახავს, თუ რამდენმა მოქალაქემ გადაკვეთა ფსოუზე სასაზღვრო პუნქტი. საიდუმლო არ არის, რომ რუსების უმრავლესობა აფხაზეთში ერთდღიანი ექსკურსიით ჩამოდის – ძირითადად, რიწის ტბასა და ახალ ათონში. აფხაზეთში ერთი დღით შემომსვლელთა რაოდენობამ სეზონზე 1 მილიონ ადამიანს მიაღწია, მაგრამ აფხაზეთის ტურისტული ინდუსტრიისთვის, რა თქმა უნდა, უფრო მნიშვნელოვანია ტურისტები, რომლებიც ჩერდებიან სასტუმროებში (ან კერძო სექტორში), იკვებებიან რესტორნებში და დადიან მაღაზიებში.

 

ტურისტის ერთ დღეზე მეტი ხნით შეჩერება აფხაზეთში მარტივი ამოცანა არ არის. ბუნებრივი სილამაზე და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ფაქტობრივად, ერთადერთ პლუსად რჩება აფხაზეთისთვის, რომელიც ჩართულია რუსი ტურისტების მოპოვებისთვის ბრძოლაში. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში ჯერ კიდევ არ არის შემოღებული აკძრძალვა მოწევისთვის საზოგადოებრივ ადგილებში. 2012 წლისდან კი საგზაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს აკრძალული აქვთ რუსეთის ნომრებიანი მანქანების გაჩერება (თუკი ძალიან უხეშად არ ირღვევა საგზაო მოძრაობის წესები).

 

მთავარი კონკურენტი – დიდი სოჭის რეგიონია, რომელსაც აშკარად უფრო განვითარებული ინფრასტრუქტურა აქვს, განსაკუთრებით წლევანდელი ზამთრის ოლიმპიური თამაშების შემდეგ. გზებით, სასტუმროებით, გასართობი დაწესებულებებითა და ატრაქციონებით სოჭს აფხაზეთი ვერ შეედრება. თუმცა არის ერთი “მაგრამ” – სოჭში ფასები ასტრონომიულია. აფხაზეთშიც სიძვირეა (საჭირო პროდუქტების ძირითადი ნაწილი სწორედ სოჭიდან შემოდის), მაგრამ არა – ისე ძალიან. უნდა ითქვას, რომ თურქეთის ნებისმიერი კურორტი ხარისხითა და ფასით სოჭს და აფხაზეთს ძალიან შორს იტოვებს უკან. ამ პირობებში ძალიან დიდი პატრიოტი უნდა იყო, რომ არ აირჩიო თურქეთი.

 

პატრიოტობისთვის კი დღეს რუსეთში საუკეთესო ვითარებაა. ამას აჩვენებს ნაწილობრივ ევროპაში რუსი ტურისტების რაოდენობის ვარდნაც. თუმცა პატრიოტებისთვის მთავარ ამოცანად იქცა ყირიმი, რომელიც დღესდღეობით სოჭისა და აფხაზეთის მთავარი კონკურენტია. ასეთი პროპაგანდისტული კამპანია არც ერთ კურორტს არ ღირსებია! თუმცა ყირიმის სურათს აფუჭებს სახმელეთო კომუნიკაციის ნაკლებობა და საშინელი საცობები ქერჩის გადასასვლელზე, ასევე – ომი უკრაინის აღმოსავლეთში. რუსი ტურისტები ყირიმში არიან, მაგრამ ისინი ვერ ახდენენ რამდენიმე მილიონი უკრაინელი დამსვენებლის დანაკარგის კომპენსირებას.

 

ვარაუდი, თუ როგორ განაწილდებიან ტურისტები ყირიმს, სოჭსა და აფხაზეთს შორის წელს, ჯერ რთულია. ადგილობრივი ბიზნესმენები ამბობენ, რომ წელს აფხაზეთში ტურისტები არიან, მაგრამ სასურველზე უფრო ნაკლები რაოდენობით. წინასწარ იმის თქმა, თუ რა იქნება მომავალში, უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების ფონზე, უბრალოდ შეუძლებელია. ნათელია მხოლოდ ერთი რამ – აფხაზეთი რჩება რუსეთიდან ტურისტების ნაკადის ტყვეობაში, რომელსაც აქვს ძალიან ცოტა უპირატესობა კონკურენციის გასამაკლავებლად. ამასთან, რუსეთში გამწვავებული ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც ხელს უწყობს დასავლური სანქციები, უკვე ახდენს გავლენას რუსების სურვილსა და შესაძლელობებზე, რომ დაისვენონ. არა იმდენად პატრიოტიზმით, არამედ შემოსავლების შემცირების ან მოსალოდნელი შემცირებით შეიძლებელი აიხსნას ევროპაში რუსი ტურისტების რაოდენობის სერიოზული შემცირება.  რუსეთის ტუროპერატორები ერთმანეთის მიყოლებით აცხადებენ თავს გაკოტრებულად, სწორედ იმიტომ, რომ შეუმცირდათ კლიენტები.

არის თუ არა აფხაზეთი მზად იმისთვის, რომ მომავალში მას შეიძლება სერიოზული ჩავარდნა დაემუქროს? – კითხვა რიტორიკულია. არ არის მზად და არც ემზადება ამისთვის. დღეს აფხაზეთი ცდილობს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას, სწორედ ამაზეა ახლა ადგილობრივი საზოგადოების ყურადღება გადატანილი.

 


სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი