სომხეთის ენერგეტიკის მინისტრი ერვანდ ზაქარიანი და  კომპანია “Anaklia IEP Holding” –ის 100%-ის მფლობელი და გენერალური დირექტორი თეიმურაზ ქარჩავა ამ საკითხზე 22 აგვისტოს ერევანში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ და მხარეებს შორის შესაბამისი ხელშეკრულებაც გაფორმდა.  

 

ვინ არის თეიმურაზ ქარჩავა და რა ბიზნესს ფლობს   საქართველოში?

 

თეიმურაზ ქარჩავას საქართველოში ჩამოსვლამდე ბიზნესს რუსეთში აწარმოებდა. ქარჩავა მოსკოვში ვიპ კლუბ “ნაციონალს” ფლობდა, სადაც რუსეთის მაღალჩინოსნები  იკრიბებოდნენ. ვიპ კლუბი მოსკოვში დღესაც ფუნქციონირებს და კაზინოსა და რესტორანს აერთიანებს.  

kommersant.ru   ცნობით, 2004 წელს თეიმურაზ ქარჩავა რუსეთში სამართალდამცავებმა ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელ დენის მიხაილოვისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავეს. როგირც გაზეთი kommersant.ru წერდა, ქარჩავამ მიხაილოვს ქრთამის სახით Mercedes SLK 350 სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის მიღების სანაცვლოდ გადასცა.

 

საქართველოში თემურ ქარჩავა ბიზნესსაქმინობას 2008 წლიდან იწყებს.  საჯარო რეესტრის მონაცემებით, თეიმურაზ ქარჩავა საქართველოში ფლობს კომპანიებს  “ანაკლია გაზს, ”ჭურიას“,  “კონცერნი თექას”, “ანაკლია ინდუსტრიული ეკო პარკი & პორტი Anaklia Industriuli Eko Parki & Port” –ს, “შავი ზღვის პორტი ანაკლიას”, “შავი ზღვის ნავსადგურს” და “შატო მანავს”.

 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შვიდივე კომპანიაში თეიმურაზ ქარჩავას წილი 100% –ს შეადგენს. კომპანია “შატო მანავი” რუსეთის ბაზარზე ღვინის ექსპორტს ახორცილებს. 

 

თეიმურაზ ქარჩავას კონსორციუმი “Anaklia IEP Holding” –ი  ანაკლიაში 6 მილიარდი ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს.

 

თეიმიურაზ ქარჩავას კომპანია  2009 წლიდან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებულ “ანაკლიის პორტის” მშენებლობაში მონაწილებდა.

 

livepress.ge-ს ინფორმაციით, ანაკლიის საკურორტო ზონაში სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის ნებართვა შპს „ანაკლია პორტმა“ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 2009 წლის 20 ოქტომბრის № 732 განკარგულების საფუძველზე მიიღო.

 

ხელშეკრულების თანახმად, მშენებლობა 2013 წელს უნდა დასრულებულიყო და მასში 5–6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადებულიყო.

 

მშენებლობა საზღვაო ნავსადგურის, სარკინიგზო და საავტომობილო გზების, სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვების ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკული და საინჟინრო მომსახურების მშენებლობას მოიცავდა.

 

პროექტი ვერ განხორციელდა  და  ეკონიმიკის სამინიტრო ბიზნესმენს 2012 წლის ოქტომბერში საინვესტიციო პირობების დარღვევისათვის 100 მილიონ აშშ დოლარს ედავებოდა.     

 

რატომ აშენებს თბოელექტოსადგურს “Anaklia IEP Holding” –ი  სომხეთში

 

თეიმურაზ ქარჩავას განცხადებით,  თბოელექტროსადგური სომხეთში, ქალაქ ვანადზორში  ყოფილი კიროვაკანის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე აშენდება. დაიდგმება ორი ტურბინა და თითოეულის სიმძლავრე  270 მეგავატი იქნება.

 

სომხეთში  540 მეგავატი სიმძლავრის გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ განცხადება კომპანია “Anaklia IEP Holding” –ის ხელმძღვანელმა თეიმურაზ ქარჩავამ 26 აგვისტოს თბილისში, “რია ნოვოსტის” პრესცენტრში გააკეთა.

 

ქარჩავას ინფორმაციით, სომხეთის მთავრობა თავის მხრივ  უზრუნველყოფს მშენებლობისათვის მიწის ნაკვეთის დაკანონებას, საგადასახადო შეღავათებს, თბოელექტროსადგურის გაზით უწყვეტ მომარაგებას და ელექტროენერგიის ექსპორტს საქართველოში.

 

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად სომხეთში თბოსადგურს ააშენებს და ექსპლოატაციას გაუწევს კომპანია “ანაკლია ენერჯი”.

 

“ობიექტის მშენებლობის დროს და ექსპლოატაციის 5 წლის განმავლობაში სომხეთის მთვრობა “ანაკლია ენერჯის” გადასახადებისგან ათავისუფლებს. თითქმის მთელი ელექტროენერგია, რომელსაც თბოსადგური გამოიმუშავებს [4 მილიარდი კილოვატსაათი], ექსპორტისთვის არის განკუთვნილი” –აცხადებს ქარჩავა.

 

მისი თქმით, ვანადზორში გამომუშავებული ელექტროენერგია გამოყენებული იქნება კონსორციუმი “Anaklia IEP Holding” –ის პროექტების შეუფერხებლად განსახორციელბლად.

 

“ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის და კონსორციუმის სხვა პროექტების განხორცილებისთვის 400 მეგავატი ეექტროენერგია სჭირდება, რისი შესაძლებლობაც დღეს საქართველოს ენერგოსისტემას არ აქვს. სომხეთში თბოელექტროსადგურის ამუშავებას 18 თვე სჭირდება, ხოლო საქართველოში ჰესის ამუშავებას- 8 წელი”.

 

“გაზის თბოელექტროსადგურის მშენებლობა სომხეთში პირველი ინვესტიციაა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის”–აცხადებს თეიმურაზ ქარჩავა.

 

ქარჩავას განცხადებით, კონსორციუმი  “Anaklia IEP Holding” –ი საქართველოში ანაკლია–პორტის მშენებლობის გარდა ინვესტირებას გეგმავს ჰიდროელექტროსადგურის და მეტალურგიულ წარმოებაში . კერძოდ, სომხეთში და ყაზახეთში მოპოვებული კონცენტრატებიდან რკინის, სპილენძისა და ალუმინის გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობას.

 

“კონსორციუმის ინვესტირების შედეგად საქართველოში 30 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება და “Anaklia IEP Holding”–ი ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი გადამხდელი იქნება”– განაცხადა ქარჩავამ 2014 წლის 26 აგვისტოს “რია ნოვოსტის” პრესცენტრში.

 

სომხეთში თბოელექტროსადგურის მშენებლობა ერევანში საქართველოს დელეგაციის ვიზიტისას გადაწყდა.

 

საქართველოს დელეგაცია სომხეთში 19– 22 აგვისტოს იმყოფებოდა. დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, ენერგეტიკის მინისტრები, ასევე პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და კრიზისების მართვისა და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე მინდია ჯანელიძე შედიოდნენ.

 

“ნეტგაზეთი” ჯერჯერობით ვერ დაუკავშირდა თეიმურაზ ქარჩავას. 

სომხეთის ენერგეტიკის მინისტრი და ბიზნესმენი ტეიმურაზ ქარჩავა
სომხეთის ენერგეტიკის მინისტრი და ბიზნესმენი ტეიმურაზ ქარჩავა

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *