ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განმარტება გააკეთა:

 

“სააგენტომ საქართველოს შეფასება „სტაბილურიდან“ „პოზიტიურში“ გადაიყვანა, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ძალიან სასიხარულოა და, ვფიქრობთ, კარგია, არა მხოლოდ სახელმწიფო სესხების ნაწილში, არამედ კომპანიებისთვის. ეს მათ კერძო საკრედიტო რესურსის ნაწილში გაცილებით გაუადვილებს საკრედიტო რესურსის მოზიდვას. ეს ეხება როგორც საფინანსო ინსტიტუტებს, ასევე იმ კომპანიებს, რომლებიც საკრედიტო ურთიერთობებში იმყოფებიან უცხოელ პარტნიორებთან” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ – „Moody’s” გამოაქვეყნა საკრედიტო რეიტინგი, რომელშიც საქართველოს მიენიჭა „Ba3″ კატეგორია (გრძელვადიანი ადგილობრივი და უცხოური ვალუტის რეიტინგი), აღნიშნული რეიტინგის თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი ერთი პოზიციით გაუმჯობესდა. ხსენებული რეიტინგი სააგენტომ კიდევ ერთხელ დაადასტურა 2012 წლის აგვისტოში.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის  განაცხადებით,  ეს ფინანსური რეიტინგი, უშუალოდ აისახება ქვეყნის ფინანსურ ბაზრებზე:

 

„ძალიან მნიშვნელოვანია რომ გაუმჯობესდა მოლოდინი საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე. Moody’s ერთ-ერთი ცნობილი სარეიტინგო კომპანიაა და პროცესები, რომელიც ბოლო პერიოდში მიმდინარეობს საქართველოში, კომპანიამ  ჩათვალა საკმარისად იმისათვის, რათა ქვეყნის სარეიტინგო მაჩვენებელი გაეუმჯობესებინა. ეს რეალური ინფორმაციაა ბიზნესისათვის და ფინანსური ბაზრებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ უფრო იაფი რესურსი მოიზიდონ ქვეყანაში, უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელონ.“ 


საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Moody’s Investors Service-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული

 

“ცვლილების მთავარი ფაქტორი 2014 წლის სექტემბერში საქართველოსა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ამოქმედებაა, რომელიც Moody’s-ის პროგნოზით, მიიზიდავს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს საქართველოში და ხელს შეუწყობს ექსპორტს. 2013 წელს ქართული ექსპორტის 21% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა მაშინ, როცა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ევროპული ბლოკიდან – უმეტესად ნიდერლანდებიდან, ლუქსემბურგიდან და გერმანიიდან 2010-2013 წლებში საქართველოში მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 43% შეადგინა” – ნათქვამია საკრედიტო-სარეიტინგო კომპანიის განცხადებაში.

 

Moody’s-ის პრესრელიზშია აღნიშნული, რომ საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობები და ეკონომიკური მართვა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ.

 
Moody’s ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა “მსოფლიო ბანკის” Easy of Doing Business-ის ანგარიშში, რომლის მიხედვით, 2005 წელს მე-100 პოზიციაზე იყო, 2014 წელს კი 189 ქვეყანას შორის მე-8 პოზიციაზეა.

 

სარეიტინგო კომპანიების მიერ საკრედიტო შეფასება მსოფლიოს 200 ქვეყნიდან მხოლოდ 125 ქვეყანაზეა მოცემული. ქვეყნებს საკრედიტო რეიტინგი სჭირდებათ იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზრებზე გაიტანონ ფასიანი ქაღალდები და მოიზიდონ ინვესტიციები.


„Doing Business 2013″-ის მიხედვით, საქართველო, ბიზნესის წარმოების სიმარტივის მიხედვით მე-9 პოზიციაზეა. გასულ წელთან შედარებით, საქართველო 7 პოზიციით დაწინაურდა და არის პირველი ათეულის ერთადერთი ახალი ქვეყანა. აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფში საქართველო პირველ ადგილზე იმყოფება. 


ბიზნესის წარმოების სიმარტივის გარდა, საქართველო სხვა რეიტინგებშიც ლიდერთა შორისაა: საკუთრების უფლების დარეგისტრირებით რეიტნგში 1 ადგილზეა, ბიზნესის წამოწყების რეიტინგში- მე-7, მშენებლობის ნებართვების გაცემის კუთხით კი  მე-4 ადგილი უკავია.


2013 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსზე დაფუძნებით, რომელიც გამოქვეყნდა ამერიკული ინსტიტუტის “Heritage Foundation”-ის მიერ, საქართველო 21-ე პოზიციაზეა 177 ქვეყანას შორის.


ბრიტანული საინვესტიციო რისკების შემფასებელი კომპანია “Maplecroft”-ის მიერ გამოქვეყნებული “Political Risk Atlas 2013”-ის თანახმად, საქართველო იმყოფება “Medium Risk”-ის კატეგორიაში. 


გლობალურ ეკონომიკურ ფორუმის “The Global Enabling Trade Report 2012″-ზე დაყრდნობით, საქართველო 132 ქვეყანას შორის 38-ე ადგილს იკავებს  ვაჭრობის ხელშეწყობის ინდექსში („Enabling Trade Index”).


2011 წლის ნოემბერში „Standard & Poor’s”-ის სარეიტინგო სერვისმა ასწია მისი გრძელვადიანი უცხოური და ადგილობრივი ვალუტა სუვერენულ საკრედიტო რეიტინგში საქართველოს მთავრობაში „B+” დან „BB-” მდე, რაც 2012 წლის დეკემბერში კიდევ ერთხელ დაადასტურა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *