სახელმწიფო საგარეო ვალი 2014 წლის 31 ივნისის მდგომარეობით 4.081 555 000 მილიარდ აშშ დოლარს (7.220 856 მილიარდი ლარი) შეადგენს, აქედან სსფ-ის ვალი 144 367 მლნ. აშშ დოლარია (255 399 მლნ. ლარია). ქვეყნის შიდა ვალი კი 1.753 437 000 ლარს უტოლდება. 2014 წლის ბოლოს საგარეო და შიდა ვალის მოცულობა კიდევ გაიზრდება.


„რატომ სესხულობს მთავრობა ფულს? იმიტომ, რომ არ აქვს საკმარისი შემოსავალი. საქართველოს ეკონომიკა არ იძლევა იმდენ გადასახადს, რომ ბიუჯეტი შეივსოს. ეს სუსტი ეკონომიკის პრობლემაა. რატომ სესხულობს ფულს სსფ-სგან? იმიტომ, რომ საგარეო ვალი უფრო იაფია, ვიდრე შიდა ვალი“, – ასე აფასებს მთავრობის მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან კიდევ ერთი კრედიტის აღების ფაქტს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი ლია ელიავა.


154 მილიონი აშშ დოლარი სსფ-მ საქართველოს მთავრობას 3 წლით ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად ასესხა:


“ეს არის სავალუტო ფონდის სამწლიანი პროგრამა, რომელიც მიმართულია საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის მხარდასაჭერად. ეკონომიკური ზრდის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ამ თანხის ნაწილი მთავრობას გადაეცემა ბიუჯეტის დასაფინანსებლად”, – განმარტავენ სსფ-ის თბილისის ოფისში.


კონკრეტულად რა სფეროებზე და რა მოცულობით გადანაწილდება სსფ-ისგან ნასესხები 154 მლნ აშშ დოლარი, ფინანსთა სამინისტროში ზუსტი გათვლა არ აქვთ.


“სავალუტო ფონდის ფული ბიუჯეტში ჩაირიცხება და სხვადასხვა სოციალური ვალდებულებების დაფინანსებას მოხმარდება”, – აცხადებენ უწყებაში.


“თანხა ბიუჯეტში უფრო კონკრეტულად მას შემდეგ გაიწერება, როცა საქართველოს პარლამენტი კრედიტის რატიფიცირებას მოახდენს”, – აცხადებენ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში.


“2014 წლის ბიუჯეტში სოციალური ვალდებულებები და დეფიციტია გაზრდილი 2013 წელთან შედარებით. საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულებულია 104%. ჩავარდნა არის გრანტებისა და მისაღები კრედიტების კომპონენტში. სსფ-ის კრედიტით არსებული 53%-იანი ჩავარდნა გასწორდება და სოციალური ვალდებულებები დაფინანსდება”, – ამბობს “ჯორჯიან ბიზნეს ინსაითის” ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე.


2014 წლის ბიუჯეტში გეგმის თანახმად შიდა და საგარეო ვალდებულებები, ჯამში, 1 მილიარდ 332 მილიონი ლარით იზრდება.


სახელმწიფო წლის ბოლომდე კიდევ 400 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდების – სახაზინო ვალდებულებებისა და ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს. 732 მილიონი ლარის სესხს კი სხვა წყაროებიდან აიღებს.


2012 წელს სახელმწიფომ ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად 58,315 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გამოუშვა, ხოლო 2013 წელს – 150 მლნ ლარის. ბიუჯეტის გეგმის თანახმად 2014 წლის ბოლოს შიდა ვალი – 2 384 2 მილიარდი ლარი იქნება.


2014 წლის ბიუჯეტში პრიორიტეტული ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის დაფინანსებაა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 2,658 მლრდ ლარი (2013 წელს იყო 2.345 მლრდ ლარი); განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 754,3 მლნ ლარი (2013 წელს – 673.2 მლნ ლარი); სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 263,5 მლნ ლარი (2013 წელს – 241 მლნ ლარი);


“ჩნდება კითხვა, რატომ არ დაგეგმა მთავრობამ ბიუჯეტი უფრო რეალისტურ მაჩვენებლებზე? მთავრობამ 2014 წელს სოციალური ვალდებულებები აიღო. ქვეყანას სჭირდება ხარჯები, რომ იფუნქციონიროს. რაც არ ყოფნის შემოსავლების სახით, ისესხოს უცხოურ ბაზარზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალური კრიზისი გარდაუვალია”, – ამბობს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი ლია ელიავა.


2014 წლის ბიუჯეტში დაგეგმილის თანახმად მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა (მშპ) – 5%-ია, ხოლო ნომინალური მშპ – 29,352,3 ლარი. საშუალო წლიური ინფლაცია 3,5 პროცენტია. სახელმწიფო ვალის საპროგნოზო მაჩვენებელი 10 410.1 ლარი, რაც მშპ-სთან მიმართებაში 35,5%-ია. საბიუჯეტო დეფიციტი 3,9%-ია. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები – 7 230.0 ლარი, რაც მშპ-სთან მიმართებაში 24,6 %-ს შეადგენს.


2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მაჩვენებლების თანახმად, [სახელმწიფო ხაზინის მონაცემები] შემოსავლების გეგმა 4,09 მლრდ ლარი იყო, ხოლო შესრულებამ 3,953 მლრდ ლარი შეადგინა. გეგმა 96,9%-ით შესრულდა და დანაკლისი 126 მლნ ლარია. 2013 წლის ბიუჯეტი 634 მლნ ლარით გაირღვა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *