„კაზინო სასტუმრო ბიზნესის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი კომპონენტი და ტურიზმის ინდუსტრიაში ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა“, –  მიიჩნევენ აჭარის კურორტებისა და ტურიზმის დეპარტამენტში. ამ უწყების ინფორმაციით, 2013 წელს სათამაშო მაგიდების რაოდენობის 236 %-ით, ხოლო სათამაშო აპარატების 302 %-ით ზრდა დაფიქსირდა, 2010 წლის მაჩვენებლებთან შედარებით.

 

 

ბათუმის მერიის ინფორმაციით კი, ამ დროისათვის ბათუმში მოქმედ სასტუმროებში სულ 76 მაგიდა ფუნქციონირებს, მოსაკრებელი თითოეულ სათამაშო მაგიდაზე კვარტალურად 18 000 ლარია, თითოეულ სათამაშო აპარატზე კი – 800 ლარი.  წამახალისებელი საპრიზო განაკვეთის დაწებისთვის სამორინემ ბიუჯეტში ამ თანხის ოდენობის ათი პროცენტი უნდა შეიტანოს.

 

 

რაც შეეხება სალიცენზიო მოსაკრებელს, ბათუმში დაწესებული ტარიფის მიხედვით, სამორინე სალიცენზიო გადასახადის სახით 250 000 ლარს იხდის. ის სამორინე კი, რომლის მფლობელიც ქალაქში 100-ნომრიან სასტუმროს გახსნის, სალიცენზიო გადასახადისგან თავისუფლდება.

 

 

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, არჩილ ვანაძის ინფორმაციით, ბათუმში მთავრობა ინვესტორებს უქმნის შეღავათიან პირობებს ტურისტული გარემოს განვითარებისთვის. „მაგალითად, თითოეულ სათამაშო მაგიდაზე მაქსიმუმ 30 ლარის დაწესებაა შესაძლებელი, ბათუმის შემთხვევაში კი, გადასახადი 18 ათასი ლარია. შეღავათებია სალიცენზიო მოსაკრებლის კუთხითაც, რამდენადაც ვიცნობ შეთანხმებებს, დიდი სასტუმროები, რომლებიც მშენებლობის პროცესშია, ყველა აპირებს კაზინოს გაკეთებას“.

 

 

საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, სალიცენზიო მოსაკრებელი ბათუმის, ქობულეთის, დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, დაბა ბაკურიანის, ბორჯომისა და სიღნაღის გარდა, ყოველწლიურად 5 მილიონი ლარია.  

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *