ჰოსპიტალის ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესიტიციის მოცულობა პირველ ეტაპზე 60 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება.

 

პროექტის პრეზენტაციას ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო. მისი განცხადებით, ამერიკული ჰოსპიტალი იქნება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აშენებული ჰოსპიტალი, რომელიც საშუალებას მისცემს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონის მოქალაქეებს მიიღონ ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება:

 

“ეს იქნება უმაღლესი დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო სერვისი საქართველოში. ძალიან ბევრი ადამიანი მიდის საქართველოდან, რომ მიიღოს სამედიცინო დახმარება, ახლა ამის შესაძლებლობა მათ ექნებათ ქვეყანაში. საქართველო გახდება ერთგვარი ჰაბი, სადაც სამედიცინო დახმარებას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, ჰოსპიტალთან ახლოს აშენდება ასევე სასტუმრო, რომელიც პაციენტების ახლობლებს მოემსახურება. ხაზარაძის განცხადებით, ამ დროისათვის მიმდინარეობს ინვესტიციების მოზიდვის პროცესი:

 

“ეს ჰოსპიტალი აშენდება სამი მხარის მონაწილეობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოლაპარაკება ამერიკულ საინვესტიციო ჯგუფებთან გრძელვადიანი ინვესტიციის მოსაზიდად, შემდეგ გადაწყდება, რამდენი იქნება კაპიტალი და რამდენი იქნება ინვესტიცია”

 

დიმიტრი ტვილდიანის განცხადებით, ეს პროექტი იმით არის უნიკალური, რომ მასში ჩაერთვება უცხოეთში მოღვაწე 200 ქართველი ექიმი, რომელთაც თავის დროზე ლიცენზია კლინიკა “აიეტში” მიიღეს:

 

“უნივერსიტეტი “აიეტი” უკვე 25 წლის გახდა, ჩვენ ვამზადებდით ექიმებს იმისთვის, რომ მათ მიეღოთ ლიცენზია და ჩაებარებინათ გამოცდები, რათა ემუშავათ ამერიკის კლინიკებში. ჩვენ ასეთი 200 ექიმი მოვამზადეთ, როდესაც აშენდება ჰოსპიტალი, ისინი ჩამოვლენ და იმუშავებენ. ჩვენ მათ გადავუხდით ხელფასს და ასევე დავურიგებთ აქციებს იმისათვის, რომ დაინტერესება ჰქონდეთ და გამაგრდნენ კლინიკაში”, – განაცხადა დიმიტრი ტვილდიანმა.

 

ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობის მოსამზადებელი პროცესი დაწყებულია. ჰოსპიტალის მშენებლობა 2 წელიწადში დასრულდება. ჰოსპიტალს რამდენიმე პოლიკლინიკა თბილისის ცენტრშიც ექნება, სადაც მოემსახურება პაციენტებს და ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს ცენტრალურ ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

 

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, 150 საწოლზე გათვლილ ამერიკული სტანდარტების მრავალპროფილიან ჰოსპიტალში დაინერგება JCAO უმაღლესი ამერიკული სტანდარტები და ტექნოლოგიები, რომელსაც ანალოგი არ აქვს საქართველოში. 

 

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი აშენდება
თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი აშენდება

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *