“ჩვენ საკმაოდ რთული მოლაპარაკებები გვქონდა “ტავ ჯორჯიასთან”. საერთაშორისო ავიაციის სააგანტოს დასკვნამ აჩვენა, რომ ჩვენი ბევრი პრეტენზია იყო სწორი ამ კომპანიის მიმართ. სამწუხაროდ, კომპანიამ არ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ საქართველოს ერთ–ერთი უმთავრესი ინფარსტრუქტურული ობიექტი თბილისის აეროპორტი ყოფილიყო გამოყენებული და მისი პოტენციალი ათვისებული” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, განახლაბულ ხელშეკრულებას “ტავ ჯორჯიასთან” ივლისის ბოლომდე მოეწერება ხელი:
“ხელშეკრულება მათ უკვე ძალიან კონკრეტულად დაავალდებულებს იმ ნაბიჯების გადადგმას, რაც საქართველოს საჰაერო–სატრანსპორტომ პოტენციალს რამოდენიმე საფეხურით გაზრდის. ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე დღის წინ საავიაციო ფორუმი, სადაც ჩამოსულები იყვნენ მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც აღფრთოვანებული დარჩნენ იმ პოტენციალით, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. ეს პოტენციალი გამოუყენებელია დიდწილად იმის გამო, რომ კონტაქტორი კომპანია არ აქცევდა სათანადო ყურადღებას იმ ინფრასტრუქტურულ ელემენებს, რომლებზეც მას უნდა დაეხარჯა ფული.”
თურქული „ტავ და ურბანი“, რომელიც “ტავ ჯორჯიას” დამფუძნებელი კომპანიაა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15– წლიანი მართვის უფლებით 2005 წელს შევიდა. თბილისის ახალი აეროპორტის აშენებაზე კომპანიამ 62 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. 2007 წელს ახალი აეროპორტი გაიხსნა. თურქულმა კომპანიამ 15 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ბათუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის გაიღო. როგორც ამ დრომდეა ცნობილი, „ტავ და ურბანმა“ საქართველოში სულ 95 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანია “ტავ ჯორჯიამ” ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობა 2012 წლის სექტემბერში დაიწყო, რისთვისაც 64 მილიონის ინვესტირება იყო დაგეგმილი. ამ ინვესტიციის სანაცვლოდ, “ტავ ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვის უფლება 2037 წლის ნოემბრამდე გაუხანგრძლივდა. ხელშეკრულება მართვის უფლების 10 წლითა და 9 თვით გაგრძელებასთან დაკავშირებით “ტავ ჯორჯიასა” და სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” შორის გაფორმდა.
