როგორც მენაშენეთა ასოციაციის პრეზიდენტი ირაკლი როსტიაშვილი აცხადებს, სხვადასხვა კერძო თუ იურიდიულ პირებს უძრავი ქონება სიმბოლურ ფასად, 1 ლარად აქვთ გადაცემული, რაც ბაზარზე მოქმედ ბიზნესმენებს არათანაბარ პირობებს უქმნის:
“ყველას მოგეხსენებათ, რომ არის დაახლოებით 27 000 ერთეული უძრავი ქონება, რომელიც 1 ლარად, სიმბოლურ ფასად არის გაცემული კერძო პირებზე და იურიდიულ პირებზე, რომლებმაც, ასე ვთქვათ, დღეს წამოყვეს თავი და ეს უზარმაზარ პრობლემას უქმნის იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ბაზარზე მოქმედებენ საბაზრო ეკონომიკის პრინციპით, ანუ უწევთ მიწის ყიდვა. თუ წარმოვიდგენთ პირობითად, რომ მეზობელ ნაკვეთებზე ერთი ნაკვეთი არის ნაყიდი დეველოპერისგან და მეორეს 1 ლარად აქვს პრეზიდენტისგან ნაჩუქარი, იქ რომელ კონკურენციაზე და რომელ განვითარებაზეა საუბარი?!” – აცხადებს ირაკლი როსტიაშვილი.
ბიზნესმენი ამის მაგალითად ვარკეთილში ოლიმპიური სოფლის მშენებლობას ასახელებს, რომელსაც ჩინური კომპანია აშენებს:
“ისინი გათავისუფლებული არიან გადასახადისგან, მათ სახელმწიფო უკეთებს ყველანაირ საინჟინრო კომუნიკაციებს, რომელიც მილიონები ჯდება. მათ სახელმწიფომ გადასცა მიწა პრაქტიკულად უფასოდ, როცა ქართველ მეწარმეებს უწევთ უზარმაზარი თანხების გადახდა, თუნდაც წყლის, გაზის და სხვა საინჟინრო კომუნიკაციების მიყვანაში და ასევე, გადასახადს ვიხდით”, – ამბობს ირაკლი როსტიაშვილი. მისი თქმით, ამ პრობლემის გადაჭრაში დახმარება ფინანსთა მინისტრს პირადად სთხოვა.
“აქსისის” გენერალური დირექტორი გიორგი კაპანაძე, ასევე, აცხადებს, რომ ეს პრობლემა სამშენებლო ბიზნესის ყველა წარმომადგენელს აწუხებს, ვინც დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა.
პრობლემის არსებობას ადასტურებს თავად ფინანსთა მინისტრიც. ნოდარ ხადურის განცხადებით, ამ საკითხს ეკონომიკის სამინისტრო შეისწავლის:
“ეს ნამდვილად არღვევს კონკურენტულ გარემოს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ესწრებოდა ამ შეხვედრას, რომელიც შეისწავლის ამ საკითხს და წარმოადგენს წინადადებებს”, – აცხადებს ნოდარ ხადური.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 ივლისს, ფინანსთა სამინიტროში უწყების ხელმძღვანელი ნოდარ ხადური სამშენებლო კომპანიების მმართველებს შეხვდა. შეხვედრაზე სამშენებლო სექტორში არსებული ვითარება და დარგის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებები განიხილეს.

