“ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისია საერთაშორისო ზარებზე საქართველოში ტერმინაციის (დასრულების) ქვედა ზღვრულ ტარიფებს გააუქმებს, გაკოტრების საფრთხე რეალურია, ახლა ბაზარზე ამ მიმართულებით 20–მდე კომპანია მუშაობს და ალბათ, 2–3 თუ დარჩება,” – აცხადებენ კომუნიკაციის ტრანზიტული კომპანიების წარმომადგენლები.
კომუნიკაციის კომისიამ 2012 წლის 13 მარტს მიიღო გადაწყვეტილება და საერთაშორისო ზარებზე საქართველოში ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფების [0,10 აშშ დოლარი მობილურ ქსელში და 0,05 აშშ დოლარი ფიქსირებულ ქსელში] ამოქმედების შესახებ.
კომუნიკაციის ტრანზიტული კომპანიების წარმომადგენლებმა დღეს სასტუმრო “რედისონში” ტრანზიტული საერთაშორისო ზარების სეგმენტში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
მათი ინფორმაციით, კომუნიკაციის მარეგულირებელმა კომისიამ საბოლოო ვერდიქტი 2014 წლის ივლისის ბოლო რიცხვებში უნდა გამოიტანოს, რადგან ზღვრული ტარიფების მოქმედების ვადა 2014 წლის 1 აგვისტოს იწურება:

კომპანია “სმარტ ლაინის” [ტრანზიტული ოპერატორი] წარმომადგენელი გიორგი ყურულაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ ზღვრული ტარიფების არსებობას კომპანიებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს:
“თუ კომისია ტარიფებს გააუქმებს, ამ შემთხვევაში არა მარტო პრობლემაზე, არამედ კომპანიების ყოფნა–არყოფნაზე შეიძლება იყოს საუბარი. ძირითადად, კომპნიების 90%–ს მოუწევს გაუქმება. იმიტომ, რომ ამ კომპანიებისათვის ძირითადი შემოსავლის წყარო ეს ტარიფია. საუბარია 15 კომპანიაზე.”
“სმარტ ლაინი” საერთშორისო ზარებს ქსელის მფლობელი ოპერატორის დახმარებით ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენელი გიორგი ყურულაშვილი ამბობს, რომ დღეს არსებული ზღვრული ტარიფების რეგულაცია სათანადოდ ვერ ხდება:
“ჩვენ შევთვაზეთ კომისიას რამდენიმე პროექტი. ვთხოვეთ გაეკონტროლებინა ფასების დემპინგი და შეესწავლა ბაზარზე მოქმედი კომპანიების კეთილსინდისიერების საკითხი. ზღვრული ტარიფი საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამ რეგულირებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის დღევანდელი შემოსავალი 16 მილიონი ლარია, კომპანიების – 40 მილიონი ლარი, ხოლო კომისია რეგულაციიდან 0,75%–ს იღებს.”
კომუნიკაციის ტრანზიტული კომპანიები აცხადებენ, რომ უცხოეთში საქართველოდან განხორციელებულ ზარებზე ტერმინაციის ქვედა ზღვრული ტარიფები 20 ცენტია. კომპანიები საქართველოში ტარიფის 16 ცენტამდე გაზრდას ითხოვენ.
“კომისია მუშაობს და ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება. ტარიფი მოქმედებს 2014 წლის 1 აგვისტომდე და გადაწყვეტილება იქნება მიღებული. დროებითი ეფექტური რეგულაციის მიზნით კომისიამ დააწესა საერთაშორისო ზარების ქვედა ზღვრული ტარიფი. თუ კომისიამ ცვლილება არ შეიტანა და ვადა არ გაახანგრძლივა, შესაბამისად, ეს ტარიფი გაუქმდება,” – განუცხადეს “ნეტგაზეთს” კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

