ეკონომიკა

რუსთავის ბაზრობაზე ავტომანქანების ფასი დაეცა

30 ივნისი, 2014 • • 6401
რუსთავის ბაზრობაზე ავტომანქანების ფასი დაეცა

“რუსთავის ბაზრობაზე აღარ ვსაქმიანობ. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ავტომანქანებით ვაჭრობის ბიზნესი კრიზისს განიცდის. 10 ავტომანქანა ჩამოვიყვანე გერმანიიდან და თვითღირებულებაზე ნაკლებად გავყიდე. ამ საქმის გაგრძელებას აზრი არ აქვს, რადგან მთავარი გასაღების ბაზარი დავკარგეთ.”


ავტომობილებით ვაჭრობის ბიზნესში არსებულ კრიზისზე საუბრობს ავტოდილერი იური ჯანაშვილი. მისი ინფორმაციით, ამ ბიზნესმა აზრი დაკაგა, რადგან მთავარი მოთამაშე აზერბაიჯანის ბაზარი დაიხურა, ხოლო სომეხი და ქართველი მყიდველის მსყიდველუნარიანობა დაბალია: 


“დღეს ჩემი ბიზნესი გაჩერებულია. პატარა მანქანებზე ყველაზე მცირე 700–800 დოლარით ვიზარალე, უფრო ძვირად ღირებულზე აღარ ვსაუბრობ. მიზერულ ფასში გავყიდე ავტომობილები. 2013 წლის სექტემბერ–ოქტომბერში თუ განუბაჟებელი “ფიატის” ფასი 1800 დოლარი იყო , ხოლო განბაჟებული 2700–2800 დოლარი ღირდა, ახლა განბაჟებული 2200 აშშ დოლარად გავყიდე და 600 დოლარი ვიზარალე. ახლა “მერსედესის” მარკის ავტომობილი მაქვს, რომლის ფასიც 10 ათასი აშშ დოლარია, მაგრამ 6,5 ათას დოლარს ვაფასებ და ვერ ვყიდი. 4000 დოლარი ვიზარალე.”


ავტოდილერი დავით წივწივაძე ამბობს, რომ ავტომანქანების ბიზნესში მალე დილერების მცირე რაოდენობა დარჩება:


“აზერბაიჯანში დღეს საქართველოდან მხოლოდ იმ მანქანების რეექსპორტი ხდება, რომლებიც 2005 წელს არის გამოშვებული და თანაც ევრო 4–ის თაობას წარმოადგენენ. ევრო–4 თუ არ არის, ისიც არ იყიდება, თუნდაც 2010 წელს იყოს გამოშვებული. აქ საუბარია კატალიზატორზე, რომელსაც ვადა არ უნდა ჰქონდეს გასული.”


დავით წივწივაძის იფორმაციით, დღეს ავტობაზარზე დილერები იმას ცდილობენ, რომ ჩამოყვანილი მანქანები როგორმე გაყიდონ: 


“მაგალითად, “ოპელ ასტრა” ავტომატიკა, რომელიც ღირდა 3,5 ათასი დოლარი, დღეს 2,2 და 2,3 ათას დოლარად ყიდიან. აზერბაიჯანს ძირითადად ავტომატიკა მიყავდა და ვისაც გამოგზავნილი აქვს, დარჩენილი აქვს და იძულებული არიან დაბალ ფასში გაყიდონ.”


კოალიცია “საზოგადოებრივი ინიციატივისათვის” ხელმძღვანელი ვასილ ურუშაძე ამბობს, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ავტოდილერების საკითხი და პრობლემები ხელისუფლებამდე ვერ მიიტანა:


“არჩევნებისა და წინასაარჩევნო კამპანიის გამო ვერ მოხერხდა ხელისუფლებასთან დაკავშირება. მთავრობა გადართულია პარტიულ და საარჩევნო რეჟიმზე, ამ დროს კი საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები იგნორირებული რჩება. ჩვენ, კოალიცია “საზოგადოებრივი ინიციატივა” ამ საკითხის და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების ადვოკატირებას გავაგრძელებთ. ყველა ხერხს გამოვიყენებთ იმოსთვის, რომ მთავრობამ დაიწყოს ფიქრი ადამიანებზე და პრობლემების მოგვარებაზე”.  


2014 წლის  1 აპრილიდან აზერბაიჯანმა დააწესა შეზღუდვები საქართველოდან იმპორტირებულ ავტომობილებზე. მხოლოდ 2005 წელს ზემოთ წარმოებული ავტომობლების ექსპორტი არის შესაძლებელი ამ ქვეყანაში. 


საქსტატის მონაცემებით ავტომობილების იმპორტი 14%-ით არის შემცირებული. ამ სასაქონლო ჯგუფის იმპორტმა 200 მლნ აშშ დოლარი და იმპორტის 8% შეადგინა.

ავტომობილების ბაზრობა რუსთავი
ავტომობილების ბაზრობა რუსთავი


მასალების გადაბეჭდვის წესი