პირველი მაღაზია SPAR-ის სახელწოდებით თბილისში გაიხსნება. SPAR-ის და ფუდმარტის წარმომადგენლებს შორის შესაბამისი მემორანდუმი დღეს სასტუმრო “რედისონში” გაფორმდა.

 

რა თანხა გადაიხადა ფუდმარტმა SPAR-ის ფრენჩაიზში, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი გიორგი ჩუბინიშვილი არ აკონკრეტებს: 


“ეს არ გულისხმობს SPAR–ის მიერ “ფუდმარტის” და “იოლის” მაღაზიების შეძენას. განვახორციელებთ რებრენდინგს. მაღაზიები SPAR-ის სახელით გაიხსნება, მაგრამ მფლობელი ჩვენ ვიქნებით. ჰოლანდიური კომპანია ინვესტიციებს არ განახორციელებს. ჩვენ უბრალოდ გამოვიყენებთ ბრენდის სახელს, გამოცდილებას და ცოდნას. რამდენი გადავიხადეთ SPAR-ის ფრენჩაიზში, არ მაქვს ამის უფლება, რომ ეს ინფორმაცია გავაჟღერო. გადასახდელი თანხის მოცულობა დამოკიდებული იქნება მაღაზიების ბრუნვაზე”. 

 

გიორგი ჩუბინიშვილის ინფორმაციით, “ფუდმარტის” და “იოლის” ქსელს სულ 51 მაღაზია აქვს თბილისში და დასავლეთ საქართველოს ორ ქალაქში – ქუთაისსა და ბათუმში:

 

“SPAR–თან ხელშეკრულების გაფორმება თავისთავად ნიშნავს ჩვენი ქსელის განვითარებას, მაღაზიების რაოდენობის ზრდას და ევროპული სტანდარტის დანერგვას ჩვენს ქსელში. ასევე ახალი პროდუქტების შეთავაზებას ჩვენი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასად. მაღაზიების რებრენდინგი 4 თვეში დასრულდება, რაზეც კომპანია დამატებით უცხოური ფონდებიდან მოზიდულ 7 მილიონ დოლარს დახარჯავს”.  

 

SPAR– internacional–ის საერთაშორისო ბიზნესგანვითარების დირექტორის, დევიდ მურის განცხადებით, კომპანიას საქართველოში დიდი გეგმები აქვს:

 

SPAR-ი  არის დამოუკიდებელი კოოპერატივი, რომელიც აერთიანებს საცალო და საბითუმო მოვაჭრეებს. მსოფლიოს 35 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილნი. 2013 წლის ბოლოს გვქონდა 12 132 მაღაზია მსოფლიოში. საერთო ბრუნვა შეადგენდა 32,2 მილიარდ ევროს. SPAR–ის მომხიბვლელობა იმაშია, რომ ეს არის გლობალური ბრენდი, თუმცა მისი მართვა და წარმოდგენა ხდება ადგილობრივ დონეზე ადგილობრივი ჩართულობით. ჩვენ “ფუდმარტთან” ერთად ვიმუშვებთ, რომ ქართველ მომხმარებელს ექსპრესფორმატის მაღაზიების ფართო არჩევანი შევთავაზოთ. საქართველოში უკვე არის წარმოდგენილი “კარფური”, “გუდვილი”, “სმარტი”, მაგრამ SPAR-ის მიზნია, რომ ის ექსპრესფორმატის მაღაზიების სეგმენტში იყოს საუკეთესო ხარისხში, ღირებულებაში და მომხმარებლებისთვის მიწოდებულ სერვისში. ვაპირებთ, რომ გავზარდოთ მაღაზიების რიცხვი და 2018 წლის ბოლოს 80 SPAR–ის  მაღაზია არსებობდეს საქართველოში.”   

 

კომპანია “ფუდმარტმა” ჰოლანდიურ SPAR–თან მოლაპარაკებები ფრენჩაიზის ყიდვის შესახებ 6 თვის წინ დაიწყო. მანამდე კი სუპერმარკეტების ქსელი “პოპული” და “იოლი” 25 მილიონ დოლარად 2013 წლის დეკემბერში იყიდა.  

 

კომპანია “ფუდმარტი”, საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2013 წლის 11 ნოემბერს დაფუძნდა. კომპანიის დამფუძნებელი ლატვიის მოქალაქე არმანდ ფომიჩევია, რომელიც “სიფ კავკაზუს გროუზ ფონდ ელ.პი”–ის წარმოადგენს. აღნიშნული კომპანია კაიმანის კუნძულებზეა დარეგისტრირებული. 

 

“ფუდმარტის” გენერალური დირექტორები არიან საქართველოს მოქალაქე ირაკლი კასრაძე და ნინო მამისაშვილი. “ფუდმარტის” საწესდებო კაპიტალი 140 ლარი იყო, რაც 1 თეთრად ღირებული 14 000 აქციის ექვივალენტია.

ჰოლანდიური SPAR–ი
ჰოლანდიური SPAR–ი

 

კომპანიებს – “იოლს” და “პოპულს” ფინანსური სირთულეები 2013 წლის გაზაფხულზე შეექმნა. 

 

ლიტვის მოქალაქე, სუპერმარკეტ “იოლისა” და “პოპულის” ყოფილი მფლობელი საულიუს ვაიტკევიჩუსი სამართალდამცავებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 29 მაისს, 05:30 საათზე, მაშინ დააკავეს, როცა კიევის მიმართულებით გაფრენას აპირებდა. ის ბრალდებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის ან ქონების მითვისებას დიდი ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ითავლისწინებს 7–დან 11 წლამდე პატიმრობას.

 

პროკურორების ინფორმაციით, საულიუს ვაიტკევიჩუსმა 2010 წლის ნოემბერში მიითვისა კომპანია “კავკასუს ელექტრო მარკეტის” კუთვნილი 2 მილიონი აშშ დოლარი. იმ დროს საულიუს ვაიტკევიჩუსი აღნიშნული კომპანიის დირექტორი იყო.

 

აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე საულიუს ვაიტკევიჩუსი 2013 წლის 31 მაისს გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან.

 

მოგვიანებით საულიუს ვიატკევიჩუსის ცოლმა, ვაივა ვიატკევიჩენემ ლიტვურ მედიას განუცხადა, რომ ერთადერთი, რაც იცის, არის ის, რომ გამოძიება დაინტერესდა საულიუს ვაიტკევიჩუსის კავშირებით ვანო მერაბიშვილის ყოფილ მრჩეველთან დარიუს იურგელიავიჩიუსთან, რომელიც ასევე იყო ტელეკომპანია “პიკის” მფლობელი. პროკურატურაში ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.

 

2012 წლის ივლისში საინვესტიციო კომპანია East Capital Explorer-მა ,,პოპულის’’ 30.7 პროცენტი 1.7 მლნ. ევროდ გაყიდა. კომპანიის წილი სუპერმარკეტების ქსელმა “იოლმა” იყიდა.

 

East Capital Explorer-მა 2010 წლის სექტემბერში „პოპულის” აქციებში 3,7 მლნ ევრო გადაიხადა. East Capital Explorer-ის მთლიანმა ინვესტიციამ ქართულ აქტივში 4,1 მლნ ევრო შეადგინა. 

 

“პოპულის” სავაჭრო ქსელი 2001 წელს ბიზნესმენმა ევგენი ფიჩხაიამ დააფუძნა. შემდეგ კი ლატვიურ ჯგუფს გადაუფორმა.

 

“პოპულს” მიმწოდებლების წინაშე რამდენიმე მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა. სავაჭრო ქსელის მიმართ გაკოტრების საქმე გაიხსნა, კომპანიის აქტივები ყველაზე დიდი კრედიტორის, უცხოური ფონდის – SEAF-ის ხელში გადავიდა. 2013 წლის დეკემბერში “პოპულის” და “იოლის”  ქსელის ახალი მფლობელი კომპანია “ფუდმარტი” გახდა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *