ესპანეთი  ევროკავშირის ბაზარზე მარწყვის ძირითადი ექსპორტიორია. ჭარბი წარმოების გამო ქვეყანაში პროდუქტის ფასი 40%–ით დაეცა და 1 კილოგრამზე 0,30 ევრო შეადგინა. ევროკავშირის ბაზარზე კი ივნისის თვის მონაცემებით 1 კილოგრამი მარწყვის ფასი 1,69 ევროდან 1,93 ევრომდე მერყეობს.


საქართველოს ბაზარზე წელს გამოტანილ მარწყვს მაღალი ფასი და დაბალი ხარისხი აქვს. თბილისის საკოლმეურნეო ბაზრებში 1 კილოგრამი მარწყვის ფასი 4–5 ლარს შეადგენს, ჰიპერმარკეტებში კი 6 ლარს უტოლდება.  

მოვაჭრეები ამბობენ, რომ  ადგილობრივ ბაზარზე ივნისში მარწყვზე დაფიქსირებული მაღალი ფასი პროდუქტის დეფიციტმა განაპირობა.

“ახლა საკოლმეურნეო ბაზარი გორის მარწყვით მარაგდება. ფასი მაღალია, რადგან კახეთში და ქვემო ქართლში მოსავალი გვალვამ გაანადგურა, ” – ამბობს მირიან სვანიძე, რომელიც ხილ–ბოსტნეულით საკოლმეურნეო ბაზარში წლებია ვაჭრობს.

ადგილობრივი ბაზარი მარწყვით ძირითადად კახეთიდან მარაგდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მარწყვის ნარგავებს  350 ჰექტარი უჭირავს. ფერმერების უმეტესობას ეს კულტურა ერთ ჰექტარზე მოჰყავს.

ადგილობრივ ბაზარზე ქართული მარწყვის დეფიციტზე საუბრობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურის უფროსი  ივანე ბასილაშვილი.

მისი ინფორმაციით, უამინდობის გამო ფერმერებმა გურჯაანში წელს  1 ჰექტარზე 10–12 ტონის ნაცვლად 4 ტონა მარწყვის მოსავალი მიიღეს.

“კარგი მოსავლის შემთხვევაში ერთ ჰექტარზე 8–12 ტონა მარწყვის მიღებაა შესაძლებელი.ეს კულტურა ნაკლებად ავადდება მავნებლებისგან. 2014 წელის აპრილ–მაისი გვალვიანი იყო და მოსავალი განადგურდა.”

“მარწყვი კახეთში  შემოსვლის საუკეთესო წყაროა, მაგრამ  წელს გაღებული ხარჯები ვერ დავფარე. დანახარჯები მოდის ქიმიკატებზე, მორწყვაზე, გამარგვლაზე. 7 ათასი ლარია საჭირო იმისთვის, რომ 1 ჰექტარზე მარწყვის მოსავლი მივიღო. ამას ემატება კრეფის დროს დაქირავებული მუშახელისთვის დღიურად გადახდილი 25 ლარი” – ამბობს ფერმერი სოფელ ჩუმლაყიდან გურამ სადუნაშვილი.

 

ფერმერი ამბობს, რომ წელს ერთ ჰექტარზე 3 ტონა მარწყვის მოსავალი მიიღო. 1 კილოგრამის საბითუმო ფასი 2 ლარი იყო, თუმცა გაწეული ხარჯები ვერ დაფარა. განცდილი ზარალის მიუხედავად, ფერმერი ამბობს, რომ მარწყვის ნარგავების მოვლას ისევ გააგრძელებს.

უამინდობის გამო დაბალი მოსავალი მიიღეს მარნეულის რაიონის სოფელ თამარისის ფერმერებმა.    

“წელს მარწყვს ფასი ჰქონდა, მაგრამ მოსავალი არ იყო. ძალიან  შრომატევადია მიღებული პროდუქტი მოკრეფის კუთხითაც. მთელი წელი ბალახი უნდა მოარიდო, თოხნო, დაკვალო. მარწყვი 1500 კვადრატულ მეტრზე მაქვს გაშენებული, წლის განმავლობაში ხარჯი 1000 ლარია, რადგან ბაღს ოჯახის წევრები უვლიან” – ამბობს ფერმერი თამარისიდან გიორგი ბედიანაშვილი.   

მარწყვის კულტურა მცირე ფართობებზე მოჰყავთ აჭარაში. ქედას რაიონის სოფელი აბუქედაში ფერმერ ანზორ ჩხაიძეს მარწყვის ნარგავები 250 მეტრზე აქვს გაშენებული.

 

ფერმერი ამბობს, რომ წელს უამინდობის გამო მარწყვის მცირე მოსავალი მიიღო, თუმცა არსებული დეფიციტის გამო კარგ ფასში გაყიდა:

 

“მოსავალი ცოტა იყო, მაგრამ  კმაყოფილი ვარ. დაახლოებით 400–500 კილო მივიღე და კილოგრამის რეალიზაცია 3–4 ლარად მოვახდინე. ბათუმის ბაზარზე წელს კახეთიდან მარწყვი არ შემოსულა. მოთხოვნა მაღალი იყო და პროდუქტი კარგ ფასში გავყიდე. ბაღს ოჯახი უვლის და ხარჯები მცირე გვაქვს”.

 

მარწყვის მოსავლიდან მიღებულ მოგებაზე საუბრობენ ის ფერმერები, რომელთაც კულტურა დახურულ გრუნტზე სასათბურე მეურნეობებში მოჰყავთ. ფერმერებმა ბაზარზე არსებული დეფიციტის გამო მარწყვი კარგ ფასში გაყიდეს და მაღალი მოსავალიც მიიღეს.

მარწყვის სასათბურე მეურნეობები  ზუგდიდის რაიონის სოფლებში USAID–ის პროექტის “ეკონომიკური აღმავლობის ინისციატივის” ხელშეწყობით აშენდა.

 

სოფელ ორსანტიას მკვიდრი რუსლან აბსნაძე ამბობს, რომ სასათბურე მეურნეობა მოაწყო და  2,700 ძირი ესპანური “სან ანდრეასის” ჯიშის მარწყვი გააშენა:

 

“სათბური 500 კვმეტრზე მოვაწყვე, სულ მარწყვის კულტურის  8 მწკრივია.  “სან ანდრეასის”  ჯიშის მარწყვი 10 თვე იძლევა მოსავალს. 1კგს ფასი სეზონზე 3–4 ლარია, ხოლო  ზამთარში, 8–10 ლარი”.

ფერმერი ამბობს, რომ  წელს ბაზარზე არსებული დეფიციტის გამო მისი სასათბურე მეურნეობა მოგებაზე გავიდა: “ესპანური ჯიშის მარწყვი  უწევს კონკურენციას ზუგდიდის ბაზარზე სამტრედიიდან და კახეთიდან ჩამოტანილ მარწყვს. აქვს კარგი გემო და ხარისხი. თანაც ფინანსურად უფრო მომგებიანია, რადგან 1 ჰექტარზე 20–დან 40 ტონამდე მოსავლის მიღებაა სესაძლებელი.”  

რა მოცულობის მარწყვის მოსავალი მიიღეს ფერმერებმა 2014 წელის გაზაფხულის სეზონზე, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ივნისის ბოლოს შეაჯამებს. სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ამ კულტურის კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში მარწყვი ხარისხიანია, ეკოლოგიურად სუფთა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ შესძლოა ამ პროდუქტის ევროპის ბაზარზე გატანის საკითხიც დადგეს.

მარწყვის ექპორტზე საქართველოს  ევროკავშირი  ქვოტას არ უწესებს.


სხვა ბაზრებზე მარწყვის გატანის შესაძლებლობაზე ფერმერებიც ფიქრობენ:

 

“თუ პროდუქცია უცხოეთის ბაზარზე გავა , ფასი  ორჯერ მაინც  გაიზრდება, რაც ფერმერებს იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ბიზნესი გავაფართოთ. უცხოური ბაზრის ათვისება აუცილებელია. მხოლოდ ეს არის ერთადერთი გზა მარწყვის, როგორც ხილის კულტურის, მასშტაბურად გაშენებისა” – ამბობს ფერმერი გურჯაანის რაიონის სოფელ “ახაშენიდან” ილია კობიაშვილი.

მსოფლიო ბაზარზე მარწყვის ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყნებია:  ამერიკა, თურქეთი, ესპანეთი, ეგვიპტე, სამხრეთ კორეა, მექსიკა, იაპონია, პოლონეთი, გერმანია, რუსეთი, იტალია და მაროკო. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *