საწარმოს გახსნას საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
“ეს არის კერძო ბიზნესისა და სახელმწიფოს თანამშრომლობის ნათელი მაგალითი. დღეს ჩვენ დავესწარით აგროკრედიტის ფარგლებში გაკეთებული საწარმოს გახსნას და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ბიზნესი იყოს მაქსიმალურად თავისუფალი”,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში ხილის გადამამუშავებელი საწარმო გახსნისას.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სოფლის მეურნეობის განვითარება სახელმწიფოსთვის სტრატეგიული საკითხია:
„ეტაპობრივად იქმნება პირობები, რომ გლეხს შეეძლოს საკუთარი მოსავლის რეალიზაცია და ამ შემოსავლით ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა. ადგილობრივი გლეხებისთვის ეს არის მოსავლის გასაღების ხელსაყრელი შესაძლებლობა. ხელისუფლებამ მიაღწია რუსეთის ბაზრის გახსნას ქართული პროდუქციისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ფერმერებს მოსავლის გაყიდვის საშუალება ჰქონდეთ“, – განაცხადა პრემიერმა.
საწარმო შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში შეიქმნა.“ქართული ხილის კომპანიის” ერთ–ერთი დამფუძნებელის ლევან ნოზაძის განმარტებით, კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 600 000 დოლარის ოდენობის 3%-იანი კრედიტი მიიღო.
საწარმო მოსავალს გლეხებისგან ჩაიბარებს, ხოლო დახარისხების შემდეგ ექსპორტზე გაიტანს.
გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის ხილის გადამამუშავებელი საწარმო შპს ,,ქართული ხილის კომპანიას“ ეკუთვნის, რომელიც 2013 წელს დაფუძნდა.
კომპანიას ნაყიდი აქვს ხილის დამხარისხებელი იტალიური დანადგარები. ორ ჰექტარ ფართობზე გაშენებული საწარმო ორი ნაწილისაგან შედგება. ერთში ხილის დამუშავება, გასუფთავება და დაფასოება ხდება, ხოლო მეორე 400-ტონიანი სამაცივრე მეურნეობაა.
საწარმო ზაფხულის და შემოდგომის სეზონზე დააფასოებს და გაყიდის ვაშლს, ატამსა და ვაშლატამას.
პროდუქტი რუსეთის, უკრაინის ბაზრებზე გავა. საწარმოში 50-მდე ადამიანი დასაქმდება. სამომავლოდ კომპანია დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ციტრუსის გადამამუშავებელი ქარხნის აშენებას გეგმავს.