საქსტატის ცნობით, 2014 წლის მაისში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე.
აღნიშნულ ჯგუფში ფასები შემცირდა 1,7 პროცენტით, რაც მაისის თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,53 პროცენტული პუნქტით აისახა.
საქსტატის ცნობით, ფასების კლება მოხდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-8,2 პროცენტი) და ბოსტნეული და ბაღჩეული (-3,8 პროცენტი);
მოცემულ პერიოდში დაფიქსირდა ფასების 1,2-პროცენტიანი მატება ჯანდაცვის სექტორში, რაც მაისის თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,15 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საავადმყოფოების მომსახურება (1,4 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (1,2 პროცენტი);
საქატატის ცნობით, ფასები გაიზარდა ტრანსპორტის მომსახურებაზე 1,1 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა მაისის თვის ინფლაციაში 0,12 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ძირითადად განაპირობა ფასების მატებამ პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1,6 პროცენტი).
2014 წლის მაისში 2013 წლის მაისთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2,4 პროცენტი შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 2,6 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,81 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (29,3 პროცენტი). ფასები გაიზარდა ასევე რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (3,7 პროცენტი), შაქარზე, ჯემსა და სხვა ტკბილეულზე (3,0 პროცენტი) და თევზეულზე (2,2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-15,1 პროცენტი);
რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვას, მოცემულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 5,8 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,59 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (8,4 პროცენტი), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (7,7 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (3,8 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფზე ფასებმა მოიმატა 6,4 პროცენტით, რაც მაისის თვის წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე 0,34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმზე (12,2 პროცენტი).







