“საქართველოს სამოქალაქო ავიაცია ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ფრენის უსაფრთხოების წესები არ და ვერ შეიცვლება, ქვეყანაში ხელისუფლებების ცვლის მიუხედავად და ავიასაწარმოების კომერციული ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით” – აცხადებენ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში“.

“სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში” აცხადებენ, რომ უწყება ახორციელებს ფრენის უსაფრთხოების მუდმივ ზედამხედველობასა და კონტროლს და გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს მხოლოდ შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე:
“რაც შეეხება „ეარ კავკასუსისათვის“ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაუქმების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, ის ეფუძნება „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესს“, რომლის თანახმად, სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მიერ საჰაერო ხომალდების არქონა, რომელიც, თავის მხრივ, არის სერტიფიკატის ფლობის ერთ–ერთი აუცილებელი პირობა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, „ეარ კავკასუსის“ ექსპლუატაციაში მყოფ ორივე საჰაერო ხომალდთან დაკავშირებული ლიზინგის ხელშეკრულება შეწყდა მესაკუთრის – “Swift Aircargo Private Limited” LTD-ის მოთხოვნით”.
“სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში” აცხადებენ, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სააგენტოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუ მხარე მას არ ეთანხმება, შესაძლებელია გასაჩივრებულ იქნას როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ასევე, სასამართლოში, რაც განხორცილდა კიდეც კომპანიის წარმომადგენლის მიერ.
ავიაკომპანია “ეარ კავკაზუსის” პრეზიდენტი გიორგი კოდუა აცხადებს, რომ მის კომპანიას სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაბაზარი უსამართლოდ დაატოვებინა და ეკონომიკის ეს სეგმენტი კვლავ მონოპოლისტების ხელშია.
ამის შესახებ გიორგი კოდუამ დღეს “პირიმზის” შენობაში მდებარე “ეარ კავკაზუსის” წარმომადგენლობაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა:
“ეარ კავკაზუსმა ავიაბაზარზე საქმიანობა 2013 წლის ივლისიდან განაახლა. ჩვენი პარტნიორია სინგაპურული “ევრაზია ეარლაინსი”. როცა ავიაკომპანიის სტრუქტურა ბოლომდე ჩამოყალიბდა და ახალი თვითმფრინავები ჩამოვიყვანეთ საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ჩამოგვართვა ლიცენზია და გაგვიუქმა ავიაკომპანია. მივმართავ მთავრობას, პრემიერ–მინისტრს და ეკონომიკის მინისტრს, რომ მიეცეთ უცხოელ ინვესტორებს საქართველოში საქმიანობის უფლება. ჩვენ არ ვითხოვთ ფულად კრედიტებს, ჩვენ ვითხოვთ, რომ ის ინვესტიცია, რაც ჩაიდო ავიაციაში, იყოს დაცული და ინვესტორს ნუ გააქცევენ საქართველოდან.”







