ეკონომიკა

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მფლობელის კავშირები რუსულ კომპანიებთან

27 მაისი, 2014 • • 4904
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მფლობელის კავშირები რუსულ კომპანიებთან

თბილისში წყლის შეზღუდული რესურსების  მართვაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“  მცირე კვლევა ჩაატარა. კვლევამ აჩვენა, რომ “თბილისის წყლის” მფლობელ ოფშიორში რეგისტრირებულ „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზს“ კავშირი აქვს რუს ბიზნესმენებთან. 


თბილისის წყლის პრივატიზაცია, რომელიც წყალს 400 ათას აბონენტს აწვდის,  2008 წელს, “ნაციონალური მოძრობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა. თბილისის წყლის მფლობელი „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზ“ ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიაა (ყოფილი „მულტიპლექს ენერჯი ლიმიტედი“). თავად „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზს“ ორიაქციონერი ჰყავს – Sirius Private Equity Fund და US Utilities – და ორივე, როგორც ირკვევა, ფიქტიური ოფშორული კომპანიაა. 


საჯარო რეესტრის დოკუმენტებში GWP-ის ბენეფიციარი მესაკუთრეები არ ფიქსირდება,[1] თუმცა  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ კომპანიის მფლობელობის რამდენიმე ქართველ და რუს ბიზნესმენთან დაკავშირება შეძლო.[2]

 

კავშირები რუსულ კომპანიებთან


საქართველოს საჯარო რეესტრის უახლეს ჩანაწერებში „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზ“-ის დირექტორად სამი პირი ფიგურირებს: გოჩა მეგრელიძე, მიხაილ ტუზოვი და ვლადიმირ კოზინი.

 

ამ უკანასკნელის ბიზნესინტერესების შესახებ ინფორმაცია საჯარო წყაროებში არ მოიპოვება, ხოლო დანარჩენი ორი პირი (გოჩა მეგრელიძე და მიხაილ ტუზოვი) სხვადასხვა დროს  „ინტერ რაოს“ შვილობილ კომპანიებში მუშაობდა. „ინტერ რაო“ რუსული ენერგოკომპანიაა, რომელიც საქართველოში „თელასსა“ და კიდევ სამ ელექტროსადგურს (მტკვარი,ხრამი 1 და ხრამი 2) ფლობს.

 

პრივატიზაციისას „ინტერ რაოს“ წარმოშობით უკრაინელი ბიზნესმენი ანდრეი რაპაპორტი მართავდა. ამჟამად რაპაპორტი ანატოლი ჩუბაისის მმართველობაში მყოფი რუსული სახელმწიფო კომპანია Rusnano-ს აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა. მას GWP-თან კავშირი არასოდეს დაუდასტურებია, თუმცა ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში იგი GWP-ის მფლობელად მოიხსენია.

 

მიხაილ ტუზოვი ანდრეი რაპაპორტის დიდი ხნის პარტნიორია. რუსეთის საიალქნო კლუბის საიტზე მის შესახებ განთავსებულ ინფორმაციაში მიხეილ ტუზოვი ОАО РАО ЕЭС России-ს (რომელსაც რეფორმის შედეგად „ინტერ რაო” გამოეყო) ყოფილ თანამშრომლად სახელდება. ტუზოვი და რაპოპორტი რუსეთის მიერ ქვეყნის ელექტრორესურსების მართვის მიზნით შექმნილი სახელმწიფო კომპანია FSK-EES-ის დირექტორთა საბჭოს წევრებიც იყვნენ.

 

გოჩა მეგრელიძე 2000–2003  წლებში სახელმწიფო კანცელარიაში ფისკალური პოლიტიკისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილების უფროსად მუშაობდა, ხოლო 2004 წელს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. “ინტერ რაოს” 2007 წლის ფინანსური აქტივების ანგარიშში გოჩა მეგრელიძე „ინტერ რაოს“ თურქეთში მოქმედი ერთ-ერთი შვილობილი კომპანია TGR Energy-ს გამგეობის წევრად სახელდება.


კავშირები ქართულ კომპანიებთან


ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და გოჩა მეგრელიძის ყოფილი უფროსი გიორგი გაჩეჩილაძე 2014 წლის აპრილში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ დირექტორად დაინიშნა. მეგრელიძე და გაჩეჩილაძე ერთობლივად ფლობენ შპს „შარდენი 11“-ს.


“GWP-ის საკუთრების თაობაზე არსებული უფრო ადრეული კვლევები გვაფიქრებინებს, რომ გიორგი გაჩეჩილაძე და მისი ბიზნესპარტნიორი ლევან კაჭარავა ასევე იყვნენ ჩართულნი პრივატიზაციაში” – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს კვლევაში.  


მწვანე ალტერნატივის 2010 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობამ შვეიცარიაში დარეგისტრირებული სუბიექტი „მულტიპლექს სოლუშენსი“ პრივატიზაციისპროცესში გამარჯვებულად გამოაცხადა. კომპანიამ წყლის სადისტრიბუციო ქსელის რეაბილიტაციაში 350 მილიონი დოლარის ინვესტიციის განახორციელების ვალდებულება აიღო. ორგანიზაცია აღნიშნავდა, რომ „მულტიპლექს სოლუშენსს“ საქართველოში დარეგისტრირებული შვილობილი კომპანია ჰყავდა, რომელსაც სხვადასხვა დროს გიორგი გაჩეჩილაძე და ლევან კაჭარავა ხელმძღვანელობდნენ.

 

2009 წლის ივლისიდან დეკემბრამდე კომპანიის დირექტორის მოვალეობას სოფლის მეურნეობის ამჟამინდელი მინისტრი შალვა ფიფია ასრულებდა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ მის ბიოგრაფიაში კი მითითებულია, რომ 2008-2009 წლებში ფიფია Multiplex Holding Group-ის ფინანსური დირექტორი იყო. საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში არსებული პრივატიზაციის ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ GWP შვეიცარულმა „მულტიპლექს სოლუშენსმა“ კი არ იყიდა, არამედ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებულმა „მულტიპლექს ენერჯი ლიმიტედმა“.

 

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო გამოთქვამს ეჭვს, რომ „მულტიპლექს სოლუშენსი“მთავრობამ ყურადღების გადატანის მიზნით გამოიყენა, რომ შეუმჩნეველი გაეხადა პრივატიზაციის პროცესში ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული სუპიექტის მონაწილეობა.

მედია საშუალებების ცნობით, „ტილიკას” მეტსახელით ცნობილი ლევან კაჭარავა „სილქროუდ ჯგუფის“ უკან მდგომი ძირითადი აქციონერის გიორგი რამიშვილის მეგობარი იყო.


კაჭარავა და რამიშვილი მართლაც არიან ბიზნესპარტნიორები რამდენიმე კომპანიაში, კერძოდ, „ოლ სიზონს რიზორტსში“ და შპს k.l.g-ში. იმავდროულად, ისინი სს „სასტუმროივერიის” (რედისონი) გამგეობის წევრებიც არიან.

 

„მულტიპლექს სოლუშენსის“ მისამართი ჟენევაში პლას დე ლა ფუსტერი 9 –11 (Place de la Fusterie 9 – 11) იყო (შვეიცარიის ბიზნეს რეესტრში თავდაპირველად კომპანიის მისამართად ეს მდებარეობა იყო მითითებული, თუმცა ამჟამად კომპანია აღარ იძებნება).

 

„სილქ როუდ ჯგუფის“ საიტიდან ვგებულობთ, რომ ამ კომპანიასაც აქვს ოფისი შვეიცარიაში, რომელიც Silk Road Group (Suisse) SA-ის სახელითაა რეგისტრირებული. ეს ოფისი იმავე მისამართზე მდებარეობს, რომელზეც ადრე „მულტიპლექს სოლუშენსი“ იყო რეგისტრირებული, ანუ: ჟენევა, პლას დე ლა ფუსტერი 9 –11. „მულტიპლექს სოლუშენსაც“ და Silk Road Group (Suisse) SA-საც ერთი და იგივე დირექტორი იორგ (Jürg) იონერი ჰყავდათ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ წერილობით მიმართა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია და ზემოთ ნაჩვენები კავშირების დადასტურება სთხოვა. GWP-ის დირექტორმა ალექსეი კუზნეცოვმა არასამთავრობო ორგანიზაციას უპასუხა, რომ კომპანიას ამგვარი ინფორმაცია არ გააჩნია.

 

gwp
gwp

 

მასალების გადაბეჭდვის წესი