კორეის წყლის რესურსების კორპორაცია საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კორეის წყლის რესურსების კორპორაციის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა.
კორეის წყლის რესურსების კორპორაცია დაინტერესებულია ჰიდროენერგეტიკული პროექტით– „ნენსკრა ჰესი“, რომელიც მდინარე ნენსკრაზე, ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, სვანეთის რეგიონში უნდა განხორციელდეს.
კორპორაციის პრეზიდენტმა გეუნ ჩოიმ საქართველოს პრემიერ–მინისტრს პროექტის პრეზენტაცია წარუდგინა. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 760 მილიონი აშშ დოლარია.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ Overseas Business Division- ის ვიცეპრეზიდენტი ჰეიჯინ იანი, კორპორაციის ფინანსური დირექტორი ტექმან სეო, უფროსი მენეჯერი ბიანგი ქიმი, უფროსი მენეჯერი იანტაქ ჩოი, “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე.
“მდინარე ნენსკრაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა არ გამოიწვევს ისეთ სტანდარტულ პრობლემებს, როგორიც არის მოსახლეობის გასახლება, დასახლებული ტერიტორიის დატბორვა და ასე შემდეგ” – აცხადებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე.

210 მეგავატი სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის წლიური გამომუშავება 1.3 მილიარდი კვტ/საათი იქნება და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ქართულ ბაზარს შემოდგომა-ზამთარში უწყვეტი გარანტირებული ელექტროენერგიით მოამარაგებს, ხოლო ზაფხულში მაქსიმალურ ექსპორტს უზრუნველყოფს.
პროექტის მრჩეველია IFC (მსოფლიო ბანკი,), ხოლო მთლიანი საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 600 მლნ. აშშ. დოლარია.
კორეული K Water-ი ფლობს 20 მლრდ აშშ დოლარის ჯამურ აქტივებს და მისი წლიური ბრუნვა შეადგენს 1.7 მლრდ აშშ დოლარს. დაარსების დღიდან, 1967 წლიდან, KWater–ი ახორციელებს ეროვნული წყლის რესურსების მართვას და უზრუნველყოფს კორეის დიდი ნაწილის წყალმომარაგებას. იგი ასევე ფლობს კაშხლებს, ნაპირდამცავს, წყალმომარაგების სისტემებს და ნაგებობებს. K Water-ი, გარდა კორეისა, ახორციელებს საერთაშორისო პროექტებს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის: კოლუმბიაში, ინდოეთში, ავღანეთში, ჩინეთსა და პაკისტანში.
სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 პროცენტს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს. ფონდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საინვესტიციო მიმართულებებთან ერთად,ამ სახელმწიფო სტრატეგიული აქციების სწორი კორპორატიული მართვა.







