აღნიშნული ოთხწლიანი თანამშრომლობის პროგრამა ქვეყანას სიღარიბის შემცირების და საერთო კეთილდღეობის ზრდის საქმეში მდგრადი შედეგების მიღწევაში დაეხმარება.
ახალი სტრატეგიის მიხედვით მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ დაახლოებით 1.2 მილიარდი ა.შ.შ. დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება იქნება გამოყოფილი, რომელიც რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხებისგან, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC-ის) ინვესტიციებისა და მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს მიერ გაცემული დაზღვევისგან შედგება.
„მსოფლიო ბანკის ჯგუფის მხარდაჭერის მიზანია ქვეყანას საშუალება მიეცეს, გამოიყენოს მის წინაშე არსებული შესაძლებლობები ეკონომიკური ზრდის, დასაქმებისა და ინკლუზიის კუთხით,“ განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ჰენრი ქერალიმ.
„საქართველოს, რომელიც ევროპის და აზიის დამაკავშირებელი სტრატეგიული დერეფნის გასწვრივ მდებარეობს, განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია განახლებადი ენერგიის, ტურიზმისა და უფრო მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების კუთხით. საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგია მხარს უჭერს მთავრობის პროგრამას, რომელიც სახელმწიფო მომსახურების ეფექტურად და სტაბილურად მიწოდების გაუმჯობესებას ეხება. განსაკუთრებით, განათლების, ჯანდაცვის და სხვა სოციალური მომსახურების სფეროში, რათა საქართველოში სიღარიბის საგრძნობი შემცირება და კეთილღეობის გაზრდა მოხდეს“.
IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, კვლავ გააგრძელებს საინვესტიციო და საკონსულტაციო პროექტებს, რომელთა პრიორიტეტი მცირე ბიზნესისთვის საჭირო დაფინანსების წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, კონკურენტუნარიანი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობა, ასევე აგრობიზნესის და განახლებადი ენერგიის განვითარებაა.
„ჩვენი აზრით, ყოვლისმომცველი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის საუკეთესო საშუალება სამუშაო ადგილების შექმნაა, რაც საქართველოში ძირითადად კერძო სექტორის მიერ უნდა განხორციელდეს“, განაცხადა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში თომას ლუბეკმა.
„შესაბამისად, IFC იმ სფეროებში მოღვაწე კერძო კომპანიებს გაუწევს დახმარებას, რომლებშიც ქვეყანას კონკურენტული უპირატესობა გააჩნია.“
მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტო გააგრძელებს ფინანსურ სექტორში მის მიერ წარმოებული სამი აქტიური პროექტის მხარდაჭერას. გარდა ამისა, სააგენტო საკუთარი საქმიანობის გაფართოებისთვის სხვა შესაძლებლობების ძებნას აქტიურად განაგრძობს. განსაკუთრებით ეს ჰიდროელექტროენერგიის გამომუშავებას ეხება.
საქართველო 1992 წელს მსოფლიო ბანკის წევრი გახდა. 12 წლის მანძილზე ქვეყანაში მთლიანობაში 1.95 მილიარდი ა.შ.შ. დოლარის ოდენობის 57 პროექტი განხორციელდა. აღნიშნული თანხები საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტებისა და გრანტების, ასევე, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ გამოყოფილი სესხების სახით იქნა გაცემული. მიმდინარე პორტფელი შვიდი საინვესტიციო პროექტისგან შედგება, რომელთა საერთო ღირებულება 600 მილიონ ა.შ.შ. დოლარს შეადგენს, და რომლებიც განვითარების პოლიტიკის ერთ ღონისძიებას და შერჩეულ საინვესტიციო პორტფელსაც მოიცავს.
საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა. მას შემდეგ IFC-ის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციებმა საქართველოში 695 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა სხვადასხვა სექტორის 57 პროექტში. ამ ინვესტიციებმა ასევე ხელი შეუწყო რეგიონული პროექტების განხორციელებას ქვეყანაში. გარდა ამისა, IFC-ის საკონსულტაციო პროექტები კერძო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს.







