ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა კონკრეტულად რა ფუნქციას შეასრულებს კვირიკაშვილის მეხუთე მოადგილე, არ საუბრობენ.
ირმა ქავთარაძემ “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტროში საქმიანობას რამდენიმე დღეში შეუდგება: “ჯერ სამინისტროში არ მივსულვარ, რა მიმართულებით შევუდგები საქმიანობას, ამ თემაზე ჩამოყალიბების პროცესში ვარ.”
ირმა ქავთარაძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად მუშაობდა. სს „საპარტნიორო ფონდი“ კორპორაციის აქციათა 100%-ის მფლობელია.

2004–2011 წლებში ირმა ქავთარაძე საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში კომისიის წევრის თანამდებობას იკავებდა.
სახელმწიფო სამსახურში ირმა ქავთარაძე 1998–2001 წლებში მუშაობდა.
მას საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.
2001 წელს ქავთარაძე PA Consulting, ნავთობისა და გაზის პროექტში მენეჯერის მოადგილედ მუშაობდა.
ეკონომიკის მინისტრს 2014 წლის 1 მაისამდე 4 მოადგილე ჰყავდა. გიორგი კვირიკაშვილის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილია. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის სავარძლებს მიხეილ ჯანელიძე, ნათია მიქელაძე და ქეთევან ბოჭორიშვილი იკავებენ.
