ეკონომიკა

ყაზახეთთან სახელმწიფო და “ყაზტრანსგაზის” ვალის მოცულობა სადავოა

29 აპრილი, 2014 • • 1046
ყაზახეთთან სახელმწიფო და “ყაზტრანსგაზის” ვალის მოცულობა სადავოა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის და ვიცეპრემიერის, კახი კალაძის განცხადებით კი,  სამინისტრო მზად არის იმისთვის, რომ “ყაზტრანსგაზში” ყაზახური მენეჯმენტი დაბრუნდეს. 


“მენეჯმენტის დაბრუნებაზე მე არაერთხელ გავაკეთე განცხადება, ჩვენ მზად ვართ დავუბრუნოთ კომპანია ყაზახურ მხარეს, არის გასარკვევი ფინანსების თემა, ვალებს ვგულისხმობ და ეს ალბათ ფინანსთა სამინისტროსთან გაირკვევა. ჩვენ, ფინანსთა სამინისტრო, მზად ვართ, კომპანია დავუბრუნოთ ყაზახურ მხარეს” –განაცხადა კახა კალაძემ დღეს, სასტუმრო “რედისონში” ახალი ენერგოპროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ.

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

თბილისში ყაზახური მხარის ვიზიტი უახლოეს დღეებში იგეგმემა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, ყაზახურ მხარესთან ვალის მოცულობის საკითხი ჯერ გარკვეული არ არის: 


“ვმუშაობთ ამასთან დაკავშირებით. მე მექნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიციის დაფიქსირების საშუალება ყაზახურ მხარესთან. ვიცი, რომ მზადდება მათი ვიზიტი საქართველოში. ორი მიმართულებით ვმუშაობთ: ერთი ეს არის საქართველოს სახელმწიფოს ვალი ყაზახურ მხარესთან და მეორე არის კომპანიის ვალი საქართველოს სახელმწიფოს წინაშე. სხვადასხვა ციფრებია და ჯერჯერობით ამაზე ვერ შევთანხმდით. რადგან დათვლის სხვადასხვა მექანიზმი არსებობს: ჩვენ ვალს ვითვლით პარიზის კლუბის წესების შესაბამისად, რისი ვალდებულებაც გვაქვს. ყაზახური მხარე არ აღიარებს პარიზის კლუბის ვალდებულებას. ამიტომ ცხადია, რომ საჭიროა მოლაპარაკებები. დამატებით ციფრებს მოგვიანებით მოგაწვდით.”   


“ყაზტრანსგაზში” ქართული მენეჯმენტი 2010 წელს შევიდა. 


საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ 2013 წლის ნოემბერში ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განაცხადა, რომ მთავრობამ ჯერ კიდევ გაზაფხულზე მიიღო “თბილგაზის” ყაზახური მხარისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება, თუმცა, მისი თქმით, პრობლემები უკავშირდება ვალების თემას:

 

“თვითონ ამ ქართულ კომპანიას აქვს ყაზახეთში დედა კომპანიის ვალი 140 მილიონი. ასევე, აქვს ფინანსთა სამინისტროს ვალი 35 მილიონი. ჩვენ გვაქვს ყაზახური სახელმწიფოს ვალი, სადღაც 35 მილიონი. ეს უნდა მოაგვაროს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. არ ვიცი, მოხდება გაქვითვა თუ სხვა შეთანხმება ვალებთან დაკავშირებით. ჩვენ მიცემული გვაქვს უკვე თანხმობა იმასთან დაკავშირებით, რომ დაიბრუნონ ის კომპანია. ახლა არის დროებითი მმართველი და ვმართავთ ჩვენ. მზად ვართ გადავცეთ. ჩამოვა დელეგაცია და მზად ვართ არჩევნების მერე გადავცეთ და დაიბრუნებენ ამ კომპანიას”, – განაცხადა კალაძემ.


ყაზახეთის ელჩის, ერმუხამედ ერთისბაევის ინტერვიუს თანახმად, რომელიც მან “ნეტგაზეტს” 2013 წლის ნოემბერში მისცა, საქართველოს ვალი ყაზახეთის წინაშე 55 მილიონი დოლარია


“მე, უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ როცა 2005 წელს შედგა ყაზახეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, მაშინ საქართველომ აიღო ვალი ყაზახთისგან 25 მილიონი დოლარი. 2005 წლის და 2013 წლის დოლარს შორის განსხვავებაა. ეს ყველაფერი დათვლადია. ამიტომ მუშაობენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში პასუხისმგებელი თანამშრომლები. მხარეებს შორის 6 თვის წინ მიდიოდა ინტენსიური მოლაპარაკებები. ქართული მხარე ამბობდა, რომ ვალი არის 40 მილიონი დოლარი, ხოლო ყაზახური მხარე აცხადებდა, რომ ვალი 55 მილიონი აშშ დოლარია. ეს საკითხი არის მოლაპარაკების საგანი.” 

 

საქართველოს ფიანანსთა სამინისტროს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ყაზახეთთან მიმართებაში სახელმწიფო ვალი 2014 წლის მარტის მდგომარეობით 27,774 მლნ აშშ დოლარია.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი