მისივე განმარტებით, ქარხანამ უნდა აწარმოოს განსაკუთრებული ტექნიკური მახასიათებლების ისეთი კლასის ცემენტი, რომელიც შეესაბამება საშუალო და დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ევროპულ სტანდარტებს.

“საქართველოში მსოფლიოს ლიდერი კომპანიების შემოსვლა, მათი დაინტერესება მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანა ინვესტორებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება და ჩვენთან ბიზნესისათვის ხელსაყრელი და ჯანსაღი გარემოა. ამ მასშტაბის პროექტის განხორციელება საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისასალმებელია, რომ ქართულმა კომპანიამ, “ლიდერ ცემენტმა” შეძლო პარტნიორული ურთიერთობების დამყარება გიგანტკომპანია “ლაფერჟთან”, კომპანიასთან, რომელსაც სამშენებლო მასალების წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ფლობს უნიკალურ ცოდნასა და გამოცდილებას და ცნობილია ბიზნესის მდგრადი განვითარებით, ინოვაციური პროდუქტების შექმნითა და უმაღლესი სტანდარტის ცემენტის წარმოებით. სწორედ ასეთი კომპანიების შემოსვლა და მათი პარტნიორობით განხორციელებული პროექტები ხელს შეუწყობს და სტიმულს მისცემს საქართველოში წარმოების განვითარებას და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობას” –განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
“იმპორტული ცემენტის ჩანაცვლება ადგილობრივი პროდუქტით და ცემენტის ბაზარზე საქართველოში ნაწარმოები პროდუქციის გამოჩენა გაზრდის ბაზრის კონკურენტუნარიანობას და ამავდროულად ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტიმულირებას. როგორც გვიპრდებიან, ქარხანა 2015 წლის ზაფხულისთვის სრული სიმძლავრით უნდა ამოქმედდეს და დაიწყოს ქართული ცემენტის გამოშვება და რეალიზაცია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ქარხანაში ძირითადად დასაქმდება ადგილობრივი მუშახელი. ამჟამად მშენებლობაზე დასაქმებულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება. მისასალმებელია ისიც, რომ ქარხნის მშენებლობის პროცესში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი სამშენებლო და საგზაო კომპანიები. ქარხნის მშენებლობა და მისი ექსპლუატაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. ასეთი მაღალი კლასის საერთაშორისო საინჟინრო კომპანიის მონაწილეობა პროექტში იქნება იმის გარანტია, რომ ქართველი ინჟინრები გაიზიარებენ საერთაშორისო გამოცდილებას, გაიზრდება მაღალკვალიფიციური კადრები, ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს ქვეყანაში მშენებლობაში ევროპული სტანდარტებისა და ხარისხის დამკვიდრებას”, – აღნიშნა პრემიერმა.








