კომპანია LAFARGE–ს აღმასრულებელ დირექტორს, ბრუნო ლაფონტს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წელს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფოთში თანამედროვე ცემენტის ქარხნის მშენებლობის პროექტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
დავოსში შეხვედრიდან 3 თვის შემდეგ, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური საწარმოს პროექტის პრეზენტაცია დღეს თბილისში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იქნება.
პრემიერის განმარტებით, სამშენებლო კომპანიებს საშუალება მიეცემათ, მშენებლობის დროს გამოიყენონ ადგილობრივი წარმოების მაღალი ხარისხის ცემენტი და ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული იმპორტზე. ასევე, ქვეყანაში საგრძნობლად გაუმჯობესდება მშენებლობის ხარისხი და რეგიონში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.
„ლიდერ ცემენტის“ და კომპანია LAFARGE-ს ერთობლივი პროექტის თანახმად, ფოთში 40 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცემენტის ქარხანა შენდება, რომლის წარმოების დადგმული სიმძლავრე წელიწადში 250 000 ტონა ცემენტი იქნება. მშენებლობაზე 40 ადამიანი მუშაობს. ქარხნის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი 50 ადგილობრივი დასაქმდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა პირველი ეტაპისთვის 10 მილიონი აშშ დოლარია.