ფორუმი აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ერთად იმართება. ფორუმში მონაწილეობენ ADB-ის წევრი ქვეყნების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც გამოცდილება აქვთ სახელმწიფო ვალის მართვის სფეროში.

23 აპრილს ფორუმი გახსნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
„მნიშვნელოვანია, რომ სამი დღის განმავლობაში ვისაუბრებთ სახელმწიფო ვალის მდგრადობის საკითხზე, განვიხილავთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითს, ვისაუბრებთ ვალის მართვის ინსტრუმენტებზე. ვფიქრობ, დისკუსია იქნება ძალიან საინტერესო, მათ შორის, საქართველოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სახელმწიფო ვალის ზღვრული მაჩვენებლები სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით არ არის მაღალი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ მდგრადი სახელმწიფო ვალი და ჩვენი პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ ვალის შემცირებით მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი ზრდა,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
„გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ აქტუალური გახდა ვალის მართვის საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია ეკონომიკიური სტაბილურობისა და ფინანსური კრიზისის პრევენციისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, აზიის განვითარების ბანკის რეგიონალური ფორუმი, რომელიც წელს საქართველოში იმართება, ხელს შეუწყობს რეგიონში ვალის მართვის უკეთესი პრაქტიკის დანერგვას და შესაძლებლობას მისცემს დელეგატებს, ერთმანეთს გაუზიარონ მოსაზრებები და გამოცდილება,“ – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ხაზინის უფროსის მოადგილემ კაზუკი ფუკუნაგამ.
ფორუმი მიზნად ისახავს რეგიონის ქვეყნების სახელმწიფო ვალის მმართველებს შორის დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას. 3 დღის განმავლობაში დაგეგმილია 13 სესიის ჩატარება და თითოეული მათგანი მიეძღვნება კონკრეტულ მიმართულებებს. განხილული იქნება შემდეგი საკითხები: სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია და სახელმწიფო ვალის მდგრადობის ანალიზი, რისკების მართვა, ცენტრალური ბანკის ხედვა ვალისა და მონეტარული პოლიტიკის საკითხებში, გლობალური და რეგიონალური ეკონომიკის მდგრადობის მიმოხილვა, სახელმწიფო და კერძო კომპანიების თანამშრომლობა, პირობითი ვალდებულებების მონიტორინგი, ადგილობრივ ვალუტაში გამოსაშვები ობლიგაციების ბაზრების განვითარება.
