ეკონომიკა

“Philips”-ი თბილისში სერვისცენტრს ხსნის

22 აპრილი, 2014 • • 1146
“Philips”-ი თბილისში  სერვისცენტრს ხსნის

ROYAL PHILIPS–მა ამიერკავკასიაში რეგიონალური ოფისის გახსნა 2014 წლის იანვარში, საქართველოს პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტა. ირაკლი ღარიბაშვილი ჰარი ჰენდრიკს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა. 

 


კომპანია საქართველოს ბაზარზე შემოსვლას 2013 წელს დავოსში პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განიხილავდა და საბოლოოდ საქართველოში სერვისცენტრის გახსნა გადაწყვიტა, რომელიც არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც კომპანიის პროდუქციის დისტრიბუციას და სერვისებით მოემსახურებას უზრუნველყოფს.

“Philips”-ის თბილისის ოფისი ორიენტირებული იქნება ისეთ სერვისებსა და მომსახურებებზე, როგორებიცაა ენერგოეფექტური განათების სისტემები, ინოვაციური ჯანდაცვა და სამომხმარებლო პროდუქცია.

 

როგორც პრემიერმა შეხვედრისას აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი სწორედ ასეთი ინვესტიციების მოზიდვაა, რადგანაც მსოფლიო მნიშვნელობის წამყვანი კომპანიების საქართველოში შემოსვლა მისი ჰაბური ტიპის ეკონომიკად ჩამოყალიბებასს უწყობს ხელს.

 
„საქართველო გვთავაზობს ძალიან სტაბილურ პოლიტიკურ კლიმატს და ძალიან კარგ საინვესტიციო გარემოს. ეს არის გარკვეულწილად რეგიონალური ჰაბი და მოუთმენლად ველით საქართველოში ჩვენი რეგიონალური ცენტრის გახსნას, რომელიც გააუმჯობესებს ადამიანების ცხოვრებას ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით, ასევე, ქვეყნის ენერგოეფექტურობას. ქართველი ხალხის მეგობრულობის შესახებ ბევრი წამიკითხავს. საქართველოში ძალიან დიდი სტუმართმოყვარეობა ვნახე, რაც ნამდვილად შესანიშნავია“, – განაცხადა ჰარი ჰენდრიკსმა.

მულტინაციონალური კომპანია „Philips”-ის არჩევანი, გახსნას მისი რეგინალური ცენტრი საქართველოში და არა სხვა მეზობელ ქვეყანაში, მოწმობს იმას, რომ ასეთ წარმატებულ კომპანიას აქვს საქართველოს განვითარებისა და სტაბილურობის რწმენა.

ჰოლანდიური მულტინაციონალური კომპანია „Royal Philips”-ი 1891 წელს დაარსდა და დღეს მსოფლიო ბაზრებზე დივსრეიფიცირებული ტექნოლოგიების ისეთ სექტორებში ლიდერობს, როგორებიცაა ჯანდაცვის ტექნოლოგიები, განათების ინოვაციური სისტემები და სამომხმარებლო საყოფაცხოვრებო ტექნიკა.


2013 წელს კომპანიის გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 23.3 მილიარდი ევრო შეადგინა და ის დღეისათვის 100-ზე მეტ ქვეყანაში 115,000 თანამშრომელს ასაქმებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი