ეკონომიკა

მსხვილი მედიასაშუალებების მფლობელების გავლენიანი კავშირები და ინტერესები

16 აპრილი, 2014 •
მსხვილი მედიასაშუალებების მფლობელების გავლენიანი კავშირები და ინტერესები

კვლევის მიზანია წარმოაჩინოს წამყვანი ქართული მედიასაშუალებების მფლობელების გავლენიანი კავშირები და კორპორატიული ინტერესები, რადგან აუდიტორიას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ფლობს ქართულ მედიას და სხვა რომელი კომპანიები ასოცირდებიან ამა თუ იმ მედიასაშუალებასთან.


ანგარიშში მოცემული ინფორმაცია მაყურებელს, მკითხველსა თუ მსმენელს საშუალებას მისცემს უკეთ ამოიცნოს კონკრეტული მედიასაშუალების მიკერძოებული გაშუქების მაგალითები. მნიშვნელოვანია, რომ აუდიტორიას ამომწურავი ინფორმაცია ქონდეს არა მხოლოდ პოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ გავლენებზე, არამედ კორპორატიულ ინტერესებზეც, რომლებსაც შესაძლოა ეს მედიასაშუალება ემსახურებოდეს.

კვლევის მთავარი მიგნებები: კვლევაში 20-ზე მეტი სამაუწყებლო, ბეჭდური და ონლაინ მედიასაშუალების მფლობელობის საკითხია განხილული. მათი უმეტესობის მფლობელობა გამჭვირვალეა. რამდენიმე მედიასაშუალების მესაკუთრეს აქვს ან გარკვეულ ეტაპზე ჰქონდა კავშირი მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“, ან ამჟამად ოპოზიციაში მყოფ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“. თუმცა დღეისათვის, როგორც საკუთრების გამჭვირვალობის, ისე მედიაზე პოლიტიკური კონტროლის თვალსაზრისით ბევრი რამ უკეთესობისკენ არის შეცვლილი 2012 წლამდე პერიოდთან შედარებით. აქ გასათვალისწინებელია 2011 წელს კანონში შეტანილი ცვლილებები  ოფშორში რეგისტრირებული კომპანიებისთვის სამაუწყებლო ლიცენზიების ფლობის აეკრძალვასთან დაკავშირებით, რაც მედიის მფლობელობის გამჭვირვალობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. მედიააქტივებს საქართველოში რამდენიმე მსხვილი ბიზნესმენი ფლობს:


ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი მფლობელი ლევან ყარამანიშვილი ოფშორული სუბიექტების მეშვეობით წილებს ფლობს მობილურ ოპერატორ „ბილაინში“. მასვე უკავშირდება ინტერნეტ პროვაიდერ „კავკასუს ონლაინის“ მფლობელობა.

პატარკაციშვილების ოჯახის (ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელები) საკუთრებაშია საქართველოში რამდენიმე მსხვილი აქტივი, რომელთა შორისაცაა მობილური ოპერატორი „მაგთიკომი“, მინერალური წყალი „ბორჯომი“ და მთაწმინდის პარკი. ოჯახს ამჟამად რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით ჯოზეფ ქეისთან დავა აქვს.

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, რომლის ვაჟი ბერა ივანიშვილიც გასართობ ტელევიზია GDS-ს ფლობს, რიგი ოფშორული კომპანიები უკავშირდება, რომლებსაც ოჯახის ნათესავები მართავენ.

კახა ოქუაშვილი, რომელსაც ცოტა ხნის წინ მაუწყებლობის ლიცენზია დაუბრუნდა (ტელეკომპანია „იბერია“), „ომეგა“ ჯგუფის დამფუძნებელია. „ომეგა“ ჯგუფი ახორცილებს სიგარეტების წარმოებასა და დისტრიბუციას და არის BMW-ს დისტრიბუტორიც.

აქტიურ ბიზნესსაქმიანობას ეწევიან „ტაბულას“ ერთ-ერთი მფლობელი კახა ბენდუქიძე და „პირველი სტერეოს“ წილების უმრავლესობის მფლობელი ვასილ კობაიძე.


ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული მფლობელი მხოლოდ ერთ მედიასაშუალებას ჰყავს. საქართველოს კანონმდებლობით მხოლოდ მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია.


 „ტაბულას“ (რომელიც მოიცავს ტელევიზიას, ვებგვერდსა და ყოველთვიურ ჟურნალს) წილების უდიდესი მფლობელი (51%) UCG Green Power-ი პანამური Rylf Management-ის საკუთრებაა. იმ სამაუწყებლო ლიცენზიას, რომელზეც „ტაბულა“ მაუწყებლობს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განათლების ფონდი“ ფლობს.


2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მფლობელები რამდენიმე მედიასაშუალებამ შეიცვალა:


2012 წლის არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ტელეკომპანია „იმედი“ (მისი მფლობელი კომპანია Georgian Media Production Group) ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა. პატარკაციშვილების ოჯახმა კომპანიის კუთვნილი კიდევ ერთი მაუწყებლობის ლიცენზია, რომლითაც აზარტული თამაშების არხი Play TV მაუწყებლობდა, ტელეკომპანია „იბერიას“ გადასცა. (ამ უკანასკნელს „ომეგა“ ჯგუფის მფლობელი ზაზა ოქუაშვილი და მისი მეუღლე ნატო ჩხეიძე ფლობენ.)

TV3-ის (ყოფილი „რეალ ტვ”) წილები სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა კახა ბაინდურაშვილმა და მისმა მოდგილემ ლაშა ჩხენკელმა შეიძინეს, თუმცა 2014 წლის თებერვალში კომისიამ ბანდურაშვილის ინტერესთა კონფლიქტი დაადგინა, რის შემდეგაც მან და ჩხენკელმა წილები დათმეს.

„რუსთავი 2“-ის მფლობელმა ლევან ყარამანიშვილმა და გიორგი გეგეშიძემ დათმეს წილები ტელეკომპანია „მზეში“, რომლის წილების 90%-ის მფლობელიც „პირველი სტერეოს“ დირექტორი ზვიად ამირიძე გახდა. ერთზე მეტ მედიააქტივს ერთდროულად რამდენიმე კომპანია ფლობს, თუმცა ბაზრის კონცენტრაციის საშიშროება არ იკვეთება:


ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ამუშავებს გასართობს არხს „კომედი ტვ“-ის; ტელეკომპანიები „იმედი“ და „მაესტრო“ ფლობენ რადიოსადგურებს;მედია ჰოლდინგი „პალიტრა მედია“ ერთდროულად ფლობს ტელევიზიას, რადიოს, ათეულობით ჟურნალს, გაზეთსა და ვებგვერდს; რადიო ჰოლდინგი „რადიო საქართველო“ ოთხ არხს აერთიანებს („არ დაიდარდო,“ „ფორტუნა,“ „ფორტუნა +“ და „ავტორადიო“). იმავე ოჯახის მფლობელობაშია მუსიკალური არხი Music Box.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი