ეკონომიკა

“საქართველოს განვითარების ბანკი” საინვესტიციო ფონდების ბაზაზე შეიქმნება

9 აპრილი, 2014 •
“საქართველოს განვითარების ბანკი” საინვესტიციო ფონდების ბაზაზე შეიქმნება

ამის შესახებ მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მდივანმა რომან ჩხენკელმა ტელეკომპანია „მაესტროს” განუცხადა.

რომან ჩხენკელის განცხადებით, განვითარების ბანკი არ იქნება კომერციული ბანკების კონკურნეტი:

“სახელმწიფოს გააჩნია რამდენიმე ფონდი. სხვადასხვა უწყებებში განაწილებულია ადამიანური და ფინანსური რესურსები. პირველ ეტაპზე დამუშავების პროცესშია, ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არის, თუმცა საუბარია მათ გაერთიანებაზე და ერთ კონსოლიდირებულ საფინანსო ინსტიტუტად ჩამოყალიბებაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, არანაირ კონკურენციაში არ შევა კომერციულ ბანკებთან. მას არ ექნება არც დეპოზიტების მიღების უფლება და არც ანგარიშსწორების ანგარიშებს არ გახსნის. ეს იქნება სახელმწიფო ფულადი სახსრების კონსოლიდაცია და იმ პროექტების გაგრძელება, რომელიც აქამდე ხორციელდებოდა”, – განაცხადა ჩხენკელმა.

მისი თქმით, გაერთიანების შედეგად, არსებულ ფონდებში დასაქმებულების სამუშაოდან გაშვება არ იგემება და ყველა თავის სამსახურს შეინარჩუნებს.

 

“საქართველოს განვითარების ბანკის” შექმნის ინიციატივა საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ საბჭოს ეკუთვნის. აღნიშნული კანონპროექტი 2014 წლის 4 აპრილის მთავრობის სხდომაზე საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ გაიტანა.  

 

 

 “საქართველოს განვითარების ბანკის’ ხელმძღვანელის თანამდებობაზე დავით საგანელიძის კანდიდატურა განიხილება:”არის ამაზე საუბარი, წინასწარ ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი” – ეს კომენტარი ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მედიასთან გააკეთა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი